Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნდობის აღდგენა - ცხინვალის დელეგაციის თბილისში ჩამოსვლის მთავარი მიზანი


საქართველოსა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა 2003 წელი ნდობის აღდგენის წლად გამოაცხადეს და ამ მიმართულებით რამდენიმე ერთობლივი,

ძირითადად, საჩვენებელი ხასიათის ღონისძიების ჩატარებაც მოახერხეს. სწორედ ამ სერიისა გახლდათ კონფლიქტის მოწესრიგების საკონტროლო-შერეული კომისიის თბილისისა და ცხინვალის სამუშაო ჯგუფების 23 ივლისის შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში, სადაც კომისიის მომავალი შეხვედრების დღის წესრიგი განიხილებოდა. თუმცა ბოლო კვირების კრიმინალურ ქრონიკას თუ გავიხსენებთ, ცხადია, რომ პოლიტიკოსებზე უფრო ენერგიულად ნდობის აღდგენა ერთმანეთში ქართველმა და ოსმა კრიმინალებმა მოახერხეს. რატომ ვერ ახერხებს ცხინვალი და თბილისი ნდობის აღდგენას?

თბილისისა და ცხინვალის პოლიტიკური კონფლიქტი თავისი ანატომიით ისეთივეა, როგორიც ქართულ-აფხაზური, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებში მაინც ხშირად გაიგონებთ ოპტიმისტურ განცხადებას, თითქოს მხარეებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში გაცილებით წინ წაიწიეს.

ასეთი მოსაზრება რამდენიმე ასპექტს გულისხმობს: ყოფილ სამხრეთ ოსეთში სამხედრო კონფლიქტს და სისხლისღვრას არ ჰქონია ისეთი მასშტაბები, როგორიც აფხაზეთში ჰქონდა. შესაბამისად, ათჯერ მცირეა დევნილების რიცხვი. ამ კონფლიქტთან მიმართებაში არ არსებობს ცნება "დევნილი ხელისუფლებისა"და პარტიზანული მოძრაობისა. აფხაზეთის მდიდარი საზღვაო კურორტებისგან განსხვავებით, რუსეთის გენერალიტეტს და პოლიტიკურ ელიტას თითქმის არ აქვს პირადი ფინანსური დაინტერესება "სამხრეთ ოსეთში". გარდა ამისა, ამ ორ კონფლიქტს ერთმანეთისგან სამშვიდობო ფორმატიც განასხვავებს - კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალები, შტაბით ცხინვალში, მართლაც, შერეულია და ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაცია აქვთ; კონფლიქტის მოწესრიგების პროცესს კურატორობს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს ეკონომიკურ პროექტებს სოციალური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად როგორც ცხინვალის, ისე მის მიმდებარე ქართულ სოფლებში; ორგანიზებას უკეთებს შერეული საკონტროლო-კომისიების შეხვედრებს და ხელს უწყობს ოსურ-ქართული შეხვედრების ორმხრივ ფორმატში, შუამავლების გარეშე წარმართვას.

ასეთი შეხვედრების სტიმულირებას, გარკვეულწილად, თბილისისა და ცხინვალის ახალმა ინიციატივამაც შეუწყო ხელი - მოკონფლიქტე მხარეებმა წლევანდელი წელი "ნდობის აღდგენის წლად" გამოაცხადეს და ამ სულისკვეთებით რამდენიმე შეხვედრა თანათავმჯდომარეებისა და ექსპერტების დონზე ორი კვირის წინ ცხინვალში, 23 ივლისს კი - თბილისში გამართეს.

თანაც ძალიან საგულისხმოა, რომ ოთხშაბათს სახელმწიფო კანცელარიაში ცხინვალის სამუშაო ჯგუფში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოადგილე ალან ელბაქიევიც ღებულობდა მონაწილეობას.

ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლობის აპარატის თანამშრომელმა გიორგი გაგულიძემ რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, რომ ამჯერად შეხვედრის მთავარ მიზანს მხარეთა წარმომადგენლებს შორის იმ ტრადიციული ხუთშაბათის შეხვედრების აღდგენა წარმოადგენს, რომელიც ორი წლის წინ, გაურკვეველი მიზეზების გამო, შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ 23 ივლისს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილის ვლადიმირ ლუკინისა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი პირადი წარმომადგენლის, ვახტანგ რჩეულიშვილის შეხვედრის დროს.

როგორც აღმოჩნდა, ლუკინი კონფლიქტის მოწესრიგებას ფედერალური მოწყობის ჩარჩოებში ხედავს, რაც სულაც არ არის ორიგინალური რეცეპტი. უფრო ადრე ერთიან ფედერაციულ სახელმწიფოში სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის ინიციატივით გამოვიდა ეუთო, თუმცა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ამის გამო ეუთო "სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეებში ჩარევაში" დაადანაშაულა. ამიტომ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ცხინვალელმა და თბილისელმა პოლიტიკოსებმა ნდობის აღდგენაზე, საბოლოოდ ყველაფერი პოლიტიკურ სტატუსამდე მიდის, რაშიც მხარეთა პოზიციების შეჯერება, არც დამოუკიდებლად და არც შუამავლების დახმარებით, ჯერჯერობით არ ხერხდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG