Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეი-ი-ესი" საქართველოდან წასვლას აპირებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტორი, ამერიკული "ეი-ი-ეს"-ი, საქართველოდან წასვლას აპირებს. თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის აქციათა პაკეტის რუსული

"რაო ეესისათვის" მიყიდვის თაობაზე გამართული მოლაპარაკებების შესახებ ქართულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკვე აღარც სახელმწიფო კანცელარიაში უარყოფენ და აღარც პარლამენტში. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების ელჩსა და ენერგეტიკის მინისტრსაც ხვდება. მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები "ეი-ი-ეს თელასის" ირგვლივ.

თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია "თელასის" ამერიკელი მფლობელის საქართველოდან წასვლის შესახებ მოარულმა ხმებმა ამ დღეებში ახალი განვითარება პოვა.

"ეი-ი-ეს კორპორაცია", რომელმაც 1998 წელს თბილისის ენერგოგამანაწილებელი ქსელის, "თელასის", აქციათა 75 პროცენტი 25 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, საქართველოში დღემდე ყველაზე მსხვილ კერძო ინვესტორად ითვლება. თბილისის ენერგოგამანაწილებელი ქსელის მოდერნიზაციაში "ეი-ი-ესმა" დამატებით 200 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა, ხოლო მოგვიანებით "თბილსრესის" მე-9 და მე-10 ენერგობლოკები შეიძინა. "ეი-ი-იესს" 25 წლიანი მართვის უფლება აქვს 240 მეგავატიანი სიმძლავრის "ხრამჰესი 1"-ისა და "ხრამჰესი 2"-ის სადგურებზეც.

ცნობილი ამერიკული კომპანიის საქართველოში შემოსვლას იმთავითვე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებრივ წრეებში. საქართველოს ენერგოსისტემის მიმართ არსებული რუსული ინტერესის გამო ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ბუნებრივია, აღფრთოვანებული არ დარჩებოდა "თელასის" "გააამერიკელების" გამო, თუმცა არც აქაურ პოპულისტებს დაუკლიათ ანტიამერიკული ისტერია.

ხმები "თელასის" აქციათა პაკეტის გაყიდვის განზრახულების თაობაზე უკვე ერთი წელია მუსირებს, თუმცა აქამდე "ეი-ი-ესი" ამგვარი მოლაპარაკების არსებობას არ ადასტურებდა. ამ დღეებში კი ამგვარ ინფორმაციას უკვე აღარც კანცელარიაში უარყოფენ და აღარც თავად "ეი-ი-ეს თელასში".

თავის მხრივ, "თელასის" აქციათა 75 პროცენტის გაყიდვის სურვილს "ეი-ი-ესის" სათავო ოფისში არსებული პრობლემებით ხსნიან, რომელიც 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდგომ დაიწყო.

ყველაფერს თან დაერთო "ეი-ი-ეს თელასის" ირგვლივ განვითარებული არაჯანსაღი მოვლენები, რასაც ჯერ "თელასის" ფინანსური მენეჯერის გახმაურებული მკვლელობა, შემდგომ ახალი მენეჯერის ფინანსურ დარღვევებში მონაწილეობის ბრალდება მოჰყვა.

"რაო ეესი", ანუ რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემა, დიდი ხანია "თელასის" ხელში ჩაგდებით არის დაინტერესებული. გარდა იმისა, რომ ენერგეტიკა საკმაოდ მომგებიანი სფეროა და, აქციების შეძენის შემთხვევაში, ანატოლი ჩუბაისის ენერგოგიგანტი აწყობილ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპანიის მფლობელი გახდება, რუსულ პოლიტიკურ ძალებს საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად დამატებითი ბერკეტი გაუჩნდებათ. ენერგომანიპულაციების პოლიტიკურად გამოყენების გამოცდილება კი რუსულ კომპანიებს საკმაოდ აქვთ.

არადა, "თელასის" რუსებისათვის მიყიდვის შესაძლებლობა სავსებით რეალურია და ამ შემთხვევაში, გარდა წმინდა პოლიტიკური და სტრატეგიული დანაკარგისა, საქართველოს მორალურადაც მიადგება ზიანი, რადგან ისეთი სერიოზული და ლამის ერთადერთი მსხვილი ინვესტორის წასვლა, შეუძლებელია, პოზიტიურად აისახოს ქვეყნის იმიჯზე.
XS
SM
MD
LG