Accessibility links

რა უნდა ახსოვდეთ მომავალ ქართველ ოფიცრებს?


საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებს ოფიცერთა ახალი ნაკადი შეემატა. ორშაბათს რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის 182

კურსდამთავრებულს ოფიცრის პირველადი წოდება მიენიჭა. ტრადიციისამებრ, საზეიმო ღონისძიებას უამრავ სტუმართან ერთად დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოშვებას გიორგი ბრწყინვალის სახელი მიანიჭა. თუმცა მოვლენას სხვა რამის გამოც აქვს ისტორიული მნიშვნელობა: ნიშანდობლივია, რომ ამ ნაკადით სამხედრო აკადემიის კედლებში მთავრდება ე.წ. რუსული პერიოდი, რომელიც დაარსების დღიდან ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო კერის მიმართულებას განსაზღვრავდა.

საქართველოში პირველი სამხედრო სასწავლებლის ჩამოყალიბება 1993 წლის მაისში ყოფილი საბჭოთა არმიის საარტილერიო-სამეთაურო სასწავლებლის ბაზაზე დაიწყო და, ფეხმოკიდებული ტენდენციის შესაბამისად, მას პირდაპირ სამხედრო აკადემია ეწოდა.

იმავე წელს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ ამოცანად რუსეთთან ყველა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გამოაცხადა და სულ მალე მთელი სასწავლო პროცესი, ისეთ უმნიშვნელოვანეს დეტალებამდეც კი, როგორიცაა მხედრული სალმის მიცემა, სამწყობრო ნაბიჯი და სალაშქრო სიმღერები, რუსულის ალი-კვალი გახდა.

1999 წლიდან კი საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლეთისკენ გადაიხარა და ეს ერთადერთი უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო სკოლის ცხოვრებაზეც აისახა. სამხედრო აკადემია გაერთიანებულ ეროვნულ აკადემიად გადაკეთდა, გაუქმდა მისაღები გამოცდების პრაქტიკა ოთხწლიან ფაკულტეტებზე და, სანაცვლოდ, მსმენელების მიღება გამოცხადდა ერთწლიან, პილოტურ კურსებზე, რომელიც ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის მოდელზე ამოქმედდა. ერთი წლის წინ კი სამხედრო აკადემიის სასწავლო პროცესი, თურქეთის ფინანსური დახმარებით, მთლიანად ნატოს სტანდარტებზე გადავიდა. სწორედ ამ ეტაპს მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი ათვლის წერტილად სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროში.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “თითოეული თქვენგანი ამ ისტორიული პროცესის არა მხოლოდ რიგითი მონაწილეა, არამედ აქტიურად განმახორციელებელი. ამთავითვე უნდა აცნობიერებდეთ, ძვირფასო მეგობრებო, თუ რა ამოცანების გადაწყვეტა მოგიწევთ მხედრულ ასპარეზზე მთელ ქვეყანასთან ერთად.”

მაგრამ საკადრო ექსპერიმენტების გამო, წლევანდელი წელი კინაღამ საბედისწეროც აღმოჩნდა აკადემიისთვის. ერთი წლის განმავლობაში სამხედრო სასწავლებელში სამი რექტორი შეიცვალა. ახალ რექტორებს ახალი სამეთაურო შემადგენლობა მოჰყავდათ. შედეგად, სასწავლო პროცესში სერიოზულმა ხარვეზებმა - პირველ რიგში, კადრების დენადობამ - იჩინა თავი. მაგრამ ეს საკადრო ორომტრიალი ორი კვირის წინ დასრულდა. სამხედრო აკადემიის რექტორად დაინიშნა ამერიკის თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებული, პოლკოვნიკი გიორგი გოგაშვილი, რომელსაც ორგანიზატორული ნიჭის გამოჩენა არცთუ იოლ ვითარებაში მოუხდება. 27 ივლისს კი აკადემიის ახალი რექტორი თავისი ხელქვეითებისა და უამრავი სტუმრის წინაშე ორატორული ნიჭის დემონსტრირებას ახდენდა.

[გიორგი გოგაშვილის ხმა] “გამარჯვებას გილოცავთ, ბატონო ოფიცრებო, იმ გამარჯვებას, რასაც თქვენი დღევანდელი ოფიცრობა ჰქვია. და გისურვებთ სიბრძნისა და ძალის მომცემი ყოფილიყოს დამარცხებაც, რომელიც, ალბათ, იქნება თქვენს ცხოვრებაში. სიბრძნისა და ძალის მომცემი ყოფილიყოს ყოველი დამარცხება იმ ომში გასამარჯვებლად, რასაც ჰქვია საქართველოს ძლიერება, საქართველოს კეთილდღეობა და საქართველოს დღეგრძელობა.”

პირველი დამარცხება და პირველი გამარჯვებაც გიორგი ბრწყინვალის სახელობის კურსდამთავრებულებმა აკადემიის კედლებშივე იგემეს: მათ, როგორც ძველი, ანუ საბჭოთა სისტემაზე აგებული, აკადემიის უკანასკნელ მოჰიკანებს, ბევრი რამ აკლდათ, მათ ხშირად გერებივით ეპყრობოდა თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ ქართველმა კურსანტებმა ამ სიდუხჭირეშიც კი ბევრ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე წარმატებით დაიცვეს მუნდირისა და ქვეყნის ღირსება. და ამ სიქველის გამომჟღავნება მათ უკვე აღარ უნდა გაუჭირდეთ ახლა, ნატოზე ორიენტირებულ ახალ საქართველოში.
XS
SM
MD
LG