Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭოს სხდომა ერაყის პრობლემას იხილავს


ანდრო ეული, პრაღა გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი უშიშროების საბჭოს წევრებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ერაყის მმართველ საბჭოს, რომელიც ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა.

კოფი ანანი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია, დადგინდეს ერაყში სამხედრო ოკუპაციის დამთავრების ზუსტი თარიღი, რის შემდეგაც ქვეყნის მართვის სადავეები თავად ერაყელებს უნდა გადაეცეს.

სამშაბათის საგანგებო სხდომაზე უშიშროების საბჭოში, ერაყში გაეროს საგანგებო წარგზავნილ სერჯიო ვიეირა დი მელიოსთან ერთად ერაყის მმართველი საბჭოს სამი წევრი: ერაყის ეროვნული კონგრესის ლიდერი აჰმედ ჩალაბი, ყოფილი დიპლომატი აქილა ალ-ჰაშემი და ერაყის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ადნან ფაჩაჩი იქნენ მიწვეული.

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიუიორკში, კოფი ანანმა იმედი გამოთქვა, რომ უშიშროების საბჭო თანადგომას გამოუცხადებს ერაყის ახალშექმნილ მმართველ საბჭოს, რასაც შესაძლოა იმ ქვეყნებმაც აუბან მხარი, რომლებიც ერაყთან ომის წინააღმდეგი გამოვიდნენ და გაუმართლებლად მიაჩნიათ კოალიციური ძალების ყოფნა ერაყში.

შეერთებული შტატები, სერიოზულ წინააღმდეგობას რომ წააწყდა ერაყში და თან საკმაოდ ძვირიც უჯდება ამ ქვეყნის ოკუპაცია, მეტი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს ყოველნაირად ამ საკითხში. პრეზიდენტმა ბუშმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: [ჯორჯ ბუშის ხმა]: "რაც უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთვება ერაყის აღდგენის საქმეში, მით უკეთესი ჩვენთვის, ვინაიდან სწორედ ესაა ჩვენი მიზანი, გავამხნევოთ ხალხი შეუმოუერთდეს ძალისხმევას, რათა ერაყი უფრო მეტად უსაფრთხო და თავისუფალი გახდეს. თავისუფალი ერაყი ხომ გადამწყვეტ როლს შეასრულებს ტერორის დამარცხების საქმეში."

თუმცა ბუშმა აღნიშნა ამასთანავე, რომ უშიშროების საბჭოს 1483-ე რეზოლუცია, რომელიც სცნობს ერაყში შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილ დროებით ადმინისტრაციას, უფლებას აძლევს გაეროს წევრ-ქვეყნებს, შეუერთდნენ ერაყში ამერიკა-ინგლისის კოალიციას.

რიგი ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი, რუსეთი და ინდოეთი აცხადებენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდებიან ხსენებულ კოალიციას, თუ მიღებულ იქნება ახალი რეზოლუცია, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ერაყში გაეროს როლს.

ბაშება კროკერმა, რომელიც ვაშინგტონში დაფუძნებული სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის ექსპერტია ომისშემდგომი აღდგენის საკითხებში, თავის ოთხ კოლეგასთან ერთად გასულ კვირაში გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება, რომელიც ამერიკა-ინგლისის კოალიციას მოუწოდებს - დაუყოვნებლივ მიიღოს ქმედითი ზომები, რათა ერაყში შეწყდეს ძალადობა, გაუმჯობესდეს მოსახლეობის მომსახურება და რომ მეტი ერაყელი იქნეს ჩაბმული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ერაყის პრობლემისადმი მიძღვნილი საგანგებო სხდომის დაწყებამდე კოფი ანანმა უშიშროების საბჭოს წარუდგინა საანგარიშო მოხსენება, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა წარმართოს გაეროს ახალმა 300-კაციანმა მისიამ ჰუმანიტარული და აღდგენითი სამუშაოები ერაყში.
XS
SM
MD
LG