Accessibility links

logo-print

ხელისუფლების მორიგი შეტევა პრესის თავისუფლებაზე საქართველოში


იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომლის თაობაზე რადიო "თავისუფლება" ერთი წლის წინ იტყობინებოდა, საინფორმაციო საშუალებებისა

დ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, პარლამენტმა 6 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით მაინც მიიღო. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც, პრესის ან ინფორმაციის სხვა საშუალებით გავრცელებული ცილისწამება უკვე სისხლის სამართლის კანონით ისჯება. საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად, კანონმდებელთა ამგვარმა დამოკიდებულებამ ხუთშაბათს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და არასამთავრობო სექტორის ერთსულოვანი პროტესტი გამოიწვია. "თავისუფლების ინსტიტუტში" შეკრებილმა ჟურნალისტებმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას "რევანშისტული ძალების შეტევის" მცდელობა უწოდეს და პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით სპეციალური მიმართვა მიიღეს.


პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ როცა გავლენიანი პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო ბრძოლისთვის ემზადებიან და ინფორმაციის საშუალებების გულის მოგებას ნაირნაირი პროექტებით ცდილობენ, საქართველოს პარლამენტმა, სახელისუფლებო ფრაქციების ინიციატივითა და მხარდაჭერით, პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოში არსებულმა თითქმის ყველა მედია-ორგანიზაციამ ერთსულოვნად აღიქვა როგორც დრაკონული. ამიერიდან, სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლში შეტანილი ცვლილებით, ცილისწამების, ესე იგი ცრუ ცნობის, შეგნებულად გავრცელება, ჩადენილი პრესის, მასობრივი ინფორმაციის საშუალების ან კომპიუტერული ქსელის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე. ხოლო თუ ამ ქმედებამ სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, უკვე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გახმაურებული ტელეგადაცემა "60 წუთის" ავტორის აკაკი გოგიჩაიშვილის აზრით, ამ კანონის მიღების შემთხვევაში სერიოზული ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება შეუძლებელი გახდება:
[აკაკი გოგიჩაიშვილის ხმა] "რეალობა დღეს საქართველოში ისეთია, რომ ნებისმიერი სახელისუფლებო სტრუქტურა შეასრულებს დღეს პრეზიდენტისა და მისი გუნდის დაკვეთას და იმ შემთხვევაში, თუკი ცნობები იქნება შეურაცხყოფის მატარებელი, მიიღებს ჟურნალისტის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. და ამის ფაქტები არსებობს."

ანალოგიური შინაარსისა იყო "თავისუფლების ინსტიტუტში" შეკრებილი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის დამიკიდებულება ამ საკანონმდებლო ცვლილების მიმართ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაკეთებულ საპროტესტო მიმართვაშიც აისახა. მასში აღნიშნულია, რომ მასმედიის წარმომადგენლები თავადაც არიან შეშფოთებულნი ცილისწამების მომრავლებით პრესის ფურცლებზე, რის აღსაკვეთადაც თვითრეგულირების მექანიზმებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების შემუშავებაზე შეთანხმდენ. თუმცა, ამ ფონზე, ასოციაცია "თავისუფალი პრესის" დირექტორის სოსო სიმონიშვილის დაკვირვებით, სამთავრობო ფრაქციების მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილება აშკარად რევანშისტული ზრახვებით არის განპირობებული.

[სოსო სიმონიშვილის ხმა] "რამდენ მთავრობის სხდომას გაიხსენებთ, სადაც პრეზიდენტს, მთელ რიგ მინისტრებს, გუბერნატორებს ძალიან კატეგორიულად დაუყენებიათ ეს საკითხი, რომ ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა აილაგმოს პრესა." [სტილი დაცულია]


ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ცვლილება, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, პარლამენტში "მოქალაქეთა კავშირის" წევრმა რევაზ არველაძემ შეიტანა, მაშინ როცა არსებობდა იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტზე. არანაკლებ პარადოქსული ფაქტია ისიც, რომ კანონპროექტს, რომელიც ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების მიერ ერთხმად შეფასდა როგორც "იერიშის მიტანის მცდელობა პრესის თავისუფლებაზე", 123 დეპუტატს შორის ხმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კულტურისა და მეცნიერების ცნობილმა მოღვაწეებმაც მისცეს.
XS
SM
MD
LG