Accessibility links

logo-print

რა შეიცვალა პარლამენტარების შვიდდღიანი შიმშილობის შემდეგ?


პენსიონერებისთვის ვალის გასტუმრების მოთხოვნით, ხუთი დეპუტატის მიერ იუსტიიციის სამინისტროში დაწყებული შიმშილობის აქციიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა. ამ ხნის განმავლობაში

მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და, მასთან ერთად, პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში აშკარად გაუარესდა. დეპუტატებთან ერთად, სოლიდარობის ნიშნად, იუსტიციის სამინისტროსთან მორიგეობითი შიმშილობა დაიწყეს სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მოქალაქეებმაც, რომლებიც ვარაუდობენ, რომ პენსიონერების პრობლემის გადაწყვეტა ერთგვარი ყინულმჭრელი გახდება ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონის შესაცვლელად.


საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ხუთი წარმომადგენლის ერთკვირიანი შიმშილობის აქციის შემდეგ ვითარება ასე გამოიყურება: მოშიმშილე კანონმდებლებმა მინისტრის მისაღებიდან როლანდ გილიგაშვილის აპარატის უფროსის კაბინეტში გადაინაცვლეს, შენობის გარეთ, ტროტუარზე კი, ისე რომ არ დაარღვიონ ტრანსპორტის მოძრაობა, მორიგეობით, დაახლოებით თხუთმეტწუთიანი ინტერვალით, შიმშილობენ თბილისელი პენსიონერები და მათი ახლობლები, რომლებიც ხელისუფლებას სოციალური ხასიათის მოთხოვნებს უყენებენ.

როგორც გაირკვა, ერთ-ერთმა მოქალაქემ ვერ მიაღწია იმას, რომ მიეღო პენსიის დანამატი, რომელიც 1996 წლიდან ეკუთვნის, მეორე კი დაკარგულ ანაბრებს მისტირის, სხვები აღშფოთებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ ადგილობრივი საფოსტო ბანკის განყოფილებებში მათ ფეხის ქირას, 50 თეთრს, ატოვებინებენ. დაბოლოს, არიან ისეთებიც, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსთან მხოლოდ სოლიდარობის გრძნობამ მოიყვანა:

[პენსიონერი მამკაცის ხმა] "მე ბევრი მყავს ჩემს უკან ისეთები, რომლებსაც ორი-სამი წელი არ მიუღიათ პენსიები და მე მათ მაგივრად ვწუხვარ აქ."

ერთ-ერთი მოშიმშილე დეპუტატი, ლადო ჭიპაშვილი, მიიჩნევს, რომ მთავარი შედეგი, რაც მათ საპროტესტო აქციას მოჰყვა, სწორედ სამოქალაქო შეგნების გამოღვიძებაა, რაც, ბოლოს და ბოლოს, აიძულებს ხელისუფლებას, რომ უფრო პასუხისმგებლობით მოექცეს მოქალაქეთა სოციალური უფლებების დაცვას.

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] "ამას უფრო მორალური მნიშვნელობა ექნება საქვეყნო მასშტაბით, იმიტომ რომ ადამიანებს გაუჩნდებათ რწმენა, რომ მათ კანონიერი, კონსტიტუციური, მშვიდობიანი ბრძოლით შეუძლიათ დაიცვან თავიანთი უფლებები."

ერთი კვირის შემდეგ ამ უპრეცედენტო შიმშილობის აქციის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეცვალა ხელისუფლებამ: ეს დამოკიდებულება უკვე აღარ არის ირონიული, როგორც პირველ დღეებში იყო, როცა საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა, თითქოს დეპუტატები ჭარბი წონის დასაგდებად შიმშილობდნენ. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებით, მოშიმშილეებთან რეგულარულად მორიგეობს ექიმი ეთერ ქაჩიბაია, რომელიც ადასტურებს შიმშილობის ნიადაგზე დეპუტატების დიაგნოზში მომხდარ არასასურველ ცვლილებებს:

[ეთერ ქაჩიბაიას ხმა] "მდგომარეობა, შესაბამისად შიმშილობისა, თანდათან მძიმდება, რასაკვირველია. იმიტომ რომ სუსტდებიან. გუშინ გავუკეთეთ შაქრის ანალიზი: ყველას მომატებული აქვს შაქარი."

ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ რაიონებში უკვე დაიწყო მიმდინარე საპენსიო დავალიანებების დაფარვა, მაგრამ რაც შეეხება აბაშის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებას სამტრედიელი პენსიონერებისთვის წინა წლების დავალიანების, 147 ათასი ლარის, გასტუმრების შესახებ, რის გამოც აგორდა კიდეც პროტესტის ეს ტალღა, ხელისუფლება აქ კვლავ პირვანდელ პოზიციას იცავს. და არა იმიტომ, რომ ბიუჯეტში ეს თანხა არ არის, არამედ ხელისუფლებას ეშინია თავისთვის არასასურველი პრეცედენტის დაშვებისა, რაც, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აკაკი ზოიძის განცხადებით, გადამდები აღმოჩნდება სხვა, ათეულ ათასობით, პენსიონერისთვის, რომლებსაც ანალოგიური სარჩელები, პენსიების ანაზღაურების მოთხოვნით, უკვე აქვთ წარდგენილი სასამართლოებში.
XS
SM
MD
LG