Accessibility links

logo-print

ისრაელი 420 ტერორისტს ათავისუფლებს


დავით პაიჭაძე, პრაღა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, არიელ შარონი დღეს ვაშინგტონში ჩავიდა, რათა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯორჯ ბუშთან შეხვედრისას განიხილოს “გზამკვლევის”

სახელით ცნობილი საერთაშორისო სამშვიდობო გეგმა. ამერიკაში შარონის გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა, გაათავისუფლოს 540 პალესტინელი მებრძოლი, რომელთაგან 210 ისლამურ დაჯგუფებათა წევრია, ამდენივე - პალესტინის ლიდერის, იასირ არაფატის მოძრაობა “ფათჰის” წევრი, ხოლო 120 პირს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. თემას დავით პაიჭაძე განაგრძობს.

პალესტინელი რადიკალები ისრაელის ციხეებიდან მეტი თანამოაზრის გაშვებას მოითხოვდნენ. ტერორისტობაში ეჭვმიტანილი 420 პირის, მათ შორის “ჰამასისა” და “ისლამური ჯიჰადის” წევრების გათავისუფლებით ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდა, მიაჩნია ზოგიერთ პალესტინელ ლიდერს. მაგალითად, “ჰამასის” ხელმძღვანელი ღაზას სექტორში, ისმაილ ჰანიია ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკმარია და ეს მხოლოდ პი-არია შარონისთვის ბუშთან შეხვედრის წინ.

ისრაელის ოფიციალური პირები კი მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი გვარიანი დათმობაა მათი ქვეყნის მხრიდან, რომელიც აქამდე თანახმა იყო გაეთავისუფლებინა მხოლოდ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ დანაშაულში ეჭვმიტანილი პალესტინელები, ხოლო ტერორისტთა გათავისუფლებაზე უარს ამბობდა.

ისრაელის ეს ნაბიჯი დიდწილად განაპირობა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციამ, რომელიც უფრო მკაფიოდ გამოიხატა ვაშინგტონში პალესტინის პრემიერ-მონისტრის, მაჰმუდ აბასის ვიზიტის შემდეგ. შარონის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ არ ეწევა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაწესრიგებელი სამშვიდობო გეგმის, “გზამკვლევის” საბოტაჟს და დაინტერესებულია მისი განხორციელებით.

540 პატიმრის გათავისუფლების გარდა, ისრაელმა საგრძნობლად შეარბილა ზომები, რომელბიც პალესტინელებს ქვეყანაში გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავდა. კვირას ისრაელმა ჯარისკაცებმა ქალაქ რამალის მიდამოებში დაიწყეს ბლოკპოსტების დემონტაჟი, გახსნეს ქალაქ ნაბლუსისკენ მიმავალი, სამი წლის წინ გადაკეტილი გზა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა გასცა ბრძანება ორი ქალაქიდან ისრაელის სამხედრო ნაწილების გამოყვანის შესახებ. ამ ქალაქებს, სავარაუდოდ, კალკილიასა და ნაზარეთს, პალესტინის უსაფრთხოების სამსახური გააკონტროლებს.
XS
SM
MD
LG