Accessibility links

logo-print

ვინ შეცვლის სეპარატისტთა ლიდერ ვლადისლავ არძინბას?


აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება "ამცახარას" მიერ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა თავისი ჯანმრთელობისთვისაც მოიცალა.

მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ მცირე ხნით. გავრცელებული ინფორმაციით, ვლადისლავ არძინბა მოსკოვიდან კვლავ სოხუმში ბრუნდება. ამ აჩქარებას ორი მიზეზი აქვს: სოხუმში უკვე ხელისუფლების წევრებიც კი ღიად საუბრობენ სეპარატისტთა ლიდერის შემცვლელ კანდიდატებზე და, გარდა ამისა, იმ პოლიტიკური მორატორიუმის ამოწურვამდე, რომელიც აფხაზეთის ოპოზიციურმა ძალებმა პრეზიდენტის გადაყენების საკითხზე დააწესეს, ძალიან მცირე დრო რჩება.


საქართველოში რუსეთის სათათბიროს დელეგაციის ვიზიტის კულმინაციად სტუმრების საქართველოს პარლამენტის აფხაზეთის დეპუტაციასთან შეხვედრა იქცა, რომლის დროსაც სოხუმიდან დევნილმა ქართველმა პარლამენტარებმა, აფხაზეთთან მიმართებაში, რუსეთი ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულეს. ფრაქცია "აფხაზეთის" წევრების მხრიდან ყველაზე მწვავე შეფასება მიეცა რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი როგოზინის აფხაზეთში ამასწინანდელ ვიზიტს, რომელიც არ იყო შეთანხმებული ქართულ მხარესთან. თანაც, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების მეთაურის თამაზ ნადარეიშვილის ინფორმაციით, დიმიტრი როგოზინი სოხუმში კონკრეტული მისიით იმყოფებოდა: სეპარატისტთა პოლიტიკური წრეებისთვის მომავალი პრეზიდენტის რანგში მოსკოვში მყოფი პოლიტიკოსების, ალექსანდრ ანქვაბისა და ნოდარ ხაჟბას, კანდიდატურები უნდა შეეთავაზებინა.
ცნობისთვის: სწორედ ამ ორი პოლიტიკური ლიდერის მხარდამჭერ ორგანიზაციად აღიქმება ძლიერი ოპოზიციური გაერთიანება "ამცახარა", რომელმაც ჯერ მთავრობის შეცვლა მოახერხა, ხოლო ივნისის ბოლოს გამართულ ყრილობაზე ოფიციალურად დაუჭირა მხარი სეპარატისტთა ლიდერის ვლადისლავ არძინბას თანამდებობიდან გადაყენებას. იმის შესახებ, თუ რამდენად რეალურია ამ კანდიდატებზე ფსონის ჩასვლა, გვესაუბრება რადიო "ბი-ბი-სის" კორესპონდენტი, ვლადისლავ არძინბას ყოფილი პრეს-მდივანი რუსლან ხაშიგი, რომელსაც ჩვენ სოხუმში დავურეკეთ.

[რუსლან ხაშიგის ხმა] "არსებობს ჯერ კიდევ წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიღებული კანონი, რომლის ძალითაც პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ გახდება ადამიანი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა აფხაზეთში. იმავე ანქვაბსა და ნოდარ ხაჟბას ამის გამო შეიძლება პრობლემები შეექმნათ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ისინი არ ცხოვრობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. მეორე მხრივ, კი არ არსებობს მკაფიო მექანიზმები, რომელიც განსაზღვრავდა ცხოვრობს თუ არა პიროვნება აფხაზეთში. ასე რომ, ანქვაბიც და ხაჟბაც შეიძლება წამოყენებულ იქნენ პრეზიდენტობის კანდიდატებად."

ღირს გავიხსენოთ, რომ პოლიტიკურ სცენაზე ალექსანდრ ანქვაბის გამოჩენამ იმდენად გაამწარა ვლადისლავ არძინბა, რომ სეპარატისტთა მთავარი ორგანოს, გაზეთ "რესპუბლიკა აფხაზიასთვის" ორი კვირის წინ მიცემულ ინტერვიუში თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა სეპარატისტთა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს მხარდაჭერასა და ედუარდ შევარდნაძის თანამოაზრეობაში დაადანაშაულა. ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თავის დროზე მართლაც მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში, ფლობს ქართულ ენას, მაგრამ ეს მას არ უშლის ხელს შეინარჩუნოს დიდი გავლენა აფხაზურ პოლიტიკურ სპექტრზე. მეტიც, თუკი არძინბას შიშით ოფიციოზი ცდილობდა არ შეემჩნია ანქვაბის არსებობა, "ამცახარას" ყრილობის შემდეგ მისი სახელი სულ უფრო ხშირად ფიგურირებს საინფორმაციო გამოშვებებში. ანქვაბის გაპრეზიდენტების შესაძლებლობას საჯარო საუბრებში უკვე აღარ გამორიცხავს თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბაც, რომელიც, აფხაზეთის კონსტიტუციით, მეორე პირია.

თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ძალების მოსინჯვაა, რეალური ბრძოლა სეპარატისტთა პრეზიდენტის სავარძლის მოსაპოვებლად კი სექტემბრის ბოლოს დაიწყება - სწორედ ამ დრომდე, ანუ საქართველოს ჯარზე გამარჯვების მე-10 წლისთავის დღესასწაულამდე, ადევს ტაბუ პრეზიდენტის გადაყენების საკითხს, თუკი შიდა დაპირისპირების გამო ეს მორატორიუმი აფხაზეთში მანამდე არ დაირღვა.
XS
SM
MD
LG