Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოილაპარაკებს თუ არა ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 23 ივლისს პარლამენტის სხდომის დაწყებამდე გამართული ინტერფრაქციული ჯგუფის შეკრება, რომელზეც საბოლოო კონსულტაციები უნდა გამართულიყო ოპოზიციის მიერ ცენტრალური

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, უშედეგოდ დასრულდა. კონსულტაციების გამართვის ინიციატორმა ფრაქცია "აღორძინებამ" შეკრება პროტესტის ნიშნად დატოვა. რას ითხოვს "აღორძინება" და დააკმაყოფილებს თუ არა მის მოთხოვნებს პარლამენტი?

ფრაქცია "აღორძინება" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და, ბუნებრივია, ქვედა დონის კომისიებში 5 ადგილს ითხოვს. 23 ივლისს ინტერფრაქციულ ჯგუფში ჯემალ გოგიტიძის მიერ წარმოდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის განსაზღვრა ასე ჟღერს: ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3-3 წევრი უნდა დანიშნონ იმ პარტიებმა, რომლებმაც 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისას 7 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს ( იგულისხმება მოქალაქეთა კავშირი, დემოკრატიული აღორძინების კავშირი და მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"), თითო-თითო წარმომადგენელს დანიშნავენ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები, ერთს - ეუთოსთან შეთანხმებით, პრეზიდენტი, 5 წევრს კი - 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 5 საუკეთესო შედეგების მქონე პარტია. ცნობისთვის: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 5 საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის ჩამონათვალში ვერ აღმოჩნდებიან ვერც ნაციონალური მოძრაობა და ვერც გაერთიანებული დემოკრატები. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ გაითვალისწინებს "აღორძინების" მოთხოვნას, ჯემალ გოგიტიძე აცხადებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 2 ნოემბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.
სხვათა შორის, ის, რომ ოპოზიციის შიგნით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საკუთარ პრეტენზიებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით აფხაზეთის დეპუტაციაც წამოაყენებდა, ჯერ კიდევ 22 ივლისის სხდომაზე გაირკვა, როცა პარლამენტარმა გერმანე ფაცაციამ განაცხადა:
[გერმანე ფაცაციას ხმა] " თუ არ იქნა შეთანხმება, ჩვენ თავად წამოვაყენებთ აფხაზეთისთვის არათუ 4, ექსტრემუმიდან გამომდინარე, 5 ადგილს მოვითხოვთ. ამას სერიოზულად გპირდებით."
შესაბამისად, პარლამენტში დუღილის ტემპერატურა საკმაოდ მაღალია. და არა მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით - უსახსრობის გამო, პარლამენტის სხდომათა დარბაზში სავენტილაციო სისტემის გამოთიშვამ პარლამენტარებს მუშაობისთვის საკმაოდ არაკომფორტული პირობები შეუქმნა. ისე, კიდევ კარგი, რომ პარლამენტის სხდომის დაწყებამდე თბილისში ელექტროენერგიის მოწოდება აღდგა, თორემ სხდომის ჩასატარებლად პარლამენტარებს, მიკროფონების ნაცვლად, მეგაფონების გამოყენება დასჭირდებოდათ.
XS
SM
MD
LG