Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი არბიტრის როლს ირჩევს


საარჩევნო კოდექსის ახალი ვარიანტის კენჭისყრა პარლამენტში დიდხანს გაჭიანურდა. მრავალდღიან პროცედურას, გავრცელებული ვერსიით, წერტილი მხოლოდ პრეზიდენტის სატელეფონო ზარმა დაუსვა.


რას ნიშნავდა ედუარდ შევარდნაძის ჩარევა სხდომის მიმდინარეობის ყველაზე კრიტიკულ მომენტში?

საზოგადოებისთვის თავიდანვე ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯეიმს ბეიკერმა საქართველოში ჩამოიტანა არჩევნების ჩატარების ათპუნქტიანი მოდელი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების სქემა. მაგრამ ნახევრად საიდუმლოდ დარჩა ერთი არსებითი რეკომენდაცია. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა, სანდო წყაროზე მითითებით, გამოაცხადა, რომ ბეიკერმა პირადი შეხვედრისას შევარდნაძეს შესთავაზა, უარი ეთქვა სახელისუფლო ბლოკის ლიდერობაზე და არჩევნებში არბიტრის ფუნქცია ეტვირთა.

თუ ამგვარი რეკომენდაცია მართლაც არსებობს და თუ საქართველოს პრეზიდენტისთვის ის მისაღებია, 2 ნოემბერს უპრეცედენტო ვითარება შეიქმნება. ედუარდ შევარდნაძის გამიჯვნა სახელისუფლო ბლოკისგან სერიოზულად გააძლიერებს ოპოზიციას. ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ყოველთვის უზრუნველყოფდა მოქალაქეთა კავშირის წარმატებას, შევარდნაძის გარეშე დარჩენილ ბლოკს უპირობოდ, ალბათ, აღარ მოემსახურება. საფიქრებელია, რომ ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლებას გემო გაუგეს, რეიტინგულ პარტიებს უფრო ხალისით დაეხმარებიან, ვიდრე ურეიტინგოს.

მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილე მხარიდან არბიტრის როლში გადაინაცვლებს. სწორედ ამ პროცესზე მინიშნებად უნდა მივიჩნიოთ სახელისუფლო ბლოკში პოლიტიკური საბჭოს ჩამოყალიბება. რადგან ამიერიდან პრეზიდენტის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილებები ჩაენაცვლება. უეჭველია, არბიტრის ფუნქციად უნდა შეფასდეს ის სატელეფონო ზარიც, რომელმაც მრავალდღიანი თავგანწირული ბრძოლა სახელისუფლო ბლოკის საზიანოდ და ბეიკერის სქემის სასარგებლოდ დაასრულა.

ედუარდ შევარდნაძეს, როგორც სახელისუფლო ბლოკის ლიდერს, ცხადია, ხელს აძლევდა ძველი კოდექსის და ძველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენარჩუნება. მაგრამ ედუარდ შევარდნაძეს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ხელს აძლევდა ახალი საარჩევნო კოდექსი და ოპოზიციის კუთვნილი ადგილების პარიტეტული გადანაწილება.

თავად ოპოზიცია დიდხანს ეჭვით უყურებდა იმ საკითხს, თუ როგორ იმოქმედებდა გადამწყვეტ მომენტში ედუარდ შევარდნაძე: როგორც ბლოკის ლიდერი თუ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. ოპოზიციის ეჭვი მოჯადოებულ წრეში ბრუნავდა: სახელისუფლო ფრაქციები აცხადებდნენ, რომ კენჭისყრა არ შედგებოდა ოპოზიციური სპექტრის შეთანხმებამდე. ოპოზიციური სპექტრი კი ვერ თანხმდებოდა, რადგან აღორძინება და მრეწველები დანარჩენ პარტიებს შევარდნაძესთან ფარულ კავშირში ადანაშაულებდნენ. და თუ მოჯადოებული წრის გარღვევა მოხერხდა, სწორედ იმის გამო, რომ ედუარდ შევარდნაძემ ბლოკის ლიდერის ფუნქცია დათმო და არბიტრის ფუნქცია იტვირთა. შემდგომი მოვლენები პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, კიდევ უფრო თვალსაჩინოდ დაადასტურებს.
XS
SM
MD
LG