Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კავკასიის ქალები პოლიტიკაში


თბილისში სამი დღის განმავლობაში

გრძელდებოდა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ერთობლივი კონფერენცია თემაზე "მასმედია გენდერული თანასწორობისათვის."კონფერენციის მონაწილეთა ძირითად ნაწილს გენდერულ პრობლემებზე მომუშავე ჟურნალისტები შეადგენდნენ. შესაძლებელია თუ არა ქალთა ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება პოლიტიკაში და რა ვითარებაა, ამ მხრივ, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში? თემა, რომელზეც ჩვენ ამჯერად ვისაუბრებთ, ამ ფორმით კონფერენციის მსჯელობის საგანი არ გამხდარა. ამის მიუხედავად, ჩვენი რესპონდენტები სიამოვნებით დაგვეხმარნენ გაგვერკვია, რა საერთო და განმასხვავებელი თავისებურებები შეიმჩნევა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ზოგად გენდერულ ტენდენციებში და ამ სამი ქვეყნიდან, პოლიტიკურად სად უფრო ემანსიპირებულია ქალი. პირობითად შეიძლება ამთავითვე ითქვას, რომ ამგვარ კლასიფიკაციაში საქართველო ფორმალურად უკვე ლიდერობს, რადგან პარლამენტს ქალი უდგას სათავეში. როგორც გაზეთ "ახალი დროს" პოლიტიკურმა მიმომხილველმა და სომხეთის საუნივერსიტეტო განთლების მქონე ქალთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა თამარა ოვნათანიანმა განგვიცხადა, ქართველი ქალების პოლიტიკური აქტივობისათვის ეს სერიოზული სტიმული უნდა იყოს.

[თამარა ოვნათანიანის ხმა] "მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძე სპიკერად აირჩიეს, ჩვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ბევრი სტატია გაჩნდა. ძალიან ბევრი სტატია იმაზე მიუთითებდა, რომ, თითქოსდა მენტალობაში არცთუ სერიოზული განსხვავების მიუხედავად, ჩვენი კაცები ჯერ არ არიან იმისათვის მზად, რომ სპიკერი ქალი იყოს. ამასთან დაკავშირებით, მე თავადაც ჩავატარე გამოკითხვა პარლამენტში. დეპუტატები, რა თქმა უნდა, მიესალმნენ ამ ფაქტს. ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოსთვის ეს შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო - ხაზს ვუსვამ, საქართველოსთვის, ანუ სხვებისთვისო. რაც შეეხება საკუთარ თავს, სომხეთს, ისინი აქ ამგვარ პერსპექტივას ვერ ხედავენ. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც თქვეს, რომ შესაფერისი კანდიდატურის შემთხვევაში, მზად არიან ხმა ქალსაც მისცენ."

სომხეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 131 სადეპუტატო მანდატიდან ქალებს 3 პროცენტზე ცოტა მეტი ერგოთ. სომხეთის დღევანდელ სახალხო კრებაში 6 ქალი დეპუტატია, რაც წინა მოწვევასთან შედარებით 2-ით მეტია. საერთოდ კი, როგორც ქალბატონი თამარა ოვნათანიანი ამბობს, დამოუკიდებლობის წლების სტატისტიკით, ამ მხრივ, აშკარა გაუარესების ტენდენციასთან გვაქვს საქმე, რაც, მისი აზრით, იმის შედეგია, რომ საარჩევნო ორთაბრძოლები წლიდან წლამდე სულ უფრო უხეში და უსამართლო ხდება, მამაკაცური წესებით მიმდინარეობს და ქალები მასში ჩაბმას ვერ რისკავენ. სხვა სიტყვებით, სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, სურათი რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა, იმის მიუხედავადაც კი, რომ საარჩევნო კოდექსმა პარტიებს საარჩევნო სიებში ქალთა მონაწილეობის დისკრიმინაციული 5 პროცენტიანი კვოტა განუსაზღვრა.
აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში 250 დეპუტატს შორის 13 დეპუტატი ქალია. პროცენტულად დაახლოებით იგივე სურათი გვაქვს, რაც სომხეთში, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჟურნალისტი მეხრიბან ზაინალოვა ფიქრობს, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკაში ქალთა სიმცირის რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს - მათ შორის, თავად ქალების პასიურობაც. მისი აზრით, ქალის შესახებ არსებული სტერეოტიპების დაძლევაზე, არასამთავრობო სექტორთან ერთად, აქტიურად უნდა იზრუნონ ჟურნალისტებმაც, რომლებიც ქალთა დისკრიმინაციის საკითხებში თავადაც ხშირად სცოდავენ ხოლმე.

[მეხრიბან ზაინალოვა] "ჟურნალისტებს მე ყოველთვის ვაძლევ შენიშვნას, რადგან როცა რაიმე საკითხზე ექსპერტის ან პოლიტიკოსის კომენტარია საჭირო, რატომღაც აუცილებლად მამაკაცთან მიდიან, მის აზრს სწავლობენ, ითვალისწინებენ, ქალის აზრი კი საინტერესო არ არის. მიიჩნევენ, რომ ქალი პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს. ჩვენთან ხშირად ხუმრობენ, რომ ქალს ქათმის ჭკუა აქვს. რასაკვირველია, ესეც დისკრიმინაციაა."

აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი, არასაპარლამენტო ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია ქალი. საერთოდ კი, სუსტი სქესი პარტიებში მხოლოდ 7-8 პროცენტით არის წარმოდგენილი. ეს კი იმის ასახვაცაა, რომ გენდერული თანასწორობის პრეტენზია, გარემო პირობებისაგან დამოუკიდებლად, არც საზოგადოებას აქვს. ამ საკითხის პოპულარიზება კი, როგორც ჩანს, იოლი არც მასმედიის საშუალებით იქნება, რადგან, საქართველოსა და სომხეთისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ჟურნალისტურ წრეებში უმრავლესობას მამაკაცები წარმოადგენენ. მამაკაცები კი სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში გენდერულ თემებს, როგორც წესი, ირონიულად უყურებენ.

[თამარ აბრამიშვილის ხმა] "გენდერული როლი საზოგადოებაში ცვალებადია. ის მუდმივ განვითარებაშია იმისდა მიხედვით, თუ რა ისტორიულ ფორმაციაში ვიმყოფებით. სამწუხაროდ, დღევანდელ ჩვენს ისტორიულ ფორმაციას სიტყვით შევაფასებდი, რა თქმა უნდა, რომ მივდივართ დემოკრატიისაკენ. სინამდვილეში, დემოკრატიას სძინავს კარგად, ღრმად, ჩვილ ასაკში და კარგად არწევენ, რომ ეძინოს დიდხანს. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები ამის საშუალებას ჩვენ დიდხანს არ მოგვცემენ."[სტილი დაცულია]

ქალთა პრობლემებზე მომუშავე კოალიციის წევრის, საქართველოს ქალთა განვითარებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ აბრამიშვილის ამ განცხადების მიუხედავად, ფაქტია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა დიდი ნაწილი არც გენდერული მიმართულებით სრულდება. საილუსტრაციოდ მოვიტანთ 2000 წლის გაეროს რეზოლუციას კონფლიქტების დარეგულირებაში ქალების აქტიურად ჩართვის შესახებ.ეს რეზოლუცია თანაბრად რეზონულია სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოსთვის, მაგრამ არსად, არც ერთი კავკასიური კონფლიქტის დარეგულირებაში, ქალთა პოტენციალი გამოყენებული არ არის.

[როზა კუხალაშვილის ხმა] "იცით რა, სამწუხაროდ, ქალები ძალიან ცოტანი არიან პოლიტიკაში. აი, აფხაზეთის საკითხში თუ ავიღებთ კონფლიქტის დარეგულირებას, აქ შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ არიან, არავინ არ ეკითხება მათ. და, საერთოდ, კონფლიქტის დარეგულირებაში არათუ აფხაზეთიდან დევნილი ქალები და, საერთოდ, ქალები არ არიან, არამედ აფხაზეთიდან დევნილებიც ნაკლებად არიან. ასე რომ, სამწუხაროდ, ეს პრობლემა არის."

ქალთა სამშვიდობო საბჭოს ინიციატივით, რომლის წარმომადგენელი ქალბატონი როზა კუხალაშვილიცაა, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში გაჩნდა საგულისხმო პრეცედენტი: მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს პარლამენტში გაიმართა ქალთა საკითხების პირველი მოსმენა, რომელმაც სხვადასხვა მიმართულებით გასცა რეკომენდაციები. გენდერულ პრობლემებზე მომუშავე ქართველი ქალები იმედოვნებენ, რომ ეს ერთჯერადი აქცია არ იქნება და მასში აქტიურ მონაწილოებას მიიღებენ პარლამენტარი ქალებიც. საქართველოს პარლამენტში დღეს სულ 17 ქალი მოღვაწეობს. ეს პარლამენტის სრული შემადგენლობის 7, 4 პროცენტია და, რაღა თქმა უნდა, საგრძნობლად ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საუკეთესო მაჩვენებელია.
XS
SM
MD
LG