Accessibility links

ცოტა ხნის წინ თბილისის ტექნიკურ


ცოტა ხნის წინ თბილისის ტექნიკურ

უნივერსიტეტში ქართული ეთნოფსიკის შემსწავლელი ასოციაცია დაარსდა. ეს არის პირველი ორგანიზაცია, რომლის წევრები შეეცდებიან ჩასწვდნენ ეროვნული ხასიათის თავისებურებებს და გამოიკვლიონ, რა უშლის ხელს ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებას სამოქალაქო საზოგადოებად. ამ ასოციაციის მიზნებზე მის დამფუძნებელს, ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ვესაუბრე.

ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში "ოქროს საუკუნე" არაერთხელ გვისაუბრია ქართულ-საბჭოთა კულტურაში დამკვიდრებულ შტამპებზე, რომელიც ხელს უშლის დღევანდელი საზოგადოების განვითარებას. მაგრამ ყველაფერი კომუნისტურ იდეოლოგიას არ უნდა დავაბრალოთ. არსებობს შტამპები, ხავსმოდებული ტრადიციები, რომელსაც ხალხი ვერაფრით ელევა, და არსებობს კიდევ გაუცნობიერებელი იმპულსები, გაუაზრებელი გრძნობები და, თუ გნებავთ, გაუაზრებელი კულტურაც, რომელიც თავად ამ კულტურის ევოლუციას ამუხრუჭებს... და ასე იქნება, სანამ საზოგადოება თვითშემეცნების რთულ, მტკივნეულ გზას არ დაადგება ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სანამ ეთნოსი თავისი "ფსიქიკის" შენიღბულ ძირებს არ ჩასწვდება.

ეთნოფსიქოლოგიას დღეს მთელ მსოფლიოში ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. გლობალისტების უმრავლესობა მეცნიერების ამ დარგს ეჭვის თვალით უყურებს: ბევრს, უბრალოდ, ეშინია, რომ ეროვნული თვითმყოფადობის კვლევა ისევ მიგვიყვანს "გამორჩეული" თუ "განსაკუთრებული" ერის ცნებამდე. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგი, ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ისტორიული პროცესების მიმართ შიშს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. კაცობრიობის ისტორიის განსხვავებულ ეტაპებზე ყოველთვის იყვნენ, ერთი მხრივ, ადამიანები, რომელთაც მრავალფეროვნების, თვითმყოფადობის დაკარგვის ეშინოდათ და, მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებიც კულტურულ ტრადიციებს "კულტურათა ომის", ნგრევის, ქაოსის მიზეზად მიიჩნევდნენ. მაგრამ კაცობრიობა მაინც ვითარდებოდა. თუმცა ჩვენთან საუბარში ქალბატონი ნანა ჩაჩუა აღნიშნავს, რომ ქართული ეთნოფსიქიკის შემსწავლელი ასოციაციის მიზანი არ არის ბალანსის დაცვა თვითმყოფადსა და გლობალურს შორის. ამ ასოციაციის დაარსება, პირველ რიგში, ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა.

[ნანა ჩაჩუას ხმა]: "მართლა დისკომფორტი გაქვს, როცა უყურებ საერთო სიტუაციას... სამოქალაქო საზოგადოებისთვის უნდა გაკეთდეს და არაფერი კეთდება... კანონთან დამოკიდებულება. ქართული ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე, კანონთან დამოკიდებულება ჩვენ გართულებული გვაქვს და იმწუთში ჩნდება ეს ირაციონალური, რომელიც არის ჩვენი არსებობა ამ სამყაროში, "ჰოდ ყოფნა."[სტილი დაცულია]

გულისხმობს თუ არა ასეთი "ჰოდ ყოფნა" კონფორმიზმს, ისტორიული პროცესების მიმართ "ფატალურ დამოკიდებულებას"? როგორ უნდა დავძლიოთ ხელისუფლებისა და კანონის მიმართ ნიჰილიზმი, თუ ხელისუფლებისადმი უნდობლობა საბჭოთა ეპოქიდან ჩამოყალიბდა ქართულ საზოგადოებაში და თუ კანონისადმი დაუმორჩილებლობა, მრავალთა აზრით, ქართული ეთნოფსიქიკის დამახასიათებელი მხარეა? ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას აზრით:

[ნანა ჩაჩუას ხმა] "კანონთან დამოკიდებულება აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს. ეს არ იქნება ევროპული, ვერ იქნება, წინააღმდეგობა გაჩნდება ძალიან ძლიერი და ამ წინააღმდეგობამ შეიძლება ძალიან ბევრი რამ იმსხვერპლოს, იმსხვერპლოს ის, რაც ეპოქამ მოიტანა და სხვაგან ვერსად ვერ წახვალ, ისტორიაში უკან ვერსად დაბრუნდები."

"თავისუფლება გააზრებული აუცილებლობაა", მაგრამ ვინ უნდა დაეხმაროს საზოგადოებას გაიაზროს თავისი თავი, ე.ი. გახდეს თავისუფალი? მით უმეტეს, რომ ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი წინააღმდეგობას უწევს პროგრესს და ჯერ კიდევ ვერ ეგუება იმ პროცესებს, რომელიც ეპოქას მოაქვს... ამ თვალსაზრისით, "ეთნოფსიქიკის შემსწავლელ ასოციაციას" საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. თუმცა მისი მესვეურნი აღნიშნავენ, რომ საზოგადოებას თავად უნდა გაუჩნდეს სარკეში ჩახედვის სურვილი, უფრო მეტიც, საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ საკუთარი თავის შეცნობის პროცესი ერთდროულად მტკივნეულიცაა, სასიამოვნოც და, რაც მთავარია, აუცილებელი. ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას მტკიცებით:



[ნანა ჩაჩუას ხმა] "ცნობიერების შეცვლა არ ნიშნავს ეთნოფსიქიკის შეცვლას... გააზრება უნდა მოხდეს და, როცა მოხდება გააზრება, მაშინ მიღებაც მოხდება... ის, რაც შენთვის დღეს არის შემაფერხებელი და შეიძლება ნაკლად ჩაითვალოს, შეიძლება სწორედ ეს იქცეს კატალიზატორად და დააჩქაროს წინააღმდეგობის დაძლევის პროცესი... ეს არ არის ვინმეს შეფასება, ეს არ არის ვინმეს მიმართ განაჩენის გამოტანა. ეს არის ის სარკე, რომელშიც ჩავიხედავთ და ვიტყვით: "ჩვენ ესა ვართ, ისტორიული დრო ესაა და რა ვქნათ ახლა..."

რა ვქნათ ახლა, როცა ხელისუფლებაში "ყოფნის" სურვილს, "ეთნოფსიქოლოგიის შემსწავლელი ასოციაციის" მესვეურთა აზრით, ჩვენში, ძირითადად, მხოლოდ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მოტივი განსაზღვრავს, როცა ფული იქცევა არა "მოძრაობის", "განვითარების", "კონტაქტის", "გაცვლის", არამედ "დაცულობის" სიმბოლოდ, ე.ი. როცა "ფული იმარხება" და საზოგადოების, შეიძლება ითქვას, "ნეკროფილური ვნებების" გამოხატულება ხდება? ნანა ჩაჩუას თქმით:

[ნანა ჩაჩუას ხმა] "ეს არც ნაპოლეონის, არც ალექსანდრე მაკედონელის ფენომენია, არც სტალინის... სად უნდა ნახოს თვითრეალიზაციის სივრცე, ფული რომ უნდა იმიტომ, რომ ხელისუფლებაში უნდა. ხელისუფლება ფულის მოპოვების სივრცეა და ამიტომ მიდის იქ."[სტილი დაცულია]

თუ ხელისუფლება - ფულის მოპოვების სივრცეა და თუ ძალაუფლებისადმი ლტოლვა ამ სივრცეში ჩამწყვდევას, ანუ თავისუფლებაზე უარის თქმას (ნებაყოფლობით უარს!) განაპირობებს, ბუნებრივი ხდება ის აგრესიაც და დესტრუქციული ვნებებიც, რომელიც ხელისუფლებაში მოსულთ ახასიათებთ. ასოციაციის მესვეურთა აზრით, ქართული საზოგადოება ყოველ საღამოს შესცქერის ტელეგადაცემებში ადამიანებს, რომლებიც არ არიან თვითრეალიზებულნი და სწორედ ამიტომ ატარებენ აგრესიას. ასეთი პოლიტიკური დებატები დამახასიათებელია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის, მაგრამ როდესაც აგრესიას მაყურებელი ეჩვევა, შეიძლება ითქვას, "ელოდება", როცა ესთეტიკურ სიამოვნებას იღებს ამ "დუელის" ყურების პროცესში, სახელმწიფოს, მართლაც, ემუქრება საშიშროება. ჩვენს კითხვაზე, არიან თუ არა მზად ეს ადამიანები აღიარონ თავიანთი "დესტრუქციული ვნებები", ხომ არ დაამკვიდრებს ასეთი ტიპის თვითშემეცნება ნიჰილიზმსა და თვითგვემას საზოგადოებაში, ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა გვიპასუხებს:


[ნანა ჩაჩუას ხმა] "საშიში არ არის, რომ მიხვდეს. პირიქით, ნებისმიერი მიხვედრა არასაშიშროებას ქმნის. სოკრატე ამბობდა "ცოდნა სიკეთეაო". საშიში ის არის, რომ ადამიანი, რომელიც ამ აუცილებლობაში აღმოჩნდება, იქიდან ცდილობს, რომ გაიქცეს და რამდენად შეიძლება გყავდეს მსმენელად ის ადამიანი, რომელსაც ეშინია თვითონ საკუთარი თავის გაცნობიერება გაცნობიერებამდე... და, შესაძლებელია, თვითონ ეს იდეა, ეს აზრი ამ ადამიანებისგან იყოს იგნორირებული, წაყრუებული."[სტილი აცულია]

"ეთნოფსიქიკის კვლევის ასოციაციის" ერთ-ერთ სემინარს რადიო "თავისუფლებაც" დაესწრო. ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში, ძირითადად, ახალგაზრდებმა მოიყარეს თავი. საგანგებოდ მოწვეული ხელისუფლების წარმომადგენლები სემინარზე არ მობრძანდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებას სარკეში ჩახედვის შეეშინდა. ხელისუფლება ხომ ჯერ კიდევ იმ "გონჯის" როლში გვევლინება, რომელმაც მშვენივრად იცის, რას დაინახავს ამ სარკეში და ისიც იცის, რომ ყველანაირი "კოსმეტიკური ოპერაცია" მას აქცევს "საძაგელ იხვის ჭუჭულად", რომელსაც "სოფელი", ანუ საზოგადოება, დაუყონებლივ გაემიჯნება. "ეთნოფსიქიკის კვლევის ასოციაციის" ხელმძღვანელის, ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას თქმით:

[ნანა ჩაჩუას ხმა] "როგორც აღსარებისთვის, უჭირთ ადამიანებს ეს პროცესი. ეს არის საკუთარ თავთან მისვლა - მსმენელის როლში ყოფნაც პრობლემაა... ფსიქოთერაპიას მაშინ აქვს წარმატება, როცა თვითონ მიდის პაციენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემაა - უნდა კი?"
XS
SM
MD
LG