Accessibility links

logo-print

ავღანეთში სიყვარული ძვირად ფასობს, ანუ ავღანელი სასიძოების გასაჭირი


აზიისა და აფრიკის არაერთ ქვეყანაში მიღებული ტრადიციის თანახმად, ცოლის შერთვის მსურველი მამაკაცი ვალდებულია, საპატარძლოს ოჯახს კარგა მოზრდილი თანხა გადაუხადოს და ათასგვარი ძღვენითაც დაასაჩუქროს.

წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გულის სწორი შეიძლება სხვას მიათხოვონ. ავღანეთში მყარად ფესვგადგმული ეს ტრადიცია ახალგაზრდა მამაკაცებსა და მათს ოჯახებს არაერთ პრობლემას უქმნის. რადიო "თავისუფლების" ავღანური სამსახურის თანამშრომლის, ფარანგიზ ნაჯიბულას დახმარებით, იქაურ საქორწინო ტრადიციებზე და მათთან დაკავშირებულ სირთულეებზე დავით კაკაბაძე გიამბობთ.

[მუსიკა]

ეს ავღანური საქორწილო სიმღერაა.

[მუსიკა]

ავღანელები ამტკიცებენ, რომ მათი ქვეყანა მსოფლიოში მოწინავეა ოჯახების სიმტკიცის თვალსაზრისით. მართლაც, ცოლ-ქმრის გაშორების პრაქტიკა თითქმის არ არსებობს პუშტუნთა მრავალ ტომში, სადაც ოჯახის დაშლა უღირს საქციელად არის მიჩნეული.

თუმცა, გამორიცხული არ არის, ავღანური ოჯახების სიმტკიცე სხვა მიზეზითაც აიხსნებოდეს; კერძოდ კი იმით, რომ ავღანელი მამაკაცებისთვის დაქორწინება მეტად ძვირი სიამოვნებაა. ძველი ისლამური ტრადიცია დაოჯახების მსურველი მამაკაცისგან მოითხოვს, რომ საპატარძლო "გამოისყიდოს". ამ გამოსასყიდ თანხას თავად ავღანელები "მაჰრს" ან "ვალვარს" უწოდებენ.

ექსპერტთა განმარტებით, მაჰრის თავდაპირველი დანიშნულება ქალის მიმართ პატივისცემის გამოხატვა იყო -მისთვის გარკვეული ფინანსური დამოუკიდებლობის მინიჭების გზით. მაგრამ ეს უდავოდ კეთილშობილური იდეა კარგა ხანია, დავიწყებას მიეცა. დღეს ავღანელ მამაკაცთა უმრავლესობა მაჰრს, უბრალოდ, დაქორწინებისთვის აუცილებელ გადასახადად მიიჩნევს.

ისლამის მიხედვით, მაჰრი სასიძოს ოჯახის მიერ საპატარძლოს ოჯახისთვის გადასახდელი მოკრძალებული თანხაა, მაგრამ, როგორც თავად ავღანელები ამბობენ, მოკრძალებული თანხა დროთა განმავლობაში გაიზარდა და დღეს ბევრისთვის მიუწვდომელ მასშტაბებს მიაღწია. ხშირად საპატარძლოს ოჯახი, გარდა იმისა, რომ სასიძოს დიდძალ ფულს სთხოვს, მისგან ძვირფას საჩუქრებსაც მოელის; რომ აღარაფერი ვთქვათ 200-300-კაციანი ან კიდევ უფრო დიდი ქორწილის ხარჯების გაღებაზე.

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტს პაქტიის პროვინციის ახალგაზრდა მკვიდრმა უთხრა, ეს ტრადიცია სასიძოს ოჯახს უმძიმეს ტვირთად აწვება:

[მამაკაცის ხმა] "ჩვენთან პაქტიაში, ზურმათის რაიონში, ვალვარი ხუთასი ათასიდან მილიონ პაკისტანურ რუპიამდე, ანუ ცხრიდან 18 ათას დოლარამდე მერყეობს. ასეთივე სურათია პაქტიის მეზობელ რეგიონებში."

თუ მდიდარი ავღანელები ვალვარის გადახდას იოლად აუდიან, მათს ღარიბ მეზობლებს სულ უფრო უჭირთ აუცილებელი თანხის შეგროვება. საამისოდ მათ ხშირად მიწისა თუ ძვირფასი საოჯახო ნივთების გაყიდვა უხდებათ; ზოგი ფულის საშოვნელად მეზობელ პაკისტანს ან არაბულ ქვეყნებს მიაშურებს ხოლმე. საჭირო თანხის შეაკოწიწებას არცთუ იშვიათად წლები, ან ათწლეულები ჭირდება და ქორწილის სანატრელი ჟამის დადგომისას სასიძო ზოგჯერ ორმოც წელს გადაბიჯებულ მამაკაცად გვევლინება.

მაჰრის გადახდასთან დაკავშირებულმა დიდმა სირთულეებმა პუშტუნთა შორის ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. ამ ტრადიციას "ბადალი" ჰქვია და იგი საპატარძლოთა გაცვლას გულისხმობს. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის ოჯახი, რომელიც მაჰრს ვერ იხდის, საპატარძლოს ძმას ან მამრობითი სქესის სხვა ნათესავს სანაცვლოდ თავის ქალიშვილს სთავაზობს. თუმცა, ცხადია, ბადალი სასიძოს ყოველთვის ვერ მოევლინება მხსნელად. სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ქაბულის ერთმა მცხოვრებმა:

[მამაკაცის ხმა] "ჩემი აზრით, ბადალი პრობლემას ვერ მოაგვარებს. მაგალითად, რა ქნას სასიძომ, რომელსაც არ ჰყავს მოწიფული ასაკის და ან ნათესავი ქალი? მან უნდა იცადოს, ვიდრე ოჯახში გოგონა გაიზრდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი საპატარძლოების გაცვლა. არა, მე ბადალი არ მომწონს."

ამ ახალგაზრდა ქაბულელის დასამშვიდებლად შეიძლება ითქვას, რომ ავღანეთის ქალაქებში საპატარძლოს გამოსყიდვის ტრადიცია თანდათან სუსტდება, ზოგან კი სულაც ქრება. მაგრამ პროვინციაში, განსაკუთრებით პუშტუნებსა და თურქმენებს შორის, ამ ძველ ტრადიციას ჯერჯერობით არაფერი ემუქრება.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG