Accessibility links

logo-print

ბი-ბი-სი აღიარებს, რომ გარდაცვლილი დოქტორი კელი ინფორმაციის ძირითადი წყარო იყო


დავით პაიჭაძე, პრაღა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიამ, ბი-ბი-სიმ დაადასტურა, რომ დევიდ კელი ინფორმაციის ძირითადი წყარო იყო კომპანიის მიერ ბრიტანეთის მთავრობის დადანაშაულებისას.

შეგახსენებთ, ბი-ბი-სიმ ამა წლის მაისსა და ივნისში იუწყებოდა, რომ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის მოხსენებაში ერაყის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შესახებ ცნობები გაზვიადებული იყო. 59 წლის დოქტორი, მიკრობიოლოგი დევიდ კელი, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი პარასკევს დილით გარდაცვლილი ნახეს ტყეში, მისი სახლიდან ხუთიოდ კილომეტრის მოშორებით. დევიდ კელის მარცხენა მაჯაზე ვენები ჰქონდა გადაჭრილი. შაბათს დილით პოლიციამ განაცხადა, რომ კელიმ თავი მოიკლა. უფრო ვრცლად ამ თემაზე დავით პაიჭაძე გესაუბრებათ.

გამოძიების თანახმად, დევიდ კელიმ თვითმკვლელობის წინ ტკივილგამაყუჩებელი წამალი, კოპროქსიმოლი მიიღო, რომელსაც ბრიტანეთში მხოლოდ რეცეპტით გასცემენ. გამოცემა British Medical Journal-ი წერს, რომ ამ პრეპარატს ქვეყანაში ყოველი მეოცე თვითმკვლელი იყენებს.

20 ივლისს ბი-ბი-სიმ განაცხადა, რომ დევიდ კელი ძირითადი წყარო იყო ინფორმაციისა სადაზვერვო მონაცემების შესახებ, რომელმაც სათავე დაუდო სამაუწყებლო კომპანიისა და ტონი ბლერის მთავრობის დაპირისპირებას. 29 მაისს ჟურნალისტ ენდრიუ გილიგანმა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ერაყის შესახებ მთავრობის მოხსენება, შესაძლოა, შეეცვალათ. ჟურნალისტის თქმით, პრემიერ-მინისტრის უახლოეს თანაშემწეს, ალისტერ კემპბელს, საკუთარი ხელით შეჰქონდა ცვლილებები მოხსენებაში. კერძოდ, მან ჩაწერა, რომ ერაყს 45 წუთში შეუძლია მოემზადოს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისათვის.

[რიჩარდ სემბრუკის ხმა]: “ბი-ბი-სი ღრმად არის დამწუხრებული დევიდ კელის გარდაცვალების გამო. ბევრი ვარაუდი გამოითქვა, იყო თუ არა დოქტორი კელი ენდრიუ გილიგანის პროგრამა “ტუდეი”-ს წყარო 29 მაისს; ჩვენ ვადასტურებთ, რომ დოქტორი კელი იყო როგორც ენდრიუ გილიგანის, ისე სიუზენ უოტის რეპორტაჟების წყარო 2 და 4 ივნისს. ბი-ბი-სი მიიჩნევს, რომ ჩვენ ზუსტად გავიგეთ და გადმოვეცით ფაქტობრივი ინფორმაცია, რომელიც დოქტორ კელისთან ინტერვიუების დროს მოვიპოვეთ”.

ბი-ბი-სის ახალი ამბების დირექტორის, რიჩარდ სემბრუკის ამ განცხადებამ ეჭვი გააჩინა ბი-ბი-სის სანდოობის მიმართ, რადგან სიკვდილამდე ორი დღით ადრე დევიდ კელიმ ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, მძიმე საუბრის, არსებითად, დაკითხვის დროს განუცხადა, რომ ჟურნალისტისათვის არ მიუწოდებია ცნობა, თითქოს მთავრობამ შეცვალა დაზვერვის მოხსენება მასში სადამ ჰუსეინის ქიმიური და ბიოლოგიური პოტენციალის შესახებ გაზვიადებული ცნობების შეტანით. ამავე დროს, კელიმ აღიარა, რომ რეპორტაჟამდე ერთი კვირით ადრე შეხვდა ბი-ბი-სის ჟურნალისტს. დევიდ კელის პარლამენტში დაბარებამდე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ინფორმაციას ბი-ბი-სის სწორედ კელი აწვდიდა.

კელის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მუქარამ და უხეშმა მოპყრობამ დათრგუნა მეცნიერი, რომელიც რბილი კაცი გახლდათ და არ იყო ჩვეული საჯარო ასპარეზს. მათი აზრით, სტრესთან გამკლავება კელიმ მხოლოდ თვითმკვლელობით შეძლო.
XS
SM
MD
LG