Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არნოლდ შვარცენეგერი: ტერმინატორი თუ გუბერნატორი?


ბოლო დროს ცნობებში, რომელიც ამერიკული პოლიტიკის სიახლეებს ეხება, ერთი კინოვარსკვლავის სახელი გამოერევა ხოლმე - მაგალითად 24 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, კალიფორნიაში,

ამ შტატის ისტორიაში პირველად, მოსახლეობის მოთხოვნით გაიმართება ვადამდელი არჩევნები, რომელშიც ამჟამინდელი გუბერნატორის, დემოკრატ გრეი დევისის მეტოქედ, შესაძლოა, რესპუბლიკური პარტიის წევრი არნოლდ შვარცენეგერი ჩაებას. "არნი კუნთებს კალიფორნიის საარჩევნო ყუთთან დაჭიმავს?" - ასეთ შეკითხვას სვამს საინფორმაციო სააგენტო რეიტერი, "შვარცენეგერის ამბიციები მეტია, ვიდრე უტვინო კულტურისტის აკვიატებული იდეა", წერს ავსტრიის გაზეთი "შტანდარტი"; "მზად არის ტერმინატორი რბოლაში ჩასაბმელად?"- ასე ასათაურებს ჩვენი რადიოს თანამშრომელი, ეუჯენ ტომიუკი თავის სტატიას, რომელსაც, ინფორმაციის ზოგიერთი სხვა წყაროს მოშველიებით, ახლა გაგაცნობთ. თუმცა, ჯერ ერთ ჩანაწერს მოვუსმინოთ.

[აუდიონაწყვეტი ფილმიდან "ტერმინატორი 3"]

"სურვილს მნიშვნელობა არა აქვს. მე მანქანა ვარო", ამბობს არნოლდ შვარცენეგერის მიერ განსახიერებული პერსონაჟი ახალ ფილმში "ტერმინატორი 3 - მანქანების აღზევება", რომლის შემოსავალმა ამერიკის კინოეკრანებზე გამოსვლიდან პირველი ერთი კვირის მანძილზე 72 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ფილმის გმირი რობოტისაგან განსხვავებით, არნოლდ შვარცენეგერს სურვილებისა თუ ამბიციების ნაკლებობა არასოდეს დასტყობია - ბავშვობიდანვე დიდ კულტურისტობაზე მეოცნებემ, ამ მიზანს ჯერ მშობლიურ ავსტრიაში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში დაუღალავი შრომით მიაღწია. შემდეგ თვალი ჰოლივუდს დაადგა - გზა ფილმისაკენ "კონანი- ბარბაროსი" შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემებით გაიკვალა, ხოლო "ტერმინატორის" როლით მსოფლიო ვარსკვლავად და მულტიმილიონერად აღზევდა.

შემდეგი ეტაპი პოლიტიკური სარბიელი რომ შეიძლება გახდეს, ასეთი ვარაუდი არაერთხელ გამოუთქვამთ. შვარცენეგერი, 1983 წლიდან აშშ-ის მოქალაქე, უკვე მრავალი წელია, რესპუბლიკური პარტიის წევრია და არ მალავს არც უკმაყოფილებას კალიფორნიის ამჟამინდელი გუბერნატორის საქმიანობით და არც მისი პოსტისადმი თავის ინტერესს.

მსახიობს, მართალია, ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა თავისი კანდიდატურის წამოყენებას, მაგრამ, როცა საქმე, ფაქტობრივად, მთელს მსოფლიოში ცნობილ პიროვნებას ეხება, მითქმა-მოთქმის წინასწარვე ატეხვა, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს. ყველაზე ხშირად გაისმის დაახლოებით ასეთი შინაარსის ფრაზა: არნოლდ შვარცენეგერი, შესაძლოა, ყველა დროის უდიდესი კულტურისტი და მწვავესიუჟეტიანი ფილმების მილიონობით მოყვარულის კერპი იყოს, მაგრამ შესწევს კი უნარი, პოლიტიკოსის ამოცანებს გაუმკლავდესო? კალიფორნიელი პროფესორის, ბერკლის უნივერსიტეტში მოღვაწე ბრუს კეინის აზრით, შესწევს.

[ბრუს კეინის ხმა] "არსებობს რეალური შანსი, რომ ის გუბერნატორობის დამაჯერებელი კანდიდატი იქნება - მის სახელს კარგად იცნობენ კალიფორნიის შტატში, სადაც პოლიტიკა დიდად არის დამოკიდებული მასმედიაზე. შვარცენეგერის განკარგულებაშია დიდი გამოცდილების მქონე საარჩევნო გუნდი. მას ეკუთვნის არაერთი ინიციატივა კალიფორნიის შტატში. შვარცენეგერი თავს მიიჩნევს ზომიერი კურსის მომხრე რესპუბლიკელად, რაც რესპუბლიკურ პარტიას დღეს ასე ესაჭიროება."

პროფესორმა ბრუს კეინმა კალიფორნიაში შვარცენეგერის ინიციატივები ახსენა. ერთი მათგანი გასული წლით თარიღდება, როცა აიტაცეს მსახიობის მოთხოვნა, სკოლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულიყო გაკვეთილებისშემდგომ მეცადინეობასთან დაკავშირებული პროგრამები. სხვათა შორის, ამ ინიციატივამ დაიმსახურა არა მარტო შვარცენეგერის თანაპარტიელების - რესპუბლიკელების, არამედ მათი მეტოქე დემოკრატების მოწონებაც. ასევე ერთხმად აქებენ კინოვარსკვლავის მიერ ინვალიდთა სპორტის ხელშეწყობას.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ შეიძლება თვალის დახუჭვა პოლიტიკაში შვარცენეგერის გამოუცდელობაზე?

ვენელი ჟურნალისტი თომას ფირეგე ფიქრობს, რომ ავსტრიაში შოუბიზნესის ვარსკვლავს არ ექნებოდა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების შანსი [თომას ფირეგეს ხმა]: "ვფიქრობ, ენტერტეინერი, ან კინოვარსკვლავი შეძლებდა პარლამენტარის მანდატის მოპოვებას. ეს წარმომიდგენია, მაგრამ ვერ წარმომიდგენია შოუბიზნესის ვარსკვლავი პრეზიდენტად, პრემიერ-მინისტრად, გუბერნატორად."

მაგრამ არნოლდ შვარცენეგერი ავსტრიაში კი არა, შეერთებულ შტატებში, როგორც ამბობენ, უსაზღვრო შესაძლებლობების ქვეყანაში ცხოვრობს. რამდენად უსაზღვროა ეს შესაძლებლობი, იქნებ ამ ორთვენახევარში გამოჩნდეს, როცა კალიფორნიის მოსახლეობის მოთხოვნით, ამ შტატის გუბერნატორის ვადამდელი არჩევნები გაიმართება. ელექტორატს ორ შეკითხვას დაუსვამენ - ემხრობით თუ არა ამჟამინდელი გუბერნატორის გადადგომას და, თუ ემხრობით, ვინ გსურთ, იყოს ახალი გუბერნატორი?

თუ არნოლდ შვარცენეგერმა - წარმოშობით ავსტრიელმა კულტურისტმა და კინოვარსკვლავმა - თავისი კანდიდატურა წამოაყენა, ადვილი წარმოსადგენია, წარმატება მოიპოვოს. თუმცა, ვინ იცის, მან, შესაძლოა, კინოკარიერის გაგრძელება არჩიოს და გუბერნატორობას ისევ ტერმინატორობა ამჯობინოს. ერთი რამ ეჭვს არ იწვევს - არნოლდ შვარცენეგერი თავს კიდევ შეგვახსენებს...
XS
SM
MD
LG