Accessibility links

logo-print

ოპოზიციური ლიდერების ძლიერი და სუსტი მხარეები


ოპოზიციის ამჟამინდელი ლიდერები ერთი თავისებურებით გამოირჩევიან: ისინი ან იყვნენ ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე, ან დღემდე რჩებიან ხელისუფლებაში.

ეს ფაქტი მათ საფუძველს უქმნის, რომ ერთმანეთს უნდობლად მოეკიდონ და მუდმივად იეჭვიანონ პრეზიდენტთან ფარულ კავშირზე. ამიტომ არ არსებობს მიზანი, რომლის ირგვლივაც შესაძლებელი იქნება ოპოზიციის შემოკრება. მეორე მხრივ, ოპოზიცია მოწოდებულია იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების ახალი წესები დაამკვიდროს.

ოპოზიციურ ლიდერებს შორის მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, არსებობს თანამოაზრეთა ჯგუფი და არსებობენ ცალკე მდგომი ლიდერები. თანამოაზრეები მუდმივ კონსულტაციებს ატარებენ და ცდილობენ პოზიციათა დაახლოებას, ცალკე მდგომები კი კონსულტაციებს არ ცნობენ და ამაყ მარტოობაში აგრძელებენ ბრძოლას ყველას წინააღმდეგ.

ცალკე მდგომი ლიდერები არიან შალვა ნათელაშვილი, ასლან აბაშიძე და გოგი თოფაძე. თანამოაზრეებად კი, გარკვეული პირობითობის დაცვით, შეგვიძლია მივიჩნიოთ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, დავით გამყრელიძე და ნინო ბურჯანაძე.

შალვა ნათელაშვილის ყველაზე ძლიერი მხარე მისი მაღალი რეიტინგია, რასაც მთლიანად განაპირობებს ამ ლიდერის უნარი: უთხრას უბრალო ადამიანს ის, რისი მოსმენაც მას სურს. საზოგადოების განათლებული ნაწილი შალვა ნათელაშვილის რიტორიკას არ ცნობს და მის დამოუკიდებლობაშიც ბოლომდე დარწმუნებული არ არის. მაგრამ ლეიბორისტების ლიდერი საკმაოდ თანმიმდევრულია და პოზიციებს და სტილს არ იცვლის. მისი სუსტი მხარეა თანამოაზრეთა გუნდის უყოლობა პარტიაში და ორგანიზაციული უნარების დეფიციტი.

ასლან აბაშიძის ძლიერი მხარეა ძალაუფლება, რომელსაც იგი ფლობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. იგიც თანმიმდევრულია, თუ არ გავიხსენებთ დამოკიდებულებას უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ. ეს დამოკიდებულება კი ხან დათმობითია, ხან - შეტევითი. აბაშიძეს ავტორიტარული ლიდერისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს და საკუთარ სივრცეში სიტუაციას მთლიანად აკონტროლებს. აჭარის ლიდერის სუსტი მხარეა ის გარემოება, რომ საქართველო დემოკრატიის გზით ვითარდება და ამ გზაზე ავტორიტარული ლიდერის პერსპექტივა სულ მეტად და მეტად იზღუდება.

გოგი თოფაძეს პარტიული ლიდერისთვის აუცილებელი ბევრი თვისება არ გააჩნია, მაგრამ ტრადიციულად ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მისი ძლიერი მხარეა საქმიანი კაცის იმიჯი და ილუზია, რომ სწორედ მას შეუძლია მოსახლეობის დასაქმება. მომავალი არჩევნები გოგი თოფაძის პარტიისთვის დიდი გამოცდა იქნება, რადგან, წინა არჩევნებთან შედარებით, კონკურენცია გაზრდილია, ილუზიები კი - მეტ-ნაკლებად განქარვებული. თოფაძის სუსტი მხარეა მერყევი პოზიციები ხელისუფლებასთან ურთიერთობაში და პოლიტიკის მიმართ ნაკლები ინტერესი.

რაც შეეხება ოპოზიციური ლიდერების თანამოაზრეთა ჯგუფს, მათი ძლიერი მხარეა დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა, კარგი კავშირები დასავლეთის გავლენიან წრეებთან და პოლიტიკური საქმიანობის მოტივაცია: თითოეულ მათგანს, ძალაუფლებასთან ერთად, სურს ქვეყნის რეალური განახლება. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ვერბალური ინფორმაცია, რომელსაც ისინი მუდმივ ნაკადად აწვდიან საზოგადოებას.

მიხეილ სააკაშვილის ძლიერი მხარეა მიზანსწრაფულობა, სიმამაცე და ულევი ენერგია, პოლიტიკის მიმართ სასიცოცხლო ინტერესი. მისი სუსტი მხარეა რევოლუციური რყევების მიმართ მიდრეკილება და პოპულიზმი. ჟვანიას ძლიერი მხარეა პოლიტიკური ინტელექტი და გამოცდილება, გუნდური მოქმედების პრინციპი, როგორც საჯარო, ასევე კულუარული ურთიერთობები. ჟვანიას სუსტი მხარეა ის, რომ მოსახლეობის ფართო ფენები მას საკუთარ ლიდერად არ ცნობენ და არც საქართველოს მომავალ პრეზიდენტად აღიარებენ. დავით გამყრელიძის ძლიერი მხარეა რესპექტაბელური იმიჯი და “საპრეზიდენტო საგნების” სწრაფი ათვისების უნარი. მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის, სუსტი მხარეა ბიზნესთან მჭიდრო კავშირი და საზოგადოებისთვის მიუღებელ ფიგურებთან პარტნიორული ურთიერთობა. ნინო ბურჯანაძის ძლიერი მხარე ისაა, რომ მან შექმნა სახე, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს. საფიქრებელია, რომ ნინო ბურჯანაძე არჩევნებში მიიღებს იმ ადამიანთა ხმებს, რომლებიც აქამდე გულგრილნი იყვნენ პოლიტიკის მიმართ და რომელთაც არ ჰყავდათ თავიანთი პოლიტიკური ლიდერი. ბურჯანაძის სუსტი მხარეა პოლიტიკური საყრდენის უქონლობა და გამოცდილების სიმწირე.

ოპოზიციური ლიდერების უმრავლესობა პრეზიდენტობაზე ფიქრობს. ეს მათი საქმიანობის მთავარი და წარმმართველი მოტივია. საფიქრებელია, რომ, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ქვეყანას ეყოლება პრეზიდენტობის რამდენიმე რეალური კანდიდატი და მოქალაქეს გაუჩნდება რეალური არჩევანის საშუალება. ეს ვითარება ბოლო ათწლიანი პოლიტიკური პროცესის მთავარი მონაპოვარია.
XS
SM
MD
LG