Accessibility links

logo-print

ვის ემუქრება მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვილებები


საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში ქვეყნის რეალობაზე თითქმის არასოდეს აისახება. ამა თუ იმ მინისტრის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირის სხვა კადრით

ჩანაცვლებას ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებაში მცირეოდენი ცვლილებები, შესაძლოა, საწყის ეტაპზე მოჰყვეს, ისიც, გამონაკლის შემთხვევაში. ცნობილი გამონათქვამი “ახალი ცოცხი კარგად გვის” საქართველოს მთავრობაში არ ამართლებს. ისეთ სისტემაში, როგორსაც საქართველოს სახელისუფლებო სისტემა წარმოადგენს, ახალ, თუნდაც ყველაზე პატიოსან და პროფესიონალურ, კადრს ძალიან გაუჭირდებოდა ემუშავა ისე, როგორც ამას მისგან ქვეყანა, ხალხი მოითხოვს. და მაინც, მთავრობაში, რომელშიც არაფერი იცვლება, კადრების გარდა, ისევ და ისევ საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი და ის, შესაძლოა, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან დათხოვნით დაიწყოს: დავით კირვალიძის საკითხი 2 დღეში უნდა გადაწყდეს.

მიუხედავად იმისა, რომ წინ საპარლამენტო არჩევნებია და საქართველოს ახალი მთავრობაც სწორედ ახალმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნდოვანია, რომელი პოლიტიკური ძალების უმრავლესობას მოუწევს ახალი მინისტრების დამტკიცება, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე მსჯელობა მაინც აქტუალურია და ის სახელმწიფო კანცელარიის კულუარებიდან გამოჟონილ ცნობებს ეფუძნება. ამ ცნობების თანახმად, იუსტიციის მინისტრი როლანდ გილიგაშვილი ისევ დეპუტატობას აპირებს და მის სავარაუდო შემცვლელებად პრეზიდენტის ამჟამინდელი საპარლამენტო მდივნის მარიამ ცაცანაშვილის, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ანზორ ბალუაშვილისა და უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას კანდიდატურები განიხილება. საუბარია იმაზეც, რომ თუ ხაბურძანია იუსტიციის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებს, უშიშროების სამინისტროში მას დაზვერვის დეპარტამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე ან საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩაენაცვლება. სახელდებიან თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძის სავარაუდო შემცვლელებიც, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც კანცელარიის კულუარებიდან გამოჟონილ ცნობებს ეფუძნება, მომავალ პარლამენტში პროშევარდნაძისტული ძალების გამარჯვებაზეა გათვლილი. რომელ კანდიდატურებს დაამტკიცებს ან არ დაამტკიცებს მომავალი პარლამენტი არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ცნობილი არ არის. არც ის ვიცით, საპარლამენტო არჩევნები და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში შეცვლის თუ არა საქმისადმი ისეთ დამოკიდებულებას, რომლის გამოც პრეზიდენტს საკუთარი მინისტრები არაერთხელ დაუტუქსავს, მათ შორის, ასე :

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ზოგიერთს ნანასავით ესმის. თუ არ შეიცვლება საქმისადმი დამოკიდებულება, დაიწყება ნამდვილი რეპრესიები. კანონსაც შევცვლით და ხალხიც გამოიძებნება სიმართლის დასადგენად. “

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე ეს განცხადება გააკეთა, არაფერი შეცვლილა. სერიოზული საბიუჯეტო პრობლემების მიუხედევად, მთავრობის ეკონომიკური გუნდი უცვლელი დარჩა. ეს არის, რომ პრეზიდენტმა მტკიცედ გადაწყვიტა სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით კირვალიძეს პურის ფასებისა და არსებული პურის მარაგის რაციონალური გამოყენების თაობაზე არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება არ აპატიოს. კირვალიძის საკითხი ზუსტად 2 დღეში უნდა გადაწყდეს. შეგახსენებთ, ედუარდ შევარდნაძემ მაკონტროლებლებს პურის ფასის მომატების მიზეზების დადგენა ფრაქცია “ალიანსის” თვამჯდომარის ირაკლი გოგავას მიერ პურის წონის განზრახ დაკლებასა და პურზე ფასების მომატებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაავალა. კონტროლის პალატამ რამდენიმედღიანი გამოძიებით დაადგინა, რომ მინისტრმა პრეზიდენტი მოატყუა. საპირისპირო დასკვნა აქვს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს და თავად კირვალიძეც ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას “პოლიტიკური სუნი სდის”.
XS
SM
MD
LG