Accessibility links

logo-print

ერაყის აღდგენის პრობლემები აშშ-ის ყოფილი ელჩის თვალით


დავით პაიჭაძე, პრაღა ამა წლის 1 მაისის შემდეგ, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყში ძირითადი საბრძოლო მოქმედების დასასრული გამოაცხადა, ამ ქვეყანაში 49 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ადმინისტრატორმა, ერაყში შეერთებული შტატების სამოქალაქო პოლ ბრემერმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ თავდასხმები ამერიკელ ჯარისკაცებზე გაგრძელდება. პოლ ბრემერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ უახლოეს 2 თვეში გეგმავს ერაყული სამხედრო ბატალიონის ჩამოყალიბებას, ხელისუფლების აღდგენას ომამდელ დონეზე და ახალი სახელმძღვანელოების გავრცელებას. დევიდ ნიუტონი, რადიო “თავისუფალი ერაყის” დირექტორი, 1984-დან 1988 წლამდე აშშ-ის ელჩი იყო ერაყში. რადიო “თავისუფლებას” ის ერაყის აღდგენის სხვადასხვა პრობლემაზე ესაუბრა. დევიდ ნიუტონის მოსაზრებებს დავით პაიჭაძე გაგაცნობთ.

ომით დაზარალებულ ერაყში აღდგენით სამუშაოებს მრავალი კრიტიკოსი ჰყავს. გასულ კვირას შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ხუთი დამოუკიდებელი ექსპერტი გააგზავნა ერაყში მიმდინარე აღდგენის პროცესის შესაფასებლად. მათ განაცხადეს, რომ ამერიკა ან გამოიყენებს მცირე შანსს, დაამყაროს წესრიგი და აამოქმედოს კანონი ერაყში, ან ქაოსში აღმოჩნდება ჩათრეული. ექსპერტებმა თქვეს, რომ მომდევნო სამი თვე გადამწყვეტი იქნება და ვაშინგტონს მეტი ძალისხმევისაკენ მოუწოდეს, რაც ხარჯებისა და პირადი შემადგენლობის გაზრდას, ერაყის აღდგენით პროცესებში მეტი ერაყელის ჩართვასა და საერთაშორისო დახმარების მატებას ნიშნავს.

რამდენად ტიპურია ძალადობის დღევანდელი ტალღა ერაყის საზოგადოებისათვის? თუ ეს ძალადობა შვა სამი ათწლეულის მანძილზე სასტიკი რეპრესიების შედეგად დაგროვილმა ფრუსტრაციამ, რომელსაც უცებ მოეხსნა სამანები? აშშ-ის ყოფილი ელჩი ერაყში და დღეს რადიო “თავისუფალი ერაყის” დირექტორი, დევიდ ნიუტონი ამბობს:

NC072602 [ნიუტონის ხმა] “ერაყში როცა ვცხოვრობდი, დავრწმუნდი, რომ ერაყელები უაღესად ცივილიზებული ხალხია. მაგრამ როცა სულ პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრობ, ხედავ, რომ ცვლილებები ხელისუფლებაში მხოლოდ ძალადობის გზით ხორციელდება - შენ არ გაქვს დემოკრატიის, თავისუფლებისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამოცდილება. არ გაქვს უსაფრთხოება, არ გყავს პოლიცია, ხოლო ამერიკის შეიარაღებულ ძალებს დღეს არ შეუძლიათ პოლიციის ფუნქცია შეასრულონ”.

მიუხედავად ამისა, დევიდ ნიუტონს რეალისტურად მიაჩნია ერაყის მმართველი საბჭოს წევრის, ადნან პაჩაჩის განცხადება, რომ მმართველი საბჭოს მიზანია, რაც შეიძლება, შეამციროს გარდამავალი ადმინისტრაციის მუშაობის პერიოდი, რათა ხელი შეუწყოს დემოკრატიულად არჩეული ერაყის მთავრობის შექმნას.

NC072603 [ნიუტონის ხმა] “ვფიქრობ, ეს რეალისტურია, მაგრამ ასევე არსებითია, გვესმოდეს, რომ იოლი არ არის. ვერ დავეთანხმები იმათ, ვინც ამტკიცებს, რომ ერაყი ხელოვნური წარმონაქმნია. ეს ნამდვილი ქვეყანაა, 5000-წლოვანი ისტორიით. მიმაჩნია, ერაყელებს შეუძლიათ ერთად მუშაობა და უნდა იმუშაონ კიდეც - ყოველ სფეროში, თვითეულმა ჯგუფმა.”

როგორც ცნობილია, გაეროს გენერალურმა მდივანმა თავის მოხსენებაში ერაყის შესახებ განაცხადა, რომ საერთო მიზნად რჩება ერაყის “ოკუპაციის დასრულება საერთაშორისო აღიარების მქონე წარმომადგენლობითი ხელისუფლების ფორმირების გზით”. კოფი ანანმა ასევე თქვა, რომ ერაყელებს, რაც შეიძლება მალე უნდა წარუდგინონ იმ თანმიმდევრულ მოვლენათა მკაფიო განრიგი, რომელთაც სრულად უნდა აღადგინონ ქვეყნის სუვერენიტეტი. დევიდ ნიუტონი მიიჩნევს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან არაბუნებრივია, ქვეყანა იყოს ოკუპირებული. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ კოალიციის ჯარების ერაყიდან გასვლა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ერაყელი ხალხი თავად მოახერხებს საკუთარი და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
XS
SM
MD
LG