Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი მოშიმშილე დეპუტატთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ერთადერთ საშუალებას ხედავს - ეს დამატებითი ფინანსური რესურსების გამოძებნაა


სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის 2003 საბიუჯეტო წელი განსაკუთრებით მძიმე გამოდგა: ნახევარი წლის მონაცემებით, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაში დავალიანებამ უკვე 27 მილიონი ლარი შეადგინა.

შესაბამისად, ივლისის ბოლოს ფონდი მხოლოდ მარტის თვის პენსიებს აფინანსებს. უკეთესი მდგომარეობა არც ეგრეთ წოდებული გაყინული პენსიების დაფინანსების კუთხითაა: მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ ხარჯებისათვის მხოლოდ 14 მილიონი ლარი იქნა გათვალისწინებული, მაშინ, როცა მთლიანი თანხა 89 მილიონს შეადგენს. არასტაბილური საპენსიო პროცესებისთვის ახალ გამანადგურებელ დარტყმად იქცა უკანასკნელი წლების კიდევ ერთი პრეცედენტი: ნაციონალური მოძრაობის ინიციატივითა და აქტიური ხელშეწყობით, ფონდს, გაყინული პენსიების დარიგების მოთხოვნით, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად 12 000-მა პენსიონერმა უჩივლა. სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის თვალსაზრისით უდავოდ გამართლებულმა ამ ნაბიჯმა, ერთი მხრივ, დეპუტატების შიმშილობის აქციის პროვოცირება გამოიწვია, მეორე მხრივ კი, დაზარალებული პენსიონერების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. არის თუ არა შექმნილ ვითარებაში რაიმე გამოსავალი?

როგორც სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორი ირაკლი კოპლატაძე შენიშნავს, პენსიონერებმა - შესაბამისად, ნაციონალურმა მოძრაობამ - თავიდანვე არასწორი კურსი აიღეს: მათი სარჩელის ერთადერთი მოპასუხე მხარე უნდა ყოფილიყო ფინანსთა სამინისტრო და არა ფონდი, რომელიც მხოლოდ გამტარის ფუნქციას ასრულებს და თავისი შემოსავლებით მთლიანად ფინანსთა სამინისტროზეა დამოკიდებული. შექმნილ ვითარებაში კი არსებობს ერთადერთი გამოსავალი: ფინანსთა სამინისტრომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებისა და პენსიონერების მოთხოვნა დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებით უნდა შეძლოს. სხვა შემთხვევაში, ფონდის პარალიზების გარდა, სოციალური უსამართლობის ახალ პრეცედენტს მივიღებთ, რასაც თავის მხრივ უსათუოდ მოჰყვება გაგრძელება.

[ირაკლი კოპლატაძის ხმა] "სამტრედიაში 147 000 ლარია გადასახდელი 1500 კაცისთვის. გურჯაანში 153 000 - რვაასი კაცისთვის. შემდეგ არის: რუსთავი, ქუთაისი, საგარეჯო. ეს თანხა ავიდა მილიონ ას ლარამდე. ეს რას ნიშნავს: ეს თანხები ჩვენ რომ გავუშვათ ამ, ვინც მოიგო სასამართლო, იმათ დასაკმაყოფილებლად, დანარჩენ 800 000, თუ რამდენიც არის, 850 000 კაცს ეს თანხები უნდა მოვაკლოთ. ამის გაკეთება არ შეიძლება, იმიტომ რომ რა დააშავა, იმიტომ რომ არ იჩივლა? თუ ლაპარაკია ჩვენს სახსრებზე, ეს წავა ისევ იმის ხარჯზე, რომ ეს ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზარდოს. მიმდინარეს მოაკლდება, ან მოაკლდება იმ 14 მილიონის დაფინანსებას, რომელიც ჩვენ ბიუჯეტში გვიდევს და ისედაც არ მიგვიღია. აი, ეს არის ძირითადი არსი და პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით."[სტილი დაცულია]

ეგრეთ წოდებულ გაყინულ პენსიებად ცნობილი დავალიანება სახელმწიფომ პენსიონერთა მიმართ 1998-2000 წლებში დააგროვა. ეს თანხა ქვეყანამ შიდა ვალად არ აღიარა და მისი დაფარვა რამდენიმე წელზე გაწერა. ის, რომ სახელმწიფო ამ თანხის სპონტანურად დაბრუნებას არ აპირებს, თუნდაც შიმშილობის საპროტესტო აქციის ფასად, ყოველთვის ცხადი იყო და კიდევ უფრო თვალნათელი გახდა მას შემდეგ, რაც პენსიების დავალიანების მიწის გადასახადში გაქვითვასა და ფასიან ქაღალდებში გაცვლის გეგმებზე სახელმწიფო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე დაყრდნობითაც ალაპარაკდა. მას შემდეგ ჩიხი კიდევ უფრო დავიწროვდა და პენსიონერები სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიის მანიპულირების მსხვერპლად უკვე მერამდენედ იქცნენ.

[სოსო ლობჟანიძის ხმა] "ქუთაისსა აქვს გამოტანილი სააღსრულებო დადგენილება და, ისიც, დარღვევით. შეტანილი გვაქვს ჩვენ ამაზე სარჩელი..."

სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის სოსო ლობჟანიძის მიერ განმარტებულ იურიდიულ ნიუანსებში, ალბათ, პენსიონერთა 90 პროცენტი ვერ ერკვევა. მათ შორის, სამტრედიაში, სადაც გაყინული პენსიების სრული თანხის დაბრუნების იმედი, ალბათ, ყველაზე მეტად აქვთ.
XS
SM
MD
LG