Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგებით დამთავრდა ჟენევაში მეგობართა ჯგუფის მორიგი შეხვედრა


21-22 ივლისს ჟენევაში აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მუშაობაში კონფლიქტის მხარეთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

მოლაპარაკებაზე მეგობართა ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა უნდა განეხილათ და კონფლიქტის მოწესრიგების სამომავლო ნაბიჯები მხარეთა მონაწილეობით დაეგეგმათ. რის გაკეთება მოხერხდა ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებაზე და როგორ აფასებენ მოლაპარაკების შედეგებს კონფლიქტის მონაწილე მხარეები?

ძირითადი მოლაპარაკების დაწყებამდე 21 ივლისს მეგობართა ჯგუფი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს პოზიციების გასაცნობად შეხვდა. 22 ივლისს კი მეგობართა ჯგუფის გაფართოებული სხდომა გაიმართა ქართული და აფხაზური მხარეების მონაწილეობით.

გაეროს ჟენევის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ მეგობართა ჯგუფი მიესალმება ორივე მხარის კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ეკონომიკური თანამშრომლობის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაწყებული თანამშრომლობის პროცესის მიმართ.

პრესრელიზში გამოთქმულია დიპლომატიური იმედი იმისა, რომ ორივე მხარის ვალდებულება გააგრძელონ საქმიანობა სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით საერთო მიდგომების ჩამოსაყალიბებლად არსებითი პროგრესის საფუძველი გახდება.

ასეთ ოპტიმიზმს და მეგობართა ჯგუფის შეხვედრით კმაყოფილებას არ იზიარებს აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების ლიდერი თამაზ ნადარეიშვილი:

[ნადარეიშვილის ხმა] „მე ვფიქრობ, რომ ეს იყო კიდევ ერთი უშედეგო შეხვედრა, რომელმაც არაფერი მოიტანა. პირიქით, მე მგონი, ის უფრო საზიანო იყო ჩვენთვის, ვიდრე რაღაცის მომტანი. ამჯერად ჩვენ თვითონ ქართველებმა საერთაშორისო დონეზე გავიყვანეთ აფხაზი სეპარატისტები, ანუ ის დამნაშავენი, რომლებიც უნდა წარდგნენ ჰააგის სასამართლოს წინაშე."

თამაზ ნადარეიშვილის შეშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხი უკანა პლანზეა გადაწეული და მოლაპარაკებები მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობის განვითარებას ეძღვნება. თამაზ ნადარეიშვილის განცხადებით:

[ნადარეიშვილის ხმა] „ვითომდაც 300 ათასი ტოლვილი ჩვენთვის არ არსებობს და თურმე ჩვენ უნდა მივხედოთ იქ დარჩენილ აფხაზებს და დავეხმაროთ მათ სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ვიდრე მოვუაროთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, რომელიც ხშირად შიმშილის ზღვარზე არის მისული."[სტილი დაცულია]

სხვა მოლაპარაკებებისაგან განსხვავებით, ჟენევის შეხვედრის მიმართ მკაცრი შეფასებები არ გამოუთქვამს აფხაზურ მხარეს. „ბი-ბი-სის" სოხუმელი კორესპონდენტის რუსლან ხაშიგის ცნობით:

[რუსლან ხაშიგის ხმა] „პრინციპში, რაღაც კონკრეტული რეზულტატი არ ყოფილა მიღწეული ჟენევის შეხვედრაზე. როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იყო და მას ისეთი რეაქცია არ მოჰყოლია, რომელზეც ყველა პოლიტიკოსი ილაპარაკებდა. ყველას ესმის, რომ მოლაპარაკებათა პროცესი ჩვეულებრივ კალაპოტში მიმდინარეობს და ჟენევის შეხვედრაც ამ კონტექსტში ჯდება და მეტი არაფერი."

რაც შეეხება ოფიციალური თბილისის პოზიციას, ის ჯერჯერობით უცნობია. საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადებისაგან თავს იკავებენ, რადგან ქართული დელეგაცია ჯერ არ დაბრუნებულა და სამინისტროს დეტალური ინფორმაცია არ გააჩნია მოლაპარაკებათა შედეგების შესახებ.
XS
SM
MD
LG