Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ემუქრება თბილისს დატბორვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 26 ივლისს დილიდან თბილისელები წინა ღამით მოსული წვიმის შედეგებს ებრძოდნენ - თითქმის მთელ თბილისში, ქუჩის კოლექტორების წყობიდან გამოსვლის გამო, დაიტბორა ქუჩების უმრავლესობა,

დავით აღმაშენებლის გამზირზე წყალმა სარდაფებში და პირველ სართულებზე შეაღწია, კიდევ უფრო დაზიანდა თბილისის მიწისძვრისას დაზარალებული სახლები. რატომ იქცა წვიმა სტიქიურ უბედურებად თბილისელებისთვის?

მაშინ, როცა თბილისში ნახევარსაათიანი წვიმის შემდეგაც კი ქუჩების დიდი ნაწილი იტბორება, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მოჰყვა 25 ივლისს დაწყებულ წვიმას, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა - დილიდან ქალაქის სანიტარული დასუფთავების სამსახურები შლამისა და ტალახის გასატანად იყვნენ მობილიზებულნი, თუმცა ჯერაც არ არის ცნობილი, რა ზარალი მიაყენა წვიმამ ჩვეულებრივ თბილისელებს, ვის საცხოვრებელ ბინებშიც და სარდაფებშიც წვიმამ შეაღწია. არადა, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ნიკოლოზ ბერაძის განმარტებით, 25 ივლისს მოსული წვიმა საგანგაშოდ ინტენსიური არ ყოფილა:
[ნიკოლოზ ბერაძის ხმა] " მე მეტეოროლოგიური თვალსაზრისით გეტყვით: საკმაოდ ინტენსიური წვიმა იყო, მაგრამ ჩვეულებრივ სიტუაციაში ბევრს არაფერს გამოიწვევდა ქალაქისთვის."
[თამარ ჩიქოვანის ხმა] " ჩვეულებრივ სიტუაციაში, ქუჩის კოლექტორები რომ გამართულად მუშაობდეს, გეთანხმებით, არაფერიც არ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვეულებრივ პირობებში არ ვცხოვრობთ და კიდევ ერთი ასეთი წვიმიანი ღამე, ღმერთმა უწყის, რა შედეგებამდე მიგვიყვანს. როგორია ამინდის პროგნოზი?"

[ნიკოლოზ ბერაძის ხმა] " ყველა მაგას გვეკითხება, შენარჩუნდება თუ არა ასეთი ამინდები. ჩვენ, მეტეოროლოგები, ვამბობთ, რომ თვის ბოლომდე გაგრძელდება ეს პროცესი, რომელიც განპირობებულია დაბალი წნევის არით, რომელიც კავკასიონის თავზე დგას და პორცია-პორციობით ამძაფრებს სიტუაციას. თუ დააკვირდებით, ერთი დღე კარგი ამინდია, მეორე დღეს - თითქოს შემოდგომის ამინდს ჰგავს. ასეთი სინოპტიკური სიტუაციაა და ეს გაგრძელდება თვის ბოლომდე."[სტილი დაცულია]
[თამარ ჩიქოვანის ხმა] " და აგვისტოც გრილი და წვიმიანი გველის?"
[ნიკოლოზ ბერაძის ხმა] " ველოდებით თბილ აგვისტოს - ისეთს, როგორიც გვახსოვს და ოდნავ უფრო თბილს. მაგრამ თვის განმავლობაში არ არის გამორიცხული არც ძლიან ცხელი დღეები, ასევე, ისეთი დღეები, როგორიც ახლაა - სიგრილე და შედარებით ნალექი. ანუ აგვისტოში რეკომენდაციას გაძლევთ დასასვენებლად მათ, ვისაც ამის საშუალება აქვს, მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება ცხელმა დღეებმაც შეაწუხოს მოსახლეობა."
XS
SM
MD
LG