Accessibility links

ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებით საქართველოს ხელისუფლება არსებობას დაასრულებს - მიიჩნევს ქართველ ტრადიციონალისტთა ლიდერი


ეჭვგარეშეა, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ბეიკერის ვარიანტს საქართველოს პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენითაც დაამტკიცებს. მანამდე კი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში უკვე

ჩნდება პოლიტიკოსთა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და არსებობა ნებაყოფლობით დაასრულა. ამ მოსაზრების ერთ-ერთი ავტორია ქართველ ტრადიციონალისტთა ლიდერი აკაკი ასათიანი.

საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი წინასაარჩევნო ბატალიებში ჯერჯერობით პასიური სვლებით გამოირჩევა, თუმცა ინარჩუნებს შორსგამიზნულ სიფრთხილეს და, ტრადიციულად, არც ორმაგ თამაშს ერიდება. მაგალითისათვის საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებასთან დაკავშირებული უახლოესი მოვლენებიც კმარა: საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ტრადიციონალისტმა" მხარი დაუჭირა როგორც ეგრეთ წოდებულ ბეიკერის ვარიანტს, ისე მრეწველთა ვარიანტს. ეს უკანასკნელი, ტრადიციონალისტთა აზრით, აბსოლუტურად იცავდა ბეიკერის პრინციპს. არადა, მრეწველებმა ბეიკერის ფორმულის გატანა პროამერიკული ძალების გამარჯვებად შეაფასეს და არაერთგზისი პროტესტი გამოთქვეს. შესაბამისად, მრეწველების და ბეიკერის წყვილად მოხსენიება თითქოს ალოგიკურადაც კი ჟღერს, მაგრამ, აკაკი ასათიანის აზრით, მთავარი პრინციპია - ბეიკერის ფორმულა ობიექტური თანაფარდობის დაცვას უზრუნველყოფს.

[აკაკი ასათაინის ხმა] "მათ შემოიტანეს მარტივი რამ. შეადგინეს ისეთი რაოდენობა, სადაც ერთ მესამედზე მეტი არ ჰყავს ხელისუფლებას. არ ეყოლებოდა, ანუ ის ვერ დაბლოკავდა გადაწყვეტილებას ცალმხრივად. ამავე დროს, ოპოზიციას არა ჰყავს ორი მესამედი. ანუ ვერც ოპოზიცია მოახვევს თავს, ვთქვათ, რომ გაერთიანდეს. ძალიან საეჭვოა, მაგრამ, ვთქვათ, გაგიჟდა და გაერთიანდა, ვერ მოახვევს თავს ხელისუფლებას თავის გადაწყვეტილებას. და ყველაფერი ეს ხდება მხოლოდ ეუთოს თავმჯდომარის, ნეიტრალური ადამიანის, მეშვეობით. აი, ეს ნეიტრალური ადამიანი წყვეტს: მიუდგება ხელისუფლებას, თუ სწორია ის, ცხადია, მაშინ ის დაბლოკავს; ოპოზიციის მხარეს დადგება, მაშინ ოპოზიციას გააქვს. აი, ის ერთი იყო უპრინციპულესი რამ და ეს თანაფარდობა - ერთი მესამედი და არშემდგარი ორი მესამედი."[სტილი დაცულა]

აკაკი ასათიანის აზრით, ამ პროპორციაში ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენელთა შეყვანა ბალანსს ხელისუფლების სასარგებლოდ შეცვლიდა და ამიტომ იყო დაუშვებელი. შესაბამისად, იგი იზიარებს გაერთიანებული დემოკრატების აზრს და ავტონომიების წარმომადგენელთა ადგილს სახელისუფლებო კვოტაში ხედავს. ეს - თეორიულად, პრაქტიკულად კი "აღორძინების" განაწყენება შეიძლება აჭარასა და თბილისში საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტითაც კი დასრულდეს. პირადად აკაკი ასათიანი ამ ალბათობას, უპირველესად, აჭარის ლიდერის კეთილგონიერების იმედით, გამორიცხავს.

მონატრებული თბილი სიტყვები ტრადიციონალისტთა ლიდერმა ამჯერად არც პრეზიდენტ შევარდნაძის მიმართ დაიშურა და ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ერთადერთ კაცად მიიჩნია, ვისაც ჭკუა მოეკითხება. ეს კეთილგანწყობა ბეიკერის ფორმულის გასვლით მოგვრილი ეიფორიაა თუ კიდევ სხვა რამ, უახლოეს ხანში გამოიკვეთება. ტრადიციონალისტები წინასაარჩევნო მარათონში ჯერჯერობით დამოუკიდებლად არიან ჩაბმულნი და ამ ეტაპზე, ძირითადად, პარლამენტში აქტიურობას გეგმავენ. პარლამენტის პირველსავე სხდომაზე ისინი, ალბათ, კიდევ ერთხელ შეეცდებიან კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი დააყენონ. მინისტრთა კაბინეტის, ორპალატიანი პარლამენტისა და ახალი ადმინისტრაციულ -ტერიტორიული მოწყობის საკითხებზე ორი დღის წინ გამართულ სარეიტინგო კენჭისყრაზე პროექტმა 133 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო და მხოლოდ 24 ხმა დააკლდა.
XS
SM
MD
LG