Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 497-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას". დღევანდელ, 497-ე გამოშვებაში ვეცდებით გავარკვიოთ, რატომ არის ასე შეშფოთებული საზოგადოების ერთი ნაწილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო, რისთვისაც კომენტარი ვთხოვეთ მამა ბასილ კობახიძეს [ბასილ კობახიძის ხმა]; შემდეგ საეკლესიო ცხოვრებიდან ყოველდღიურობაში გადავინაცვლებთ და ვისაუბრებთ მეტად პროზაულ თემაზე: "საქართველოს რკინიგზა მგზავრის თვალთახედვით"; გიამბობთ ლიტვასა და უკრაინაში მცხოვრებ ერთ იშვიათ ეთნიკურ ჯგუფზე, რომელიც ასევე იშვიათ ენაზე მეტყველებს; შემოგთავაზებთ რეპორტაჟს პრაღაში მიმდინარე დიგიტალური გამოსახულების პირველი საერთაშორისო ფესტივალიდან, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ; დაბოლოს დაბადების დღეს მივულოცავთ ლეგენდარული "როლინგ სტოუნზის" ლიდერს მიკ ჯაგერს, რომელიც 60 წლის იუბილეს ჩეხეთის დედაქალაქში აღნიშნავს. "მეათე სტუდიას" სწორედ პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

საზოგადოების ერთი ნაწილი შეშფოთებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო. ინტერვიუ მამა ბასილ კობახიძესთან

დავით კაკაბაძე:
გასულ კვირაში ქართველ მეცნიერთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ერთმა ჯგუფმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიმართა ღია წერილით, რომელშიც ღრმა შეშფოთებაა გამოთქმული იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც დღეს საქართველოს ეკლესიაშია შექმნილი. წერილის ავტორთა აზრით, გაწყვეტილია კავშირი საზოგადოებასა და ეკლესიის მწყემსმთავარს შორის, რაშიც დიდია პარტიარქის გარემოცვის "წვლილი"; მეტიც, წერილის ხელისმომწერნი ფიქრობენ, რომ ეკლესიის წიაღი კრიმინალური ელემენტების თავშესაფრად იქცა; რომ ეკლესიის უსიტყვო თანხმობით საქართველო ლამის წალეკოს რელიგიურმა სიბნელემ და ქსენოფობიამ. თამარ ჩიქოვანმა ღია წერილში ჩამოთვლილი პრობლემების კომენტარი სთხოვა მამა ბასილ კობახიძეს.

(იხ. აუდიოვერსია)

[მუსიკა]

საქართველოს რკინიგზა მგზავრის თვალთახედვით

დავით კაკაბაძე:
მამა ბასილ კობახიძეს თამარ ჩიქოვანი ესაუბრებოდა.

[მატარებლის ბორბლების ხმა]

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ლექსიკონში რკინიგზა და "აბრეშუმის გზა" ლამის სინონიმური ცნებებია, ხოლო ამავე სახელწოდების პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი აკაკი ჩხაიძე ხელმძღვანელობს, საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი საიმედო პოლიტიკური საყრდენია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. თუმცა, რიგით მოქალაქეს, რომლისთვისაც რკინიგზა მხოლოდ გადაადგილების საშუალებას წარმოადგენს, ნაკლებად აღელვებს, ვინ ვის "პოლიტიკურ ლოკომოტივში" ზის. რას წარმოადგენს საქართველოს რკინიგზა და მისი სავიზიტო ბარათი - ცენტრალური სადგური - მგზავრის თვალთახედვით? ამის გარკვევას კობა ლიკლიკაძე შეეცადა.

კობა ლიკლიკაძე:
უამრავი დახლი, დაუმთავრებელი და ლტოლვილთა თავშესაფრად გადაქცეული შენობები, სუსტად განათებული, ჭუჭყიანი კიბეები, ვესტიბიული, ბაქანი და შორეულ მანძილზე გაფანტული ფეხისალაგის მძაფრი სუნი - ეს არის პირველი შთაბეჭდილება, რაც თბილისის ცენტრალურ ვაგზალში მოხვედრილ ადამიანს რჩება.

ეტყობა არ ცდებოდა საპირფარეშოების პირველი დამბეგრავი კაცობრიობის ისტორიაში, იმპერატორი ვესპასიანე, როდესაც თქვა, ფული არ ყარსო. ამ საშინელი დისკომფორტისა და სიბინძურის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზა ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი დონორია. მისმა ხვედრითმა წილმა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირებაში შარშან 56 მილიონი ლარი შეადგინა, წელს კი, შპს "საქართველოს რკინიგზის" დეპარტამენტის გენერალური დირექტორის აკაკი ჩხაიძის ინფორმაციით, ტვირთბრუნვის გაზრდის ხარჯზე, ამ მაჩვენებლის რამდენიმე პუნქტით გაზრდა იგეგმება.

[აკაკი ჩხაიძის ხმა] "მე მინდა გითხრათ, რომ შარშანდელთან შედარებით, 2001 წელთან შედარებით, 2002 წელი ჩვენ დავამთავრეთ… სადღაც 30 მილიონით მეტი შემოსავალი შემოუვიდა რკინიგზას. წელს დაახლოებით 3-4 მილიონით მეტი ტვირთის გადატანას ვგეგმავთ, ვიდრე 2002 წელს გადავიტანეთ. ეგ ძალიან დიდი განაცხადი არი." [სტილი დაცულია]

ოფიციალური ინფორმაციით, ტვირთბრუნვის გარდა, იზრდება რკინიგზით გადაყვანილ მგზავრთა ნაკადი. შედარებისთვის: თუ შემოდგომა- ზამთრის სეზონზე საქართველოს რკინიგზას დღეში, საშუალოდ, 1200 მგზავრი გადაჰყავს, ზაფხულში ეს მაჩვენებელი 2400 მგზავრამდე იზრდება. მაგრამ ტვირთებისგან განსხვავებით, ადამიანის გადაყვანა რკინიგზით ძალიან წამგებიანია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ გზაზე კუპირებული ვაგონით მგზავრობა ქვეყანაში დადგენილ სახელფასო მინიმუმს უტოლდება. მაგალითისთვის, პენსიონერს თავისი თვიური შემოსავალი მხოლოდ ქობულეთამდე ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად თუ ეყოფა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოლარემ დაწესებულ ფასზე ზედმეტი არ გადაახდევინა. როგორც წესი, თითო ბილეთზე, რომელიც, საკომისიო მოსაკრებლიანად, 7ლარი და ოცი თეთრი ჯდება, მოლარეს ფეხის ქირად 80 თეთრი უნდა გადაუხადო. მაგრამ ვისაც ზაფხულის სეზონში ბილეთის მოლოდინში საათიან რიგში უყურყუტია, ის, როგორც წესი, ამაზე არ დაობს. ერთ-ერთმა ქალბატონმა კი, რომელსაც ჩემ თვალწინ ზედმეტი გადაახდევინეს, სიტყვა ბანზე ამიგდო.

ასეთ მგზავრებს შეიძლება გაუგოს კაცმა. რადგან მათ აშკარად გაუმართლათ, იმ მგზავრებისგან განსხვავებით, რომლებიც ბილეთების შეძენას მატარებლის გასვლის წინ განიზრახავენ. მოლარეებს, როგორც წესი, შეზღუდული რაოდენობის ბილეთები ეძლევათ, ვთქვათ, ვაგონზე 60 პროცენტი, დანარჩენი 40 პროცენტი ან გამცილებლის, ან იქვე, სალაროსთან მდგარი გადამყიდველის ხელშია, რომელიც თქვენი გაწბილებული სახის დანახვისთანავე გაგიხმობთ გვერდზე და საჭირო რაოდენობის ბილეთს უკვე ორჯერ მეტ ფასში მოგცემთ. და ამ სურათსაც ისევე შეეჩვია ყველა, როგორც ვაგზლის ჭუჭყსა და მოუწყობლობას, რაც არავითარ პროტესტს მგზავრების მხრიდან აღარ იწვევს. მეტიც, ვაგზლის მორიგის ვანო გოგიაძის განმარტებით, გადამყიდველები კანონისა და პოლიციის მხრიდან სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ.

[ვანო გოგიაძის ხმა] "ხო გეუბნებით, შიშის ფაქტორი აქ გამორიცხულია. პოლიციაც უძლურია. ისეთი კანონია მიღებული, რომ მაგაზე მუხლი არ არის. აი, ვიყიდე-გავყიდე, მაგაზე ვერ დაიჭერ. ეს არის თავი და თავი მაგისი."

ასეთ მგზავრებს, ვინც თადარიგი დროზე არ დაიჭირა, არა მხოლოდ ბილეთის, არამედ შორ მანძილზე მგზავრობისთვის საჭირო მინერალური წყლის ან ხაჭაპურის ყიდვა ვაგზლის ბაქანზე არსებულ ბუფეტებში ასევე ორმაგ ფასში მოუწევთ. და როცა ნანატრი ბილეთითა და ხორაგით ხელში, დენიკინისდროინდელი ვაგონის კუპეში აღმოჩნდები და კიდევ ერთხელ შეავლებ თვალს ვაგზლის ჩაბნელებულ და პირქუშ შენობას, წუხილით აღმოაჩენ, რომ ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, შენი გულგრილობის ბრალია.

კობა ლიკლიკაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ყარაიმები - იშვიათი ხალხი იშვიათი ენით

დავით კაკაბაძე:
ახლა ერთ იშვიათ ენასა და ხალხზე მოგითხრობთ. დღეს მსოფლიოში ამ ენაზე სულ 50 ადამიანი ლაპარაკობს. აქედან 45 ლიტვაში ცხოვრობს, 5 - უკრაინაში. ეს ხალხია ყარაიმები, მათი ენა კი - ყარაიმული, რომელიც თურქულ ენათა ყივჩაყურ ჯგუფს განეკუთვნება. ყარაიმები სწორედ ყივჩაყთა მემკვიდრეები არიან, ისინი VIII-X საუკუნეებში ყირიმში, ხაზართა იმპერიაში ცხოვრობდნენ. მე-8 საუკუნეში ყარაიმებმა იუდაიზმის ერთ-ერთი ფორმა მიიღეს, რომელიც ყარაიზმად არის ცნობილი. მოგვიანებით ისინი სამ ძირითად ჯგუფად დაიყვნენ: ერთი ყირიმში დარჩა, მეორე გალიციისაკენ [დღევანდელი უკრაინა] დაიძრა, მესამე, ყველაზე დიდი ჯგუფი ქალაქ ტრაკაიში, დღევანდელ ლიტვაში აღმოჩნდა. მე-17 საუკუნის ბოლოს ცენტრალური ევროპის აღმოსავლეთით ყარაიმების დაახლოებით 30 თემი არსებობდა, მაგრამ 100 წლის შემდეგ მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა ეპიდემიებისა და ომების შედეგად. უფრო ვრცლად ყარაიმების, აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ ისინი თავინთი ენისა და კულტურის გადარჩენას, დავით პაიჭაძე მოგითხრობთ.

დავით პაიჭაძე:
ყარაიმების სექტა მე-8 საუკუნიდან ანან ბენ დავითის სახელით იყო ცნობილი. ისინი ცნობდნენ ძველ აღთქმას, მაგრამ არა თალმუდს. ყარაიმთა მიხედვით, რელიგიური სწავლება, ბიბლიის კითხვა ყოველი მორწმუნის ვალია. ყარაიმთა სამლოცველო სახლს კენესა ჰქვია. დღეს ორი მოქმედი კენესაა ლიტვაში - ვილნიუსსა და ტრაკაიში. ლიტვაში ყარაიმები ეროვნულ უმცირესობად და ქვეყნის მკვიდრ მოსახლეობად ითვლებიან.

მე-19 საუკუნეში ყარაიმელმა ინტელექტუალებმა სალიტერატურო ენისა და პერიოდულ გამოცემათა შექმნა-განვითარების საჭიროება იგრძნეს. ყარაიმული ენის ლექსიკა ფოლკლორის - ანდაზების, გამოცანებისა და ხალხური პოეზიის ძლიერ გავლენას განიცდის, მაგრამ აკლია ბევრი აბსტრაქტული ტერმინი, სამეცნიერო, ტექნიკურ და ფილოსოფიურ ცნებათა გამომხატველი სიტყვები.

ყარაიმელთა უმცირესი რაოდენობის გამო იუნესკომ ყარაიმული ენა იმ ენების წითელ წიგნში შეიტანა, რომელთაც სერიოზული საფრთხე ემუქრებათ. დედაენის შენარჩუნება და თემის გადარჩენა-გამოცოცხლება ყარაიმელთა მთავარი ამოცანაა.

ყარაიმული ენის შენარჩუნებას დღეს რამდენიმე პროექტით ცდილობენ. ერთი ასეთი პროექტის მიზანი სასაუბრო ყარაიმული ენის დოკუმენტირებაა. მისი ავტორია შვეციის უფსალას უნივერსიტეტის პროფესორი, ევა ქსატო იოჰანსონი. მან 1994 წელს წამოიწყო პროექტი, რომელიც ენას ვიდეო და აუდიო ჩანაწერების საშუალებით ინახავს. ქსატომ სთხოვა უკრაინის ქალაქ ჰალიჩის ხელისუფლებას, სადაც ყარაიმულ ენაზე მოსაუბრე ხუთი მოხუცი ცხოვრობს, ბინა გამოუყოს მათ ყარაიმული ენისა და კულტურის დასაცავად გაღებული ძალისხმევისათვის.

[ქსატო იოჰანსონის ხმა]: "მიუხედავად იმისა, რომ ჰალიჩის თემი ყარაიმულ ენაზე სულ ხუთი ხანდაზმული მოსაუბრისგან შედგება, ეს ძალიან ძლიერი პატარა თემია. 2002 წლის სექტემბერში მათ მოაწყვეს საერთაშორისო კონფერენცია ყარაიმელთა ისტორიისა და კულტურის შესახებ, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია."

ლიტვაში, ვილნიუსსა და ტრაკაიში მცხოვრები ყარაიმელები დაახლოებით 250 არიან, ყარაიმულ ენაზე კი 45 ლაპარაკობს. მუსიკათმცოდნე კარინა ფირკავიშუტე მათგან ყველაზე ახალგაზრდაა. ის ლიტველ ყარაიმელთა კულტურული საზოგადოების წევრია. კარინა ამბობს, რომ ენის შენარჩუნებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყარაიმელ ბავშვებს ასწავლონ ის, რასაც აკეთებენ კიდეც ყოველ წელს საზაფხულო ბანაკებში. თუმცა ენის სწავლას მხოლოდ ზაფხული არ ჰყოფნის. ყარაიმელები ინარჩუნებენ ურთიერთობებს და პრაქტიკულად ყოველ წელს ხვდებიან ერთმანეთს.

ყარაიმული ენის ნიმუშად კარინა კითხულობს ლექსს, რომელიც ქალაქ ტრაკაისადმი ყარაიმელთა ემოციურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

[კარინა ფირკავიშუტეს ხმა]

კარინა ფირკავიშუტე პოზიტიურად იხსენიებს ქსატო იოჰანსონის მომზადებულ კომპაქტ-დისკს, რომელიც შეიცავს ყარაიმული ენის ლექსიკონს, გრამატიკასა და ბგერებს. ამ დისკით შეიძლება კითხვისა და სწორი გამოთქმის სწავლა, ის მეცნიერულ საფუძველს უქმნის ყარაიმული ენის გაკვეთილებს, მაგრამ დისკი ჯერ გამოცემული არ არის. კარინას საჭიროდ მიაჩნია წიგნების - პროზის, პოეზიის, სტატიების ბეჭდვაც ყარაიმულ ენაზე და სჯერა, რომ ნებითა და ძალისხმევით შესაძლებელია ენის გადარჩენა. ამ რწმენაში ის მარტო არ არის.

[მუსიკა]

IN OUT. დიგიტალური გამოსახულების პირველი საერთაშორისო ფესტივალი პრაღაში

დავით კაკაბაძე:
ყარაიმულ ენაზე და ამ იშვიათი ენის გადარჩენის პერსპექტივებზე დავით პაიჭაძე გესაუბრებოდათ. ჩვენი შემდეგი სიუჟეტით პრაღის ქუჩებში გეპატიჟებით. აქ, როგორც ყოველთვის, ურიცხვი ტურისტი ირევა, რომელთა ინტერესს იპყრობს სხვადასხვა ეპოქის - გოთიკისა თუ ბაროკოს, რენესანსისა თუ არტ ნუვოს სტილის არქიტექტურული ძეგლები, მუზეუმები, კონცერტები, კაფეები, რესტორნები, ლუდხანები. ამ დღეებში კი ისტორიულ თუ კულინარიულ ღირსშესანიშნაობებს თანამედროვე ელემენტი შეემატა. უკვე ერთი კვირაა, მიმდინარეობს დიგიტალური გამოსახულების პირველი საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც ორგანიზატორებმა ინგლისური სახელწოდება შეურჩიეს - "In Out", ანუ "შინ გარეთ". თუ რატომ, ფესტივალის კურატორის, პაველ ვანჩატისაგან შეიტყობთ:

[პაველ ვანჩატის ხმა] "In Out გამოხატავს კონცეფციას, რომელიც ადგილმდებარეობას ეხება. ექსპოზიციის ნაწილი შენობის შიგნით, ნაწილი კი გარეთ არის განთავსებული. გარეთ ვცდილობთ, გამოფენაზე მივიზიდოთ ადამიანები, რომლებიც პრაღის ქუჩებში დადიან. ეს ხომ, ჩვეულებრივ, არ ხდება. გამოფენების უმრავლესობა, როგორც წესი, შენობებშია გამოკეტილი. ჩვენ კი გვინდა გარეთაც, ხალხში გავიდეთ."

თუმცა საქმე გამოფენებს როდი ეხება: ეს, როგორც უკვე ითქვა, ფესტივალი გახლავთ, ანუ ღონისძიება, რომელიც სივრცის გარდა დროის განზომილებას ითავსებს - ყოველ დღეს განსხვავებული შინაარსის პროგრამით იწყებს, დამთვალიერებლებს სთავაზობს არა მარტო ექსპოზიციებს, არამედ ლექციებსა და დისკუსიებს. ზოგი მათგანის შესახებ მარიამ ჭიაურელი მოგიყვებათ.

მარიამ ჭიაურელი:
[ქუჩის ხმაური] "დიგიტალური გამოსახულების" საერთაშორისო ფესტივალმა პირველივე დღიდან, ანუ 18 ივლისიდან დაიპყრო პრაღის ძველი უბნის ცენტრალური მოედანი, სტარომესტსკა: ის ადგილი, რომელსაც ამშვენებს პრაღის სახელგანთქმული ღირსშესანიშნაობები, ტინის ტაძარი, ძველი მერია ასტრონომიული საათითურთ და ჩეხების ეროვნული გმირის - იან ჰუსისა და მისი თანამებრძოლების ძეგლი. ამ მოედნის ცენტრში აღმართულ უზარმაზარ ეკრანზე ექსპერიმენტულ ვიდეოფილმებს აჩვენებენ. იქვე, ასევე ღია ცის ქვეშ, მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ფოტოხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა. რამდენიმე დღე ფესტივალის ორგანიზატორებს ბედი სწყალობდა - პრაღაში იმ დღეებში, 22 ივლისამდეე არ უწვიმია. შეკითხვაზე, რას აპირებდნენ, წვიმა რომ მოსულიყო, ასეთი პასუხი მივიღე: [პაველ ვანჩატის ხმა] "წვიმა პრობლემა არ არის, იმიტომ, რომ ფოტოსურათები დაბეჭდილია პოლიპროფილენის ტილოზე, ფერები წყალგამძლეა. რაც შეეხება დიდ ეკრანს - ის იმდენად დიდია, რომ უნდა იყოს კიდეც წყალგამძლე. აბა, მას ვინ დაფარავს, თუ წვიმა წამოვიდა?"

წვიმა მართლაც წამოვიდა, და - როგორც პაველ ვანჩატმა ივარაუდა - ვერაფერი დააშავა. დანარჩენ გამოფენებსა თუ აქციებს უამინდობა მით უმეტეს ვერ შეუქმნიდა საფრთხეს: ეს ექსპოზიციები ხომ გალერეებში, კაფეებსა და ჯაზკლუბ "ჟელეზნაში" მიმდინარეობს. მაგრამ ვიდრე მათგან ზოგს გაგაცნობდეთ, დავუბრუნდეთ ფესტივალის სახელწოდებას - "დიგიტალური გამოსახულების საერთაშორისო ფესტივალი". მაინც რას ნიშნავს დიგიტალური გამოსახულება? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ფესტივალის დირექტორმა, დავიდ კორეცკიმ დიგიტალურ და ანალოგურ გამოსახულებას შორის სხვაობა განმიმარტა: [დავიდ კორეცკის ხმა] "ანალოგური ფოტოგრაფიით, ანუ კლასიკური გამოსახულებით შეგიძლია ასახო სინამდვილე და შეგიძლია, შემდეგ შეცვალო ეს გამოსახულება. დიგიტალური გამოსახულებით კი ახალ სინამდვილეს ქმნი. შეგიძლია, შექმნა გამოსახულება რომელიც სინამდვილეს ჰგავს, მაგრამ სინამდვილე არ არის. მაგალითი გნებავთ, კი ბატონო - გალერეა "ჰოუმში" ჩვენი უდიდესი პროექტია ფრანგი ხელოვანის, ნიკოლა მულენის სლაიდები. მას ჩამოტანილი აქვს პარიზის ქუჩების დიგიტალური გამოსახულებები- ქუჩების ტროტუარი ბეტონის არის, ქუჩაში არ არიან არც ადამიანები, არც მანქანები. გამოსახულება სინამდვილეს ჰგავს, მაგრამ სინამდვილე არ არის. ნიკოლა მულენს არ გადაუღია ქუჩაში სურათი და არ მოუხდენია რაიმე მანიპულაცია ხალხის, მაღაზიები მოსაცილებლად. მან გადაიღო სურათი, შემდეგ დიგიტალური ტექნიკის მეშვეობით შექმნა ბეტონის ნაწილების გამოსახულება და შექმნა ახალი სინამდვილე".

[კაფეს ხმაური] დიგიტალური გამოსახულებების ნახვის შესაძლებლობა კაფე "ინდიგოში" მომეცა - სიმართლე რომ გითხრათ, ფესტივალზე მოხვედრის შთაბეჭდილება არ დამრჩენია, თუ ფესტივალს წარმოვიდგენთ ხალხმრავალ, ხმაურიან, ჯანსაღად ქაოსურ ღონისძიებად, რომლის მონაწილეები ცდილობენ, ხელიდან არ გაუშვან სიახლის ნახვის, კონტაქტების დამყარებისა თუ გართობის არც ერთი შანსი. დღის სამ საათზე "ინდიგოში" სულ რამდენიმე კაცი იჯდა, ხოლო ქვემოთ, პატარა სარდაფში, რომელიც ვიდეოფილმების საჩვენებლად მინი-კინოდ გადაეკეთებინათ, ერთადერთი მაყურებელი დამხვდა. მაგრამ ახალგაზრდა გოგონა, რომლისთვისაც ფესტივალის პროგრამების დარიგება დაევალებინათ, მაყურებელთა სიმცირით უკმაყოფილო სულაც არ ჩანდა. მისი შეფასებით, პრაღელები თუ პრაღის სტუმრები ფესტივალისადმი საკმარისად დიდ ინტერესს იჩენენ: [გოგონას ხმა] "ყველაფერი კარგად მიდის. მართალია ცხელა, მაგრამ ხალხი მაინც მოდის - დღეში ასე, 30-მდე დამთვალიერებელი, რაც, ვფიქრობ, საკმარისია. მოდიან პრაღელებიც და ტურისტებიც. რაც შეეხება ხელოვანებს, ვაჩვენებთ სლოვენი, სლოვაკი, სერბი, ინგლისელი - მრავალი ეროვნების წარმომადგენელთა ნამუშევრებს".

[კაფეს ხმაური] იმ დღეს, 22 ივლისს, კაფე "ინდიგოს" იმპროვიზებულ კინოდარბაზში ფრანგი ხელოვანის, ესტელ არტუს ნამუშევრებს აჩვენებდნენ - 5-7-წუთიან ვიდეოფილმებს დიდი ქალაქის, მარტოობის, ძალადობის თემებზე. ნამუშევრებს თანამედროვე სულს ვერ წაართმევ - სხვისი ტკივილისადმი გულგრილობა, ცინიზმი, რომლის ასახვასაც ფილმებში ცენტრალური ადგილი ეთმობა (მაგალითად, გვამისათვის წიხლების რტყმით!) ნაწარმოების აქტუალურობის ხაზგასმის ნაცადი ხერხია და თან მნახველზე, რასაკვირველია, შოკს ახდენს. ფესტივალის ორგანიზატორები კი, მათ შორის კურატორი პაველ ვანჩატი, შოკს თუ არა, მოულოდნელობის ეფექტს სასურველად მიიჩნევენ: [პაველ ვანჩატი] "ვფიქრობ, განსაკუთრებით წარმატებულია დიდი ეკრანი, რომელიც ერთგვარი ღია კინოს როლს ასრულებს. ოღონდ მასზე ჩვეულებრივ ფილმებს, ან ტელეგადაცემებს კი არ აჩვენებენ, არამედ ექსპერიმენტულ, ზოგჯერ საკმაოდ უჩვეულო ფილმებს, რომელთაგან ბევრი მოულოდნელობის ეფექტს ახდენს. ეს ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია... მნიშვნელოვანია, ხალხმა ნახოს ის, რასაც სხვაგან ვერ ხედავს."

დიდ ეკრანზე საჩვენებლად შერჩეული ფილმები თემატურად არის დანაწილებული: ეს თემებია პოეზია, სხეული, ამბავი, გროტესკი, დრო და სივრცე, შიში, ოცნებები და ილუზიები... 19 ივლისს თემაზე "პოეზია" ჩეხი, გერმანელი, ფრანგი და ქართველი ხელოვანების ნამუშევრები აჩვენეს - ეს ხელოვანები მაია სუმბაძე და ნიკოლოზ მაჩაიძე არიან. ისინი პრაღაში არ ჩამოსულან, ისევე როგორც ფესტივალ "In Out"-ის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე - კონსტანტინე სულაბერიძე, რომლის ნამუშევარი პრაღაში 23 ივლისს აჩვენეს. კონსტანტინე სულაბერიძეს ბერლინში ტელეფონით დავუკავშირდით:

[კონსტანტინე სულაბერიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია

როგორც ფესტივალის კურატორმა პაველ ვანჩატმა მითხრა, გამოფენებსა და ჩვენებებზე დიგიტალური ნამუშევრებით არის წარმოდგენილი 160-მდე ხელოვანი, რომელთაგან პრაღაში სულ 50-მდე კაცი ჩამოვიდა. ამასთან, ნამუშევართა შესარჩევად ორი სხვადასხვა გზა გამოიყენეს: [პაველ ვანჩატის ხმა] "ერთი იყო ანკეტა, რომელიც ინტერნეტში გამოვაქვეყნეთ და ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს უნდა შეევსოთ. მეორე გზა კი კურატორების არჩევანი იყო - ევროპაში ვიმოგზაურეთ და ხალხი შევარჩიეთ. ვფიქრობ, ფესტივალში მონაწილე ხელოვანთა ნახევარი კურატორების შერჩეულია, მეორე ნახევარი კი ანკეტის შევსების შედეგად მოწვეული".

მათ ემატება რამდენიმე მკვლევარი - ჩეხი და უცხოელი ფილოსოფოსები, ხელოვნების თეორეტიკოსები. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში დიგიტალური ხელოვნების თემას შეეხება ერევნელი ევა ხაჩატრიანი, რომელიც 28 ივლისს ჯაზ-კლუბ "ჟელეზნაში" წაიკითხავს მოხსენებას თემაზე "პოსტსაბჭოთა სომხეთი და მისი მეზობლები". მომავალ წელს კი, ვინ იცის, პრაღაში, შესაძლოა, გარდა ქართველი ხელოვანების ნამუშევრებისა თვით ხელოვანები და ხელოვნების თეორეტიკოსებიც ვიხილოთ - კურატორ პაველ ვანჩატსა და მის თანამოაზრეებს დიდი სურვილი აქვთ, წლეულს პირველად ჩატარებული ფესტივალი "In Out" ტრადიციად დაამკვიდრონ: [პაველ ვანჩატის ხმა] "ჯერ მოველით საზოგადოების, ხელოვანების, სპონსორების გამოხმაურებას. იმედი მაქვს, რომ ფესტივალის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება და წარმატებაც ექნება".

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
მარიამ ჭიაურელი - თავის რესპონდენტებთან ერთად - მოგითხრობდათ დიგიტალური გამოსახულების პირველ საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით "In Out". პრაღაში მიმდინარე ეს ფესტივალი 29 ივლისამდე გასტანს. მანამდე კი, 26 ივლისს, ჩეხეთის დედაქალაქში, წინასწარვე შეიძლება ითქვას, დიდი წარმატებით ჩაივლის ლეგენდარული "როლინგ სტოუნზის" კონცერტი - სწორედ 26-ში როკ-ჯგუფის ლიდერს, მიკ ჯაგერს 60 წელი უსრულდება.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
"მეათე სტუდიას" ვამთავრდებთ "როლინგ სტოუნზის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერით. მიკ ჯაგერი მღერის, დრო ჩემს მხარეზეაო - "Time Is On My Side". რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG