Accessibility links

პარლამენტში მორიგი კრიზისია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პარლამენტში მორიგი კრიზისია: 21 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე კვორუმი კვლავ არ შედგა, თუმცა დარბაზში პარლამენტართა სიმცირე ნამდვილად არ შეინიშნებოდა.

ამჯერად რეგისტრაციაში არ გატარდნენ ბლოკ ”აღორძინებაში” შემავალი პოლიტიკური ძალები. ისინი ასეთი ფორმით გამოთქვამენ პროტესტს იმის გამო, რომ ოპოზიციურმა ფრაქციებმა უგილებელყვეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით ბათუმური ბლოკის მოთხოვნა.

მოლოდინის მიუხედავად, 21 ივლისს პარლამენტმა თვის რიგგარეშე სხდომაზეც ვერ შეძლო მუშაობის დასაწყებად აუცილებელი კვორუმის მოგროვება. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ პარლამენტარებზე საჭირო ზეგავლენა ვერ მოახდინა ვერც დაყვავებითა და ვერც მუქარით:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] ” ნუ მაიძულებთ, რომ გავაკეთო განცხადება, პატივცემულო კოლეგებო, რატომ არ იკრიბება კვორუმი.”
იმის თაობაზე, თუ რატომ არ იკრიბება კვორუმი, დაუფარავ განცხადებას აკეთებს ფრაქცია ”აღორძინება”, რომლის აზრითაც, ხელისუფლება - უფრო კი ოპოზიცია - დემოკრატიულობის საფარქვეშ, კვლავ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას გეგმავს. ამის არგუმენტად ფრაქცია “აღორძინების” წევრს სანდრო ბრეგაძეს მოჰყავს მაგალითი 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისა, როცა მაშინდელმა მმართველმა პარტიამ - დღეს სახელისუფლებო და ოპოზიციურ ნაწილებად დაყოფილმა მოქალაქეთა კავშირმა - სანდრო ბრეგაძის განცხადებით, თავისებური სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა:
[ სანდრო ბრეგაძის ხმა] ” სანამ რეალურად არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნები, რადგან არსებობს საშიშროება, რომ ამბობენ, მრეწველებისა და აღორძინების გარეშეც მშვენივრად მივიღებთო ამ კანონს, დღეს შემოვა ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენს გარეშეა მიღებული. ამიტომ, სანამ ჩვენთან კონსულტაციას არ გამართვს ყოფილი სამთავრობო ფრაქციები, მანამდე ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ პარლამენტის სხდომების მუშაობაში და, ფაქტობრივად, დაველოდებით იმ “კეთილ ნებას,” რომელსაც გამოიჩენს ხელისუფლება და მისი აღზრდილი ოპოზიციური პარტიები.”[სტილი დაცულია]
კეთილი ნების გამოჩენის რა გითხრათ და, სახელისუფლებო და ოპოზიციური ძალები კი სულ უფრო მეტ აგრესიას ავლენენ ერთმანეთის მიმართ. 21 ივლისის სხდომაზე ფრაქცია ” მოქალაქეთა კავშირის” წევრმა თამაზ გიორგაძემ ნაციონალისტ კოტე კემულარიას ქურდი უწოდა და ინვალიდთა თანხების მითვისებაში დაადანაშაულა. სამაგიეროდ, კოტე კემულარიამ თამაზ გიორგაძეს ბანდიტი უწოდა და ბორჯომ-ბაკურიანში სასტუმროების ბიზნესის ქონაში ამხილა.
სანამ პარლამენტარები პარლამენტში ერთმანეთთან ურთიერთობას არცთუ ცივილიზებული ხერხებით არკვევდნენ, რუსთაველის პროსპექტზე, იუსტიციის სამინისტროს წინ, კარავი გაიშალა - სამინისტროს შენობაში მოშიმშილე პარლამენტარების მხარდასაჭერად კარავში შიმშილობა პენსიონერებმა დაიწყეს. დღის ბოლოს გავრცელდა კოტე კემულარიას განცხადება, თითქოს ხელისუფლება შიმშილობის აქციის ჩაშლას სპეცნაზის გამოყენებით გეგმავს. და თუ ეს, მართლაც, მოხდა, ქვეყანაში არაპროგნოზირებული მოვლენები გარანტირებული გვექნება.
XS
SM
MD
LG