Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ დახურული მოლაპარაკება დაიწყო


21-22 ივლისს ჟენევაში გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წარმომადგენელთა და აფხაზეთის კონფლიქტის მხარეთა დახურული მოლაპარაკება გაიმართება. აქამდე მეგობართა ჯგუფი

გადაწყვეტილებებს ქართული და აფხაზური დელეგაციების აქტიური მონაწილეობის გარეშე იღებდა და მხარეებს, გენერალური მდივნის რეკომენდაციების სახით, მათ განხორციელებას ავალებდა. ამჟამინდელ მოლაპარაკებებზე მეგობართა ჯგუფი, კონფლიქტის მონაწილეთა თანდასწრებით, ადრე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მსვლელობას განიხილავს.

ჟენევის პროცესს ახალი იმპულსი შესძინა მარტის თვეში პუტინისა და შევარდნაძის სოჭში გამართულ მოლაპარაკებათა შედეგებმა. მეგობართა ჯგუფის წინა შეხვედრის რეკომენდაციათა მიხედვით: მხარეებს შეთანხმება უნდა მოეხერხებინათ აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით, დაემყარებინათ ეკონომიკური ურთიერთობა და დაეწყოთ ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების პროცესი. ამ სამი რეკომენდაციიდან ორის - დევნილთა დაბრუნებისა და ეკონომიკური პროექტების - განხორციელების კონკრეტული გზები პრეზიდენტთა სოჭის შეხვედრაზე გამოიძებნა.

აფხაზეთიდან ლტოლვილი 300 ათასამდე ქართველის საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნების სანაცვლოდ, ბლოკადაში მყოფი აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება და სხვა ეკონომიკური პროექტების წამოწყება თბილისისა და მოსკოვისთვისაც თანაბრად მისაღები აღმოჩნდა. თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო ჯგუფების შექმნა მოხერხდა და პროცესის დაჩქარებას ისევ რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში დამკვიდრებული ორმაგი სტანდარტები აფერხებს. რაც შეეხება მესამე რეკომენდაციას, პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით, ის, მოსკოვის მხარდაჭერით, აფხაზური მხარის მიერ იბლოკება.

სწორედ თბილისის ზურგსუკან მოსკოვისა და სოხუმის მჭიდრო პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური თანამშრომლობის გამო უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 21 ივლისს თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში. შევარდნაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ორმაგი სტანდარტებისა და ზერელე დამოკიდებულების გამოვლენა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა 1996 წლის გადაწყვეტილებათა მიმართ. ამ გადაწყვეტილებათა მიხედვით, დაუშვებელია აფხაზეთთან ნებისმიერი ეკონომიკური თუ პოლიტიკური კონტაქტები და თანამშრომლობა თბილისთან შეუთანხმებლად.

ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებებს ანაქრონიზმს უწოდებს, მაგრამ საკითხისადმი სწორედ ასეთი მიდგომაა ანაქრონიზმიო, - დასძინა შევარდნაძემ ტრადიციულ რადიოინტერვიუში. საქართველოს პრეზიდენტმა ეს და სხვა საყვედურები თავის რუს კოლეგას სპეციალური წერილით აცნობა.

სავარაუდოა, რომ საქართველოს მიერ ასეთი მკაცრი პოზიციის გამოხატვა, ჟენევაში მიმდინარე მეგობარი ქვეყნების შეხვედრის პარალელურად, აფხაზ სეპარატისტთა უტეხი პოზიციისთვის საყრდენის გამოცლის მცდელობაა.

21-22 ივლისს ჟენევის შეხვედრის მონაწილენი საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის ჰეიდი ტალიავინის მოხსენებას გაეცნობიან გაეროს ბოლო რეკომენდაციათა შესრულების თაობაზე. არაოფიციალური მონაცემებით, ქართული მხარე მეგობართა ჯგუფს გააცნობს შინაარსს საქართველოს პარლამენტის მიერ 16 ივლისს მიღებული დადგენილებისა, რომელიც აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს წესდების მეშვიდე მუხლის ამოქმედებას მოითხოვს. ამავე მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მიმართა გაეროს გენერალურ მდივანს.

რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ეს სვლა, ანუ აიძულებს თუ არა ეს ნაბიჯი აფხაზურ და რუსულ მხარეს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის ბოდენისეულ პროექტს დასთანხმდეს, ჟენევის მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ მეგობართა რეკომენდაციებში გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG