Accessibility links

რაზე შეთანხმდა პარლამენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 23 ივლისს, ნაშუაღამევს, საქართველოს პარლამენტმა, ბოლოს და ბოლოს, პირველი წაკითხვით მიიღო საარჩევნო კოდექსი. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ფრაქციები "აღორძინება" და მრეწველები,

რომელთა მიერ წარმოდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ვარიანტები მანამდე პარლამენტარებმა არ გაიზიარეს. ბეიკერის ვარიანტად წოდებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის მხარდაჭერის ფაქტი ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციისა და ხალხის გამარჯვებად შეაფასა. რა მოიგო ოპოზიციამ და რა - ხალხმა?

მაშინ, როცა პარლამენტის მიერ ე.წ. ბეიკერის ვარიანტის მხარდაჭერას ოპოზიციის ნაწილი საკუთარ და ხალხის გამარჯვებად აფასებს, ოპოზიციის მეორე ნაწილი პროტესტს გამოთქვამს და საპასუხო სვლებს გეგმავს. "რეგიონის პოზიციები ცენტრში იგნორირებულია. არ გვეგონა, თუ საქართველოს პარლამენტი ასე ზერელედ მიუდგებოდა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს და ასე მარტივად გადაწყვეტდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პრობლემას," - ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის, რესპუბლიკის საბჭოსა და სენატის ერთობლივ მიმართვაში საქართველოს პარლამენტის მიმართ. აჭარელმა კანონმდებლებმა ჯერჯერობით ვერ შეათანხმეს, თუ როგორ უპასუხებს რეგიონის ხელისუფლება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას. საბოლოო სიტყვა, გამოცხადდება თუ არა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნების ბოიკოტი, ასლან აბაშიძეს ეკუთვნის.
და მაინც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ახალი წესის მიღებით რა წარმატებას მიაღწია ოპოზიციამ და ხალხმა? ამ კითხვაზე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს:
[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] " ოპოზიცია, შესაძლოა, თვლიდეს, რომ მიაღწია წარმატებას, რაკი მათ ეყოლებათ წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხმა მიაღწია წარმატებას, გამომდინარე იქიდან, რომ ახალმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა აჩვენოს, რომ არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური და, ამდენად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა დაიმსახუროს ხალხის ნდობა. და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა მოხდეს თავად საარჩევნო პროცესის განმავლობაში, უნდა მოხდეს არჩევნების დღეს, უნდა მოხდეს არჩევნების შემდგომ, როცა შედეგები გამოქვეყნდება."
ოპოზიციისა და ხალხის გამარჯვებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს თვისუფლების ინსტიტუტის წევრი გიგა ბოკერიაც. იგი ადასტურებს, რომ არსებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ნამდვილად აჯობებს ახალი წესით დაკომპლექტებული ეს ორგანო, თუმცა კვლავ აცხადებს, რომ იგი პროფესიული საარჩევნო ადმინისტრაციის შემოღების იდეის მომხრედ რჩება.
[ გიგა ბოკერიას ხმა] " ბეიკერის მოდელზე შეთანხმებით მოიგო შანსმა ნორმალური არჩევნების ჩატარების. მხოლოდ შანსზეა ლაპარაკი. საბოლოო გამარჯვებაზე ლაპარაკი ნაადრევია."
ქმნის თუ არა ბეიკერის მოდელი ნორმალური არჩევნების ჩატარების შანსს? - ამ თემაზე დღევანდელ პროგრამაში ისაუბრებს რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიის სტუმარი, პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე.
XS
SM
MD
LG