Accessibility links

logo-print

რა მდგომარეობაა საქართველოს საბაჟო და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე


ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ქვეყნის ტერიტორიის გავლით სატრანზიტო მაგისტრალების განვითარებაა. საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია,

ასევე, იმპორტი. ამ სფეროების განვითარება და მათგან სახელმწიფოს ბიუჯეტში შენატანების ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული საბაჟო და სასაზღვრო გამშვებ პუნქტეში არსებულ მდგომარეობაზე. შევეცდები ერთ-ერთი საბაჟო პუნქტის აღწერით დაგანახვოთ ის სირთულეები, რომელთა გადალახვა ბიზნესმენსა თუ უბრალო მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას უხდება.

[თემურ ბერიძის ხმა] ”ჩვენ ჩავატარეთ საინტერესო კვლევა, ჩავატარეთ თამბაქოს წარმოებასა და მოხმარებაზე. მე ერთი რამ უნდა გითხრათ, რომ სამი კოლოფიდან ორი არის კონტრაბანდული.”

ეს განცხადება საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თემურ ბერიძემ 25 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქართველოს ერთ-ერთ მთავარ საბაჟო პუნქტზე, სარფის საბაჟოზე, შექმნილ ვითარებაზე დაკვირვებით იმის თქმა შეიძლება, რომ სიგარეტის კვლევის მსგავსი შედეგები დაფიქსირდება სხვა პროდუქციის შესწავლის შემთხვევაშიც. რადგან სარფის საბაჟოს გადაკვეთისას არ მოწმდება საზღვარგარეთ გამავალი თუ შემომავალი უბრალო მოქალაქის ხელბარგიც კი. ამაში თავად დარწმუნდა სტამბულში თბილისიდან მიმავალი ქართველ ეკონომისტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში ცნობილი ექსპერტი ნიკო ორველაშვილიც შედიოდა.

თურქეთიდან უკან სამშობლოში მომავალი დელეგაციის წევრებს მხოლოდ ასეთი შეკითხვა დაუსვეს: ”ბიჭებო, ჩანთებში ცუდი ხომ არაფერი გაქვთო”. საბაჟო კონტროლის გავლისას არ მუშაობდა სპეციალური კომპიუტერული აპარატურა, რომელიც ხელბარგის შემცველობას ჩანთის გაუხსნელად ამოწმებს.
ასეთი სიტყვიერი შემოწმების პირობებში კი საზღვარზე ნებისმიერი - არათუ კონტრაბანდული, არამედ აკრძალული - ტვირთის გადატანაც კი პრობლემას არ წარმოადგენს. მით უმეტეს, თუ კონტრაბანდისტმა ქრთამიც გაიღო, მას ხომ წინ აღარაფერი დაუდგება. აი, ვინც ქრთამის თუ წილის გადახდას არ მოისურვებს და საბაჟო პროცედურის ოფიციალურად გავლას მოინდომებს, მას მაინც მოუწევს უკვე ოფიციალურად გაფორმებული ქრთამის თუ წილის გადახდა.

იმავე ნიკო ორველაშვილის ჯგუფის წევრებს სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე პასპორტში გაურკვეველი დანიშნულების მარკის ჩაწებებაში, რომელსაც ზედ მხოლოდ ”ბათუმი” აწერია და რომელიც დაბალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული, 10, ამერიკის შეერთებული შტატების, დოლარი გადაახდევინეს; შემდეგ პასპორტების კომპიუტერულ შემოწმებაში 7-7 ლარი მოითხოვეს. ამაზე საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი, რომელიც სულ 2 თვეზე მეტია, რაც მთავარი მებაჟის პოსტზე დაინიშნა, ასეთ კომენტარს აკეთებს:
[თარხან-მოურავის ხმა] ”მე რომ არ დაგიმალოთ, ეს თემა პირველად გავიგე. მე მაინც გირჩევთ, ამ საკითხებზე მიმართოთ საზღვრის დაცვას.”

პასპორტის კონტროლი საბაჟო სამსახურს არ ეკუთვნის და ის სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის პრეროგატივაა, თუმცა მებაჟის ფუნქციაში არც საბაჟო გადასახადის აკრეფა შედის, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთი გადასახადი არ არსებობს.
არადა, ქართველ ეკონომისტთა ჯგუფს სწორედ არარსებული საბაჟო გადასახადის 10-10 დოლარის გადახდას სთხოვდა სარფის საბაჟოს თანამშრომელი. ბოლოს, ეკონომიკის ექსპერტების მიერ მკაცრი პროტესტის გამოთქმის შემდეგ, მებაჟემ მათი უფასოდ გატარება გადაწყვიტა. ასევე, საბაჟოს ტერიტორიაზე მოქმედი სხვა ორგანოების მიერ იყო პირდაპირ, დაუფარავად, გამოთქმული ამდაგვარი თხოვნაც: ”ბიჭებო, რამე გვაჩუქეთო”.

უკანა გზაზე ქართველ ეკონომისტთა ჯგუფს, იმავე თანხის გადახდასთან ერთად, კიდევ სამედიცინო შემოწმების თანხის გადახდაც დააკისრეს ისე, რომ შემოწმება არავის ჩაუტარებია. და სულ ბოლოს საბაჟო დაცვის გადასახადი 10 ამერიკული დოლარი მოითხოვეს, რაზეც ცივი უარის მიღების შემდეგ გადასახადის მოცულობამ ჯერ 2 ლარამდე დაიწია, შემდეგ კი, საერთოდ, ნულის ტოლი გახდა.

დავით თარხან-მოურავი ამ ვითარებიდან გამოსავალს საბაჟო სისტემის რეფორმირებაში ხედავს და საბაჟო ზონის სხვადასხვა უწყებებისგან გათავისუფლებას ითხოვს.

[თარხან-მოურავის ხმა] ”იქ დგას ასევე პოლიცია, უშიშროება და უამრავი სხვა ორგანიზაცია, ფიტო სანიტარია, რა ვიცი, ხარისხის შემოწმება, სტანდარტიზაცია და სხვა. ჩვენ, საერთოდ, დიდ ხანია ვამბობთ, რომ საბაჟო ზონაში მხოლოდ საბაჟო უნდა იყოს და მეტი არავინ, თუმცა ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ.”

მარტივი შედარებისთვის: თურქეთის მხარეს საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ პასპორტი შეამოწმეს, ვიზის საფასური აიღეს და კომპიუტერული მომსახურებისა თუ საბაჟოს დაცვის ფული არავის მოუთხოვია.
XS
SM
MD
LG