Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ულტიმატუმი წაუყენა ირანს


ანდრო ეული, პრაღა ახლახან ევროპის კავშირმა ულტიმატუმი წაუყენა ირანს: გაეროს ექსპერტებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უნდა შეეძლოთ, როცა კი მოესურვებათ, ატომურ ენერგიასთან დაკავშირებული ნებისმიერი

ობიექტის შემოწმება ირანში. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი შეწყვეტს ვაჭრობის სფეროში თეირანთან მიმდინარე მოლაპარაკებას. პირდაპირ ითქვა ისიც, რომ ამ მოლაპარაკების წარმატებით დამთავრებისათვის ირანში არსებითი პროგრესი უნდა მოხდეს ადამიანის უფლებათა სფეროში, თანაც თეირანმა აქტიურად უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში.

ულტიმატუმის თანახმად, ირანმა სექტემბრამდე უნდა მოაწეროს ხელი გაეროს ოქმს, რომლის ძალითაც გაეროს განიარაღების ექსპერტები დაუბრკოლებლად შეძლებენ ირანში ნებისმიერი ბირთვული ობიექტის შემოწმებას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ თუ ხსენებული პირობა სექტემბრისათვის არ იქნება შესრულებული, მაშინ ევროკავშირი "გადასინჯავს" ვაჭრობის სფეროში ლიბერალიზაციის თაობაზე თეირანთან მიმდინარე მოლაპარაკებათა შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობას.

მინისტრებმა მოითხოვეს ამასთანავე, რომ თეირანმა აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო
თანამეგობრობასთან ისეთ საკითხებში, როგორიც არის ტერორიზმი, სარაკეტო ტექნოლოგია, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი და ადამიანის უფლებათა დაცვა. აი, რა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ლონდონში დაფუძნებული ევროპის რეფორმირების კვლევითი ცენტრის თანამშრომელმა სტივენ ევერტსმა [სტივენ ევერსტის ხმა]: "ეჭვი არ მეპარება, რომ თუ მოჰამედ ელ ბარადეი სექტემბერში მოგვახსენებს, ირანელებთან ვერაფერს გავხდი, ისინი კვლავინდებურად უპასუხოდ ტოვებენ კონკრეტულ შეკითხვებს ბირთვული ობიექტების რაოდენობის შესახებ, და უარს ამბობენ ამ ობიექტების გულდასმით შემოწმებაზეო, მაშინ, ვფიქრობ, ევროკავშირი იტყვის, რომ მოლაპარაკება ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ ვერ გაგრძელდება."

თუმცა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს არ უთქვამთ კონკრეტულად, რა ზომებს მიმართავს ევროკავშირი, თუკი თეირანი დადგენილ ვადამდე - სექტემბრამდე არ შეასრულებს ულტიმატუმის პირობას. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ უპასუხოდ დატოვა კორესპონდენტების თხოვნა, მეტი გარკვეულობა შეეტანა ამ საკითხში. ხოლო ფრატინის ფრანგმა კოლეგამ დომინიკ დე ვილპენმა თქვა, რომ თეირანი "სტრატეგიული არჩევანის" წინაშე აღმოჩნდა, და იქვე დასძინა: "ირანის გარიყვა საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებს არ უპასუხებსო."

ევროკავშირის ულტიმატუმზე ირანის თავდაპირველი რეაქცია უარყოფითი იყო. თეირანის რადიოსათვის ოთხშაბათს მიცემულ ინტერვიუში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ განაცხადა, რომ პირობების წამოყენება თუ სიტყვიერი მუქარა თეირანისთვის სრულიად მიუღებელია.

მაგრამ ბრიუსელში დაფუძნებული ევროპის პოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი ფრეზერ კამერონი დარწმუნებულია: ბოლოს ირანი მაინც მიხვდება, რომ ევროკავშირი არ ხუმრობს და ულტიმატუმის პირობებს შეასრულებს.

"ირანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ თეირანი შეასრულებს ევროკავშირის მიერ წამოყენებულ პირობებსო" - განაცხადა ფრეზერ კამერონმა.

და მართლაც, ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უკანასკნელ დღეებში მიანიშნეს, რომ თეირანი ალბათ ხელს მოაწერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამატებით ოქმს. აქამდე ირანი, ხსენებული ოქმის ხელმოწერის სანაცვლოდ, გაეროს იმ ემბარგოს გაუქმებას მოითხოვდა, რომლის ძალითაც თეირანს სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ტექნოლოგიების იმპორტი ეკრძალება.

სულ მალე, სექტემბერში, დავინახავთ, რამდენად შეასრულებს ირანი ევროპის საბჭოს მიერ წამოყენებული ულტიმატუმის პირობებს.
XS
SM
MD
LG