Accessibility links

ქალაქ მოსულში განხორციელებული რეიდის დროს ამერიკელებმა სადამ ჰუსეინის ორივე ვაჟი მოკლეს


ანდრო ეული, პრაღა ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში სამშაბათს მომხდარი 6-საათიანი ცხარე ბრძოლის დროს ამერიკელმა ჯარისკაცებმა სადამ ჰუსეინის ორივე ვაჟი - უდაი და ქუსაი მოკლეს. ვილა, რომელშიც უდაისა და

ქუსაისთან ერთად სადამ ჰუსეინის შვილიშვილი და უდაის მრჩეველი იმყოფებოდნენ, ალყაში მოაქციეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლისაგან შეიტყვეს, თუ ვინ იმყოფებოდა ვილაში.


ბაღდადში, სახელდახელოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა რიკარდო სანჩესმა თქვა, რომ მოსულში მომხდარი 6-საათიანი ბრძოლის დროს უდაი და ქუსაი ჰუსეინებთან ერთად ვილაში მყოფი სადამ ჰუსეინის შვილიშვილი და უდაი ჰუსეინის მრჩეველიც იქნენ მოკლული. 4 ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მიესალმა ცნობას უდაი და ქუსაი ჰუსეინების დახოცვის შესახებ და თან დასძინა, რომ ეს "კიდევ უფრო მეტად დაარწმუნებს ერაყელ ხალხს იმაში, რომ ქვეყანაში დასრულდა და აღარასოდეს აღსდგება ბარბაროსული რეჟიმი".

უდაისა და ქუსაის უბრალო ხსენებაც კი შიშის ზარს სცემდა რიგით ერაყელებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც სადამ ჰუსეინის მმართველი, ბაათის პარტიის წევრი არ იყო.

სადამის უფროსი ვაჟის, 39-წლის უდაის ულმობელი, დაუნდობელი ბუნება და დარდიმანდული ცხოვრების სტილი საყოველთაოდ იყო ცნობილი მთელს ერაყში. უდაის უმცროსი ძმა, 1966 წელს დაბადებული ქუსაი მამის ყველაზე ერთგული და სანდო მრჩეველი იყო და სადამ ჰუსეინის რეალურ მემკვიდრედ ითვლებოდა.

ცნობას სადამ ჰუსეინის შვილების დახოცვის შესახებ დადებითი რეაქცია მოჰყვა ერაყში. ბაღდადში, ალაა ჰამედმა, რომელიც პროდიუსერად მუშაობდა უდაი ჰუსეინის სატელევიზიო კომპანიაში, "რეიტერის" სააგენტოს კორესპონდენტთან საუბრისას გაიხსენა, როგორ სცემა იგი უდაიმ რკინის მავთულით იმის გამო, რომ პროდიუსერს მუშაობისას, შეცდომა გაეპარა. "არ მინდა, უდაი მოკლული ვნახო. იგი ჯერ უნდა ეწამებინათ" - განაცხადა ალაა ჰამედმა.

ხოლო ჰონკონგში სტუმრად მყოფი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ასეთი კომენტარით გამოეხმაურა ძმები ჰუსეინების დახოცვის ამბავს [ტონი ბლერის ხმა]: "ესაა ღირსშესანიშნავი დღე ახალი ერაყისთვის. ეს ორი პიროვნება სათავეში ედგა რეჟიმს, რომელიც თავისი შეიარაღებით არა მარტო უშიშროებას უქმნიდა საფრთხეს, არამედ პასუხისმგებელიც იყო, როგორც ეს მასობრივი საფლავების აღმოჩენამ დაგვანახა, ასეული ათასობით უდანაშაულო ერაყელის წამებისა და მოკვლისთვის, და დღევანდელი საზეიმო განწყობა იმაზე მიანიშნებს, თუ რაოდენ ბოროტი ყოფილა ეს რეჟიმი".


დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, ერაყში გრძელდება ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმები. სამხედრო ავტოკოლონაზე ბაღდადის ჩრდილოეთით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ოთხშაბათს 2 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG