Accessibility links

logo-print

როგორ ემზადება ამომრჩეველი არჩევნებისთვის


პოლიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ 2 ნოემბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისთვის. მართალია, პოლიტიკოსები ამასვე ამბობდნენ გასული და იმის წინა არჩევნების დროსაც,

მაგრამ ამჟამინდელი არჩევნების საგანგებო მნიშვნელობას არც საზოგადოება უარყოფს. უახლოეს წელიწად-ნახევარში უნდა შეიცვალოს პარლამენტიც, მთავრობაც და პრეზიდენტიც. ეს ხანგრძლივი პროცესი კი მიმდინარე წლის 2 ნოემბერს იწყება.

როგორ ემზადება ამომრჩეველი ამ საპასუხისმგებლო ეტაპისთვის?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ორ ნოემბერს პოლიტიკური ბაზარი გაცილებით მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს საქართველოს მოსახლეობას, ვიდრე ოდესმე. არის თუ არა რიგითი მოქალაქე მზად ისეთი არჩევანის გასაკეთებლად, როგორიც ზედმიწევნით შეესაბამება მის პოლიტიკურ გემოვნებას?

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესით და სხვადასხვა სერიოზული საქმით დაკავებული ადამიანები ფასიან კონსულტაციებს იღებენ არჩევნების წინ, რათა ზუსტად გაარკვიონ, ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, ესა თუ ის კანდიდატი რას ჰპირდება ამომრჩეველს. ძველი დემოკრატიის ქვეყნებში საარჩევნო პროგრამებში გარკვევა თითოეული ამომრჩევლის პასუხისმგებლობის სფეროა.

საქართველოსთვის შორს არის ის რეალობა, როცა ვინმე ფულს გადაიხდის საარჩევნო პროგრამების ნიუანსებში გასარკვევად. სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს შედარებით იაფფასიანი გაზეთები და უფასო ტელეარხები, საიდანაც უწყვეტად მოედინება პოლიტიკური შინაარსის ინფორმაცია. საზოგადოება სწორედ პრესის მეშვეობით იყალიბებს აზრს პოლიტიკურ ძალებსა და ლიდერზე. საღამოს და ღამის საინფორმაციო პროგრამები პოლიტიკით დაინტერესებულ წრეს დიდებულად ამზადებს არჩევანის გასაკეთებლად.

საყოველთაოდ მიღებულია, რომ არჩევნების წინ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პოლიტიკური რეკლამა. ამ საქმეში საკმაოდ დიდი თანხები იდება. მაგრამ პოლიტიკურად აქტიურ საზოგადოებაში საარჩევნო რეკლამის მნიშვნელობა კნინდება. სტანდარტული სარეკლამო რგოლი დაახლოებით 60 წამს მოიცავს. ეს დრო საკმარისია მხოლოდ იმისათვის, რომ ტელემაყურებელს უკვე ჩამოყალიბებული შეხედულებები განუმტკიცდეს. როდესაც წამყვან პარტიათა ლიდერები საათობით საუბრობენ პირდაპირ ეთერში და დებატებში საკუთარ თავს დაუღალავად წარმოაჩენენ, ცხადია, 60 წამიანი რეკლამა, რაგინდ ეფექტური და რაგინდ ხშირად გამეორებული, მოქალაქის არჩევანს ვერ შეცვლის. ამიტომ ქართულ სინამდვილეში პოლიტიკური რეკლამა მანიპულაციის იარაღად ნაკლებად გამოდგება. იგი, ჩვეულებრივ, განკუთვნილია საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც არც გაზეთებს კითხულობს, არც საინფორმაციო პროგრამებს ადევნებს თვალყურს და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც თავს არიდებს პოლიტიკაზე საუბარს. ასეთი კი ქარველ ამომრჩეველთა შორის თითქმის არ არსებობს. ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური არჩევანის გაკეთება თავის სამოქალაქო მოვალეობად მიაჩნიათ, პირველწყაროდან და უწყვეტად არიან ინფორმირებული პოლიტიკური პროცესისა და მისი სუბიექტების შესახებ.
XS
SM
MD
LG