Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა მსოფლიო პრესა ცნობას იმის შესახებ, რომ 22 ივლისს, ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში ამერიკელი სამხედროების მიერ განხორციელებული რეიდის დროს ერაყის

დამხობილი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის ორივე ვაჟი უდაი და ქუსაი იქნა მოკლული. ბრიტანეთის ყოველკვირეული ჟურნალი "ეკონომისტი" ამასთან დაკავშირებით წერს:

"1979 წელს, როცა სადამ ჰუსეინი ერაყის პრეზიდენტი გახდა, მისი უფროსი ვაჟი უდაი 15-ის, ხოლო უმცროსი ქუსაი, 13 წლისა იყო. როგორც უდაის უთქვამს მეგობრებისთვის, მამის ბრძანებით ძმები უნდა დასწრებოდნენ რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილი ათობით ოფიციალური პირის სიკვდილით დასჯას. უდაიმ აღიარა, რომ საკუთარი ხელით მოკლა რამდენიმე ოფიციალური პირი. თუ უდაის მამას ბოლოს მაინც შეიპყრობენ და სადამ ჰუსეინს წარსულის გახსენება მოუხდება, რაც ზოგჯერ დიქტატორების ხვედრიცაა, იგი ალბათ აგვიხსნის, რატომ აყურებინებდა მოზარდ ვაჟებს სიკვდილით დასჯის ამაზრზენ სანახაობას. თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სადამი ულმობელი დიქტატურისა და ტირანიისთვის ამზადებდა თავის ვაჟებს. ამიერიდან, ესაა ცხოვრების რეალობა ერაყშიო, არაერთხელ უთქვამს შვილებისთვის სადამ ჰუსეინს.
იმ დიქტატორთაგან, მრავლად რომ იყვნენ მეოცე საუკუნეში, ბატონი ჰუსეინი ყველაზე მეტად ეთაყვანებოდა სტალინს, რომელიც ულმობელი ტირანი იყო, უდიდესი გავლენით სარგებლობდა და თავის ლოგინში გარდაიცვალა. უდაისა და ქუსაის გაგონებაზე საათების შემკეთებელი ბაღდადის სავაჭრო ცენტრში იფურთხება. "უდაიმ ათასობით გოგონა გააუპატიურა", - ამბობს იგი. სხვები აღშფოთებას არ მალავენ იმის გამო, რომ ჰუსეინების ოჯახმა ასეული მილიონობით დოლარი საზღვარგარეთის ბანკებში გაადარიცხა. "ჰუსეინების ოჯახი იყო კრიმინალების ბანდა, რომელმაც ერაყელი ხალხი გაყვლიფა", - ამბობენ განრისხებული ერაყელები."

როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, ერაყში ბევრს არ დაწყდება გული სადამ ჰუსეინის ვაჟების გარდაცვალების გამო, ვინაიდან უდაიცა და ქუსაიც, თავინთი მამის მსგავსად, ვერაგები, დაუნდობელი მკვლელები იყვნენ და გაყვლიფეს ქვეყანა, რათა თავად ფუფუნებაში ეცხოვრათ. გაზეთი დასძენს:

"თუ ამერიკელი სამხედროები ამჯერად თავად სადამ ჰუსენს შეიპყრობენ, ერაყელი ხალხი საბოლოოდ დარწმუნდება იმაში, რომ დიქტატორი და მისი კლანი ვეღარასოდეს დაბრუნდება ხელისუფლების სათავეში. და რაც მთავარია, სადამ ჰუსეინის შეპყრობასთან ერთად საგრძნობლად იკლებს ერაყში ყოველგვარი ძალადობა".

საფრანგეთის გაზეთი "მონდი" მიესალმება ცნობას უდაი და ჰუსაი ჰუსეინების მკვლელობის შესახებ, მაგრამ არაა დარწმუნებული იმაში, რომ დამხობილი რეჟიმის ამ ორი გავლენიანი ლიდერის ლიკვიდაცია შეამცირებს ერაყში ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებზე თავდასხმებს. ხოლო გაზეთ "ფრანკფურტერ რუნდშაუს" მიმომხილველს კარლ გრობეს, ეთიკური თვალსაზრისით, გაუმართლებლად მიაჩნია ტყვიებით დაცხრილული უდაისა და ქუსაის გვამების დემონსტრირება ტელევიზიით.

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" მიმომხილველს სანდრა მაკეის მიაჩნია, რომ უდაი და ქუსაი ჰუსეინების მოკვლით შეერთებულმა შტატებმა ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვა და არა სტრატეგიული. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"რაოდენ დასანანია, რომ ვერ მოხერხდა ძველი რეჟიმის ამ ორი ოდიოზური სიმბოლოს ცოცხლად შეპყრობა და საჯაროდ გასამართლება იმ აურაცხელი დანაშაულისთვის, ერაყელი ხალხის წინააღმდეგ რომ ჩაიდინეს უდაი და ქუსაი ჰუსეინებმა.
XS
SM
MD
LG