Accessibility links

მთავრობა ბიუჯეტს ვერ ასრულებს, ენერგობაზარს კი რუსულ კომპანიებს უთმობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საარჩევნო ციებ-ცხელებით და ე.წ. ბეიკერის ფორმულის ირგვლივ დებატებით გართული ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტის ივლისის გეგმასაც ვერ ასრულებს. თვის დასრულებამდე 5 დღით ადრე ბიუჯეტი

კვლავ გარღვეულია და მთავრობას, ჩვეული მიწერებისა და რასკრუტკების ნაცნობი სცენარის გათამაშების გარეშე, ივლისის პარამეტრების დაცვა გაუჭირდება. გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მონაცემები არსებობს - ერთი ვარიანტით გეგმა 77 პროცენტით არის შესრულებული, ხოლო მეორე მონაცემით, ხაზინაში მხოლოდ დაგეგმილის 38 პროცენტია მობილიზებული. აქედან საბაჟომ გეგმა 43, ხოლო საგადასახადო დეპარტამენტმა 36,4 პროცენტით შეასრულა. ეს მაშინ, როდესაც, ტრადიციულად, ზაფხულის ბოლო, შემოსავლების ადმინისტრირების თვალსაზრისით, შედარებით უკეთესი პერიოდია.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სავალუტო ფონდის ბოლო მისიამ სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა 15 აგვისტომდე მოგვცა, ადვილი გასაზიარებელი იქნება ის პათოსი, რომლითაც მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტი თავის მინისტრებს კიცხავდა. ჯერჯერობით ფონდის სამახსოვრო ჩანაწერის თითქმის არც ერთი პუნქტი არ არის შესრულებული. უფრო მეტიც, მთავრობაში ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ განსახორციელებელი სეკვესტრის მოცულობაზე. ამ საკითხის ირგვლივ სხვადასხვა უწყებები დღემდე მსჯელობენ. ფინანსთა სამინისტროს მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი კორექტირების ვარიანტი, როგორც მოსალოდნელი იყო, შეიცვალა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტით მთავრობა პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევა. სეკვესტრის პროექტის დაგვიანებას მთავრობაში სავალუტო ფონდთან პარამეტრების შეუთანხმებლობით ხსნიან, თუმცა სავსებით შესაძლებელია ის სხვადასხვა უწყებების მიერ წინასწარ წარმოდგენილი ციფრების შეცვლითა და ლობირებით იყოს განპირობებული. ამასთან, კანცელარიაში აცხადებენ, რომ ახალი პროექტით, ხარჯვითი ნაწილი მხოლოდ 94 მილიონი ლარით შემცირდება და აქცენტი შემოსავლების მატებაზე გაკეთდება. თუმცა, თუ ამჟამინდელ საბიუჯეტო პრობლემებს გავითვალისწინებთ, ძნელი წარმოსადგენია მთავრობამ დამატებითი შემოსავლების ამოღება შეძლოს.

ფისკალურ სფეროში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას ხელისუფლება ნაცადი ხერხით - გაუთავებელი თათბირებით, სხვადასხვა კომისიების შექმნით და დადგენილებებით ცდილობს. 12 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა ამ საკითხს მორიგი დადგენილება მიუძღვნა, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებამ ცალკეულ სფეროებზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ასე მაგალითად, სიგარეტის კონტრაბანდას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა ებრძოლოს, ნავთობპროდუქტები უშიშროების სამინისტროს კონტროლის სფეროში უნდა მოექცეს, ტრანზიტული ტვირთები ტრანსპორტის მინისტრს, ჩრდილოვანი ეკონომიკის შესწავლა კი სტატისტიკის დეპარტამენტს "ერგო"; ეკონომიკის სამინისტრომ ე.წ. სარკისებური ანალიზი უნდა ჩაატაროს, ხე-ტყის დაბეგვრა კი ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. საკმაოდ საინტერესო სქემაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ, სხვადასხვა მოარული ხმების მიხედვით, ამ სფეროებს სწორედ იმ უწყების მაღალჩინოსნები "კრიშავდნენ", რომლებმაც ამჯერად კონტრაბანდის შემცირებასა და გადასახადების ამოღებაზე უნდა იზრუნონ.

უცნაურია, მაგრამ დამოუკიდებლად არსებობის ათწლეულის განმავლობაში სახელმწიფო პრობლემების გადაწყვეტას მხოლოდ თათბირებით და დადგენილებებით ცდილობს; თანაც, ეს დადგინილებები ყოველთვის თავის სამართლებლად და თვალში ნაცრის შესაყრელად იწერება და, ამდენად, აპრიორი მკვდრადშობილია.

გასულ კვირას, საბიუჯეტო პრობლემების გარდა, მთავრობა ენერგეტიკული სკანდალის გამოც აღმოჩნდა კიდევ ერთხელ უხერხულ მდგომარეობაში. ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა "თელასიდან" ამერიკული "ეი-ი-ეს"-ის შესაძლო წასვლის თაობაზე აგორებული სკანდალი და ამ პერიოდში ერთ-ერთი რუსული კომპანიის ინტერნეტ საიტიდან ცნობილი ხდება, რომ ენერგეტიკის სამინისტრო რუსული გაზის მონოპოლისტთან, "გაზპრომთან", 25 წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებს. მთავრობა ამ შეთანხმების მხოლოდ ზოგად პრინციპებს ახმოვანებს, თუმცა ცხადია, რომ "გაზპრომის" საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის მოვლენა არ არის და მის უკან შორს მიმავალი პოლიტიკური ზრახვებიც იმალება. შეთანხმების მიხედვით, "გაზპრომს" შესაძლებლობა ექნება მთლიანად აკონტროლოს საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის პროცესი. ამასთან, ხელშეკრულება გულისხმობს ერთობლივი სატრანზიტო პროექტების შემუშავებას, ინფორმაციის მიწოდებას საპრივატიზაციო გეგმების თაობაზე. მხარეებმა, ასევე, უნდა გააფორმონ ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიის გავლით გაზის ტრანსპორტირების შესახებ. ბუნებრივი აირის ღირებულება და მოცულობა უნდა გადაიხედოს ყოველწლიურად.

"გაზპრომის" საქართველოში შემოსვლით ქართული ენერგეტიკული უსაფრთხოება სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. თუ ამას დავუმატებთ "თელასის" "რაო-ეესისათვის" შესაძლო მიყიდვის თაობაზე არსებულ ვერსიას, რუსული "ენერგეტიკული ექსპანსიის" შესახებ გამოთქმული მოსაზრებები არცთუ გადაჭარბებულად მოგვეჩვენება. ამასთან, სერიოზული საფრთხე შეექმნება ე.წ. შახდენიზის პროექტს, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტად აღიქმება.

"გაზპრომთან" გაფორმებულმა 25 წლიანმა ხელშეკრულებამ უკვე გამოიწვია უკმაყოფილება ამერიკის ადმინისტრაციაში. თუ იმავე რუსულ ინტერნეტ საიტს ვერწმუნებით, "რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ უკვე გამოიწვია აშშ-ს უკმაყოფილება. აშშ ორ ქვეყანას შორის ამ სფეროში პარტნიორობის წინააღმდეგია და ამ თანამშრომლობას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თავისი სტრატეგიული ინტერესებისათვის საფრთხედ განიხილავს."

ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია განმარტებას მოითხოვს და ენერგეტიკის მინისტრის იმპიჩმენტითაც იმუქრება. თუმცა ძნელი დასაჯერებელია ამ ტიპისა და მასშტაბის ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ დავით მირცხულავას ინიციატივა იყოს.
ამ სკანდალში საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას ჰყოფნის "გამბედაობა" და არჩევნების წინ ასეთ ხელშეკრულებას აფორმებს რუსულ ენერგოგიგანტთან, რომელიც ბოლო პერიოდში რუსული პოლიტელიტის დასაყრდენად და მისი ინტერესების გამტარებლად არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG