Accessibility links

logo-print

1968 წელს თბილისელმა კინორეჟისორმა


1968 წელს თბილისელმა კინორეჟისორმა

სერგო ფარაჯანოვმა “საიათნოვას” გადაღება დაასრულა. მაგრამ ბერად შემდგარი აშუღის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფილმი საბჭოთა ცენზორებმა მაშინვე “თაროზე შემოდეს”. იმხანად უკრაინაში მცხოვრები ფარაჯანოვი კინემატოგრაფიის საკავშირო კომიტეტის ბრძანებას არ დაემორჩილა და უარი თქვა გადაეკეთებინა ფილმი. “საიათნოვა” თავიდან დაამონტაჟეს და “ბროწეულის ფერი” უწოდეს. 1973 წელს ფარაჯანოვის ფილმი, ოღონდ მნიშვნელოვანი კუპიურებით, ეკრანებზეც გამოვიდა, მაგრამ “საიათნოვას” ნახვა მხოლოდ კინემატოგრაფისტებმა მოასწრეს. სურათის ოფიციალური პრემიერიდან რამდენიმე თვის შემდეგ სერგო ფარაჯანოვი დააპატიმრეს. მას შემდეგ 30 წელი გავიდა.
დღეს მინდა ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” ფარაჯანოვის დაპატიმრებასა და საბჭოთა ბანაკებში გატარებულ მის ცხოვრებაზე გესაუბროთ.

ზუსტად 30 წლის წინ კიევში სერგო ფარაჯანოვის პირველ დაპატიმრებაზე უამრავი ვერსია არსებობს. ზოგი ამტკიცებს, რომ ფარაჯანოვმა ყველაფერი გააკეთა, რათა, მისი საყვარელი რეჟისორის პიერ-პაოლო პაზოლინის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, “საკუთარი ნებით ასულიყო გოლგოთაზე”. ფარაჯანოვი არათუ არ ემორჩილებოდა, იგი განუწყვეტლივ აჯავრებდა, აღიზიანებდა, დუელში იწვევდა ოფიციალურ საბჭოთა იდეოლოგიას. 1973 წელს, დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, ფარაჯანოვმა, რომელმაც თავისი ფილმის, “საიათნოვას”, გადაკეთებაზე უარი თქვა, ინტერვიუ მისცა რომელიღაც საბავშვო ჟურნალის კორესპონდენტს. ცეკას ოცამდე თანამშრომელთან მქონია ინტიმური ურთიერთობაო - უთქვამს რეჟისორს... ეს სიტყვები საკმარისი გახდა მის დასაპატიმრებლად. მით უმეტეს, რომ კაგებე კარგა ხანია ცდილობდა გამოენახა საბაბი ურჩი კინემატოგრაფისტის დასაკავებლად. ამისათვის რამდენიმე ვერსია მუშავდებოდა: ეკლესიების გაქურდვა (ფარაჯანოვი კიევში ხატებს აგროვებდა), მექრთამეობა, მაწანწალობა. ბოლოს მიაგნეს ახალგაზრდა კაცს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფარაჯანოვმა გააუპატიურა. საბავშვო ჟურნალის კორესპონდენტთან საუბარი და ცრუმოწმის ჩვენება ერთმანეთს დაუკავშირეს და სერგო ფარაჯანოვი ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით დააპატიმრეს. დაიწყო მოწმეთა დაკითხვები. მაგრამ კინორეჟისორის მეგობრებმა არ დაადასტურეს ეს ბრალდებები. ერთ-ერთმა, არქიტექტორმა მიხეილ სენინმა, კაგებეში დაკითხვის შემდეგ პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა.

სერგო ფარაჯანოვი უზარმაზარ ბანაკში, საბჭოთა კავშირში, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მის ბიოგრაფიას სისტემასთან, ხელისუფლებასთან კონფლიქტი განსაზღვრავდა. მას დევნიდნენ, ბანაკის საზღვრები კი თანდათან ვიწროვდებოდა. ვოროშილოვგრადის ბანაკი, რომელშიც იგი 1973 წელს მოათავსეს, ამ პროცესის ლოგიკური დასასრული იყო. ერთ-ერთ პირველ წერილში, რომელიც კინორეჟისორმა თავის მეუღლეს, სვეტლანას, გაუგზავნა, ფარაჯანოვი წერდა:

“აქ ყველაფერი ბოსხის სურათებს ჰგავს... ბანაკში დაახლოებით 1500 პატიმარია - ყაჩაღები, ბანდიტები, მკვლელები. მათთან იმ იმედით შემაგდეს, რომ ესენი აუცილებლად გამისწორდებოდნენ... მე არც სვირინგები მაქვს ტანზე, არც მათი სალაპარაკო ენა მესმის. ბუნებრივია, რომ პატიმრებს არ მოვეწონები. სისხლს ვახველებ. დამლაგებლად დამაწყებინეს მუშაობა.”

საბჭოთა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რათა ფარაჯანოვის პროცესი საჯარო გამხდარიყო. უკრაინის კაგებეს ვერ წარმოედგინა, თუ რაოდენ ნიჭიერ ხელოვანთან ჰქონდა საქმე. ხელისუფლებას არ სჯეროდა, რომ ფარაჯანოვის ფილმებს “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები” და “საიათნოვა” დასავლეთი “ყველა დროის შედევრებად” გამოაცხადებდა. ფარაჯანოვის დაპატიმრებით კაგებეს სურდა დაეშინებინა ურჩი მხატვრები, რომლებიც ხელისუფლების მანიპულაციას არ ემორჩილებოდნენ. ცდილობდა დანგრეულიყო მათი ოჯახები, ცდილობდა თავად საზოგადოებას გამოეხატა პროტესტი “უზნეო მხატვრების” მიმართ. გარკვეული თვალსაზრისით, კაგებემ მიაღწია კიდეც მიზანს. დაპატიმრების შემდეგ დიდ კინორეჟისორს ზოგიერთმა მისმა ახლობელმა ზურგი შეაქცია. ფარაჯანოვი განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიდა თავისი ვაჟის ბედს. იგი იმხანად მხოლოდ 15 წლის იყო.

“საყვარელო შვილო! ჩემი ცხოვრება მთლიანად დაინგრა. მაგრამ ყველაფერი ეს შენ არ გეხება. ვაჟკაცურად, ღირსეულად უნდა გადაიტანო ეს ამბავი. ძალიან გთხოვ, ნუ მიაქცევ ყურადღებას იმას, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ, გამოავლინე შენი ხასიათის სიმტკიცე. გარწმუნებ, მომავალში ყველაფერი გაირკვევა.”

ბანაკში დასცინოდნენ, მაგრამ არ იმჩნევდა. ციხის ეზოში ყვავილების ნარჩენებს აგროვებდა, კოლაჟებს ქმნიდა და მეგობრებს უგზავნიდა. ერთხელ კეფირის ბოთლის თავსახურზე დახატა პუშკინის პორტრეტი, რომელიც ათი წლის შემდეგ ფედერიკო ფელინის ხელში მოხვდა. ფელინიმ ამ პორტრეტიდან გამოძერწა ვერცხლის მედალი, რომელიც მოგვიანებით რიმინის კინოფესტივალის მთავარ პრიზად დაამტკიცეს. ციხეში გამომწყვდეულმა ფარაჯანოვმა ბანაკის მავთულებისგან და თავისი წინდებისგან შექმნა თაიგული, რომელიც ყველაზე ერთგულ მეგობარს, ლილი ბრიკს, გაუგზავნა. ლილი ბრიკმა თაიგული იმ ლარნაკში ჩადო, რომელიც ვლადიმერ მაიაკოვსკიმ უსახსოვრა. ნათელი გახდა, რომ ფარაჯანოვის ნიჭის “დაოკება” ციხეშიც კი ვერ მოხერხდა. ფარაჯანოვი მეუღლესთან მიმოწერას აგრძელებდა:

“საყვარელო სვეტლანა! როგორ ვერ მოვასწარი შენი ძველი საათის შეკეთება. აქედან თუ ოდესმე გამოვაღწიე, პირველ რიგში საათს გაგიკეთებ. წუხელ სიზმარში გნახეთ შენ და სურენი. შავ ბალიშზე გედოთ თავი. მეხვეწებოდით “არ დაგვტოვოო”, მაგრამ ჩვენ ის სქელი მინის კედელი გვეღობებოდა... არა, აღსარების წერილს ხელს არ მოვაწერ. ესენი მერე გაზეთებში გამოაქვეყნებენ და ამ სამარცხვინო ლაქას ვეღარასოდეს მოვიშორებ. ამათ უნდათ, რომ სხვებისთვის სამაგალითო გაკვეთილი ვიყო. ჯობდა, მაწანწალობისთვის გავესამართლებინე.”

“ციხეში ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე,” - იტყვის მოგვიანებით სერგო ფარაჯანოვი. იამაყებს კიდეც, რომ ბანაკში 800 ნახატი და ექვსი კინოსცენარი შექმნა. იზოლაციაში მყოფმა, ჯოჯოხეთიც კი პოეტური გახადა. იმას მიაღწია, რომ პატიმრებმა, ზედამხედველებმა ხატვა დაიწყეს. ფარაჯანოვმა მათი ნამუშევრების გამოფენაც მოაწყო ვინიცის ციხეში. მერე კი მეუღლეს ასეთი წერილი გაუგზავნა:

“ძვირფასო სვეტლანა! აქაურობას უკვე შევეჩვიე, მომწონს კიდეც. გარეთ მე აღარაფერი მელოდება მუქარის, თვალთვალის, დამცირებისა და არასრულფასოვნების განცდის გარდა. აქ, ჩემს გვერდით, ახლა პატარა ბიჭი წევს. 18 წლისაა. მკვლელობაში ადანაშაულებენ. დედინაცვალი მოკლა. ეს ქალი, ბავშვის თანდასწრებით, მამამისს სცემდა ხოლმე. ბიჭი აქ ერთსა და იმავე გოგოს ხატავს, თავის შეყვარებულს; სხვადასხვა ფერის კაბებს “აცმევს”, ცდილობს გააშიშვლოს. 18 წლისაა. ციხიდან რომ გამოვა, ქრისტეს ასაკში იქნება. 1001 ნოველა მაქვს უკვე ასეთი. ერთიმეორეზე უფრო შემზარავია. არაფერია გამოგონილი.”

1977 წელს ლილი ბრიკი პარიზში გაემგზავრა, ვლადიმერ მაიაკოვსკის გამოფენაზე. აქ შეხვდა იგი ლენინური პრემიის ლაურეტატს ლუი არაგონს და სთხოვა, დაუყოვნებლივ მიეღო ზომები სერგო ფარაჯანოვის გასათავისუფლებლად. არაგონი მოსკოვში ჩავიდა და დიდ თეატრში, მისი მოღვაწეობის აღსანიშნავ კონცერტზე, ლეონიდ ბრეჟნევს ფარაჯანოვის შეწყალება მოსთხოვა. “ვინაა ფარაჯანოვი?” - უკითხავს ცეკას მაშინდელ მდივანს. არაგონის თხოვნა და დასავლეთის კულტურის მოღვაწეთა წერილი, რომელსაც სხვებთან ერთად ფელინი, ანტონიონი, ბერტოლუჩი, ალბერტო მორავია, აგრეთვე იტალიისა და საფრანგეთის კომპარტიის აქტივისტები აწერდნენ ხელს, საკმარისი აღმოჩნდა დიდი ხელოვანის გასათავისუფლებლად. მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ფარაჯანოვი მოულოდნელ განცხადებას აკეთებს:

“ციხეში ჩემს ცხოვრებას აზრი მაინც ჰქონდა. ახლა სრულიად უაზროდ ვცხოვრობ. სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ ასეთი ცხოვრება სიკვდილზე უარესია.”

“ციხე - მადლი იყო ჩემთვის”. იტყვის მოგვიანებით სერგო ფარაჯანოვი. 1982 წელს, ახლა უკვე თბილისში, მას ხელახლა დააპატიმრებენ. ამჯერად - სპეკულაციის ბრალდებით. მაგრამ სერგო ფარაჯანოვი დაპატიმრებას სრულიად მშვიდად შეხვდება. თავისუფალი ადამიანისთვის მნიშვნელობა არა აქვს, სად ჩაამწყვდევენ მის სხეულს. განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩევანი ერთია: ან პატარა ციხე, ან დიდი საპყრობილე, მთელი ქვეყნის, სისტემის სახით...
XS
SM
MD
LG