Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება, ბიუჯეტი კი მაინც არ სრულდება


25 ივლისს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 6 თვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. ამ კვლევის შედეგები საქართველოს

მოქალაქეთა ყოველდღიურ ყოფაზე პოლიტიკური პროცესების გავლენისა თუ საქართველოსთვის აქილევსის ქუსლად ქცეული ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზების ნათელ სურათს ხატავს.

სტატისტიკის დეპარტამენტის კვლევის შედეგების მიხედვით, მიმდინარე 6 თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის 8,6 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, საერთო მოცულობით -4 მილიარდი ლარი. ეს მთლიანი შიდა პროდუქტის საგრძნობი მატების პირველი შემთხვევაა 1997 წლის შემდეგ. ამ ფაქტს სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ ბერიძე ასე განმარტავს:

[თემურ ბერიძის ხმა] "მინდა ხაზი გავუსვა ისეთ ფაქტორს, როგორიც გახლავთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დაწყების შედეგად მშენებლობაში მატება. თუმცა, ამავე დროს, სხვა დარგებმაც საკმაოდ მაღალი აქტივობის დონე აჩვენეს."[სტილი დაცულია]

სტაბილური ზრდაა კავშირგაბმულობისა და ფინანსური მომსახურების სფეროში. ასევე საგრძნობი მატებაა მრეწველობაში: გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მრეწველობის საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 623 მილიონი ლარი შეადგინა.

თვალსაჩინო წინსვლაა სოფლის მეურნეობაშიც. მაშინ, როდესაც ამ დარგის მინისტრს გადაყენება ემუქრება პურპროდუქტების ფასების ხელოვნურად ზრდის ბრალდებით, ქვეყანაში თავთავიანი კულტურების მოსავალი, გასულ წელთან შედარებით, 26%-ით მეტია აღებული. მარტივი ლოგიკით, ასეთ მატებას ფასების კლება უნდა გამოეწვია.
პურის ღირებულების შემცირებას კერძო საუბარში სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელიც ადასტურებდა, თუმცა დეპარტამენტის თავმჯდომარემ საწინააღმდეგო ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება. სწორედ სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციის საფუძველზე აგორდა კამპანია სოფლის მეურნეობის მინისტრის წინააღმდეგ.

[თემურ ბერიძის ხმა] " 98-99 წლებში იყო სტაბილური ფასი პურზე. მაგრამ 2003 წლის ივნისის ბოლოდან დაფიქსირდა ზრდა. ერთი პერიოდი ზამთარში რყევა იყო, თუ არ ვცდები, მაგრამ მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ივნისის ბოლოს."

რამდენადაა ამ ყველაფერში სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრალეულობა, ამის თქმა სტატისტიკის დეპარტამენტს არ შეუძლია. თემურ ბერიძე მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ფასების ზრდა ფქვილის იმპორტზე ადმინისტრირების გაუმჯობესების შედეგი შეიძლება იყოს, რაც, თავისთავად, გაცილებით უკეთესი მოვლენაა, ვიდრე კონტრაბანდის გაზრდის ხარჯზე პურის ფასის შემცირება.

სწორედ გადასახადების ადმინისტრირების საკითხია ის მთავარი პრობლემა, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლის ბიუჯეტში ასახვის შესაძლებლობას არ იძლევა. თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ადმინისტრირების სფეროში, ეს ერთი მაგალითიდანაც ნათლად ჩანს: სამეწარმეო სექტორის გამოშვებაში დაკვირვებადი, ანუ თეთრი ბიზნესი, 46 პროცენტია, ხოლო დაუკვირებადი, ანუ ჩრდილოვანი, 54%-ს შეადგენს.
XS
SM
MD
LG