Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი კულტურულ ფასეულობებს იცავს


გასულ კვირას ედუარდ შევარდნაძემ გამოსცა განკარგულება, რომელიც მიზნად ისახავს კულტურის ძეგლებზე სამუშაოს წარმართვისა და კულტურულ ფასეულობათა ქვეყნიდან გატანის აღმკვეთი ღონისძიებების გამკაცრებას.

ამიერიდან სახელმწიფო უწყებათა ნებართვის გარეშე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აიკრძალება არქეოლოგიური გათხრები, აიკრძალება აგრეთვე კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების თვითნებური რესტავრაცია. რატომ გამოსცა ასეთი განკარგულება პრეზიდენტმა მაინცდამაინც დღეს?

19 ივლისს თბილისში ჩამოვიდნენ ევროსაბჭოს ექსპერტები, რომლებიც კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკაზე მუშაობენ. ევროკომისიის ექსპერტთა ვიზიტს დაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება, რომლის თანახმად, ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ არქეოლოგიურ კომისიას დაევალა არქეოლოგიური გათხრებისთვის გაცემული ნებართვის ასლები გადასცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც, თავის მხრივ, მკაცრი კონტროლი უნდა დაუწესოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წარმოებულ არქეოლოგიურ გათხრებს, თვალი ადევნოს კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე შესრულებულ სამუშაოს კულტურის უძრავ და მოძრავ ძეგლებზე. საინტერესოა, რომ თავის განკარგულებაში პრეზიდენტმა უფრო მეტად უნებართვო არქეოლოგიურ გათხრებს და არა იმდენად კულტურის ძეგლების თვითნებურ რესტავრაციას, "გადაკეთებას" თუ ფუნქციის შეცვლას დაუთმო ყურადღება... არადა, არქეოლოგიური გათხრების სისტემა საქართველოში, ასე თუ ისე, მაინც მოგვარებულია... კულტურულ ძეგლებს კი სახელმწიფოსთან ერთად სხვა "პატრონებიც" ჰყავს - კონფლიქტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სვეტიცხოვლის მოძღვარს შორის, მეტ-ნაკლებად, მოგვარდა, თუმცა არ არის გამორიცხული, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნების წინ ეს პრობლემა კვლავაც გაამძაფრონ, მით უმეტეს, რომ მცხეთას დღეს არაერთმა პოლიტიკოსმა "დაადგა თვალი"...

რელიგიური უმცირესობებისა არ იყოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ედუარდ შევარდნაძემ ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც უთუოდ გაახარებს ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიიდან კულტურული ფასეულობების გატანას ეწინააღმდეგებიან. პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტს და საბაჟო დეპარტამენტს, არ დაუშვას კულტურულ ფასეულობათა გატანა კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე. ალბათ, იკითხავთ - "ეს ხომ ისედაც აკრძალულია, რა საჭირო იყო სპეციალური განკარგულების გაცემა?". მაგრამ საქმეც ისაა, რომ ევროსაბჭოს ექსპერტთა ვიზიტის წინ ედუარდ შევარდნაძემ ღიად გამოხატა თავისი პოზიცია - კულტურის ძეგლებს საქართველოში სახელმწიფომ უნდა უპატრონოს, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, თუნდაც ეროვნული საგანძურის ქვეყნიდან გატანა-არგატანის საკითხი... და არა საპატრიარქომ და, მით უმეტეს, არა პოლიტიკოსებმა, რომლებიც არჩევნების წინ კულტურული მემკვიდრეობის დამცველის როლს თამაშობენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG