Accessibility links

logo-print

პოლიტიკური სამკუთხედი: შევარდნაძე-ჯორბენაძე-აბაშიძე


საქართველოს ხელისუფლების კრიზისულ მდგომარეობაზე ბევრი ფაქტორი მეტყველებს. მათგან ერთ-ერთია დაძაბული ურთიერთობები პოლიტიკურ სამკუთხედში: შევარდნაძე-ჯორბენაძე-აბაშიძე.

მაგრამ ის ფაქტი, რომ ასლან აბაშიძე სახელმწიფო მინისტრს მწვავედ აკრიტიკებს და პრეზიდენტს არჩევნების ბოიკოტით ემუქრება, მოულოდნელობათა რიგს არ მიეკუთვნება.


ასლან აბაშიძესა და ავთანდილ ჯორბენაძეს შორის ურთიერთობის დაძაბვა მოსალოდნელიც იყო და პროგნოზირებულიც. როგორც კი სახელმწიფო მინისტრმა პარლამენტში უმრავლესობა შემოიკრიბა, როგორც კი პოლიტიკურად გაძლიერდა, ქართული რეალობიდან გამომდინარე, გარდუვალი გახდა მასთან აჭარის ავტონომიის ლიდერის ღია დაპირისპირება. ერთი შეხედვით, კონფლიქტის წყარო ის არის, რომ ავთანდილ ჯორბენაძემ პირადად იკისრა ვალდებულება ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. იგი არაერთხელ ეწვია აჭარას და შეეცადა, ავტონომიური რესპუბლიკიდან კუთვნილი თანხები ცენტრალური ბიუჯეტისთვის დაებრუნებინა.

ცხადია, მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. მაგრამ ღია დაპირისპირების არსებითი მიზეზი ბიუჯეტი არ არის. საქმე ისაა, რომ საქართველო პირობითად ისევ დაყოფილია თბილისის და ბათუმის პოლიტიკურ ცენტრებად, რასაც კარგად ასახავს ძალთა განლაგება პარლამენტში. იმის გამო, რომ გასული არჩევნების შემდეგ თბილისის პოლიტიკური ცენტრი ორად გაიხლიჩა - ხელისუფლებად და ოპოზიციად, ახლა პარლამენტში მესამე ძალაც გაჩნდა სააკაშვილი-ჟვანია-გამყრელიძე-ასათიანის სახით. შესაბამისად, "აღორძინებამ" საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა: ძველი ხელისუფლების ორი ნაწილიდან, რომელსაც ასლან აბაშიძე უჭერს მხარს - სამთავრობოს თუ ოპოზიციურს, გამარჯვებულიც ის რჩება.

მაგრამ პრეზიდენტი შედარებით გულგრილია აჭარის ავტონომიის ლიდერისა და ახალგაზრდა ოპოზიციონერების ურთიერთობის მიმართ. შევარდნაძისთვის კატეგორიულად მიუღებელია აჭარის პოლიტიკური ცენტრის გაძლიერება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რაც, პარლამენტისგან განსხვავებით, მხოლოდ გასაიდუმლოებულ ვითარებაში შეიძლება მოხდეს. ამიტომ პრეზიდენტი ვერც ახლა და ვერც მომავალში დაუშვებს აღმასრულებელი ხელისუფლების მეორე პირსა და აჭარის ლიდერს შორის კარგ ან, თუნდაც, ნორმალურ ურთიერთობას. რაც მეტად გაძლიერდებოდა ავთანდილ ჯორბენაძე, როგორც სახელმწიფო მინისტრი და როგორც პარტიის თავმჯდომარე, მით მეტად დაიძაბებოდა მისი ურთიერთობა ასლან აბაშიძესთან - მოვლენების განვითარება სწორედ ამგვარად იყო მოსალოდნელი, ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და ასეც მოხდა.

იმის მიუხედავად, რომ შევარდნაძის და აბაშიძის ხელისუფლება ურთიერთგანპირობებულია, დაპირისპირების ხაზი მაინცდამაინც მათ შორის გადის. ამიტომ მთავარ პოლიტიკურ სამკუთხედში მესამე წევრი პერიოდულად იცვლება: ჟვანია, ლორთქიფანიძე, ჯორბენაძე... მაგრამ ასლან აბაშიძის დამოკიდებულება მესამე წევრის მიმართ აგრესიული იყო, არის და იქნება მომავალშიც. ასლან აბაშიძეს ხელისუფლების კენწეროში მეგობრები ვერ ეყოლება, ეყოლება მხოლოდ მტრები: ასეთია ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ნება.
XS
SM
MD
LG