Accessibility links

logo-print

სახელისუფლებო ძალები პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს აპროტესტებენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პარლამენტში მორიგი ინტრიგა დაიწყო - სახელისუფლებო ფრაქციები 23 ივლისს პარლამენტის მიერ პირველი წაკითხვით მიღებულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს აპროტესტებენ.

სახელისუფლებო ფრაქციების განცხადებით, კანონპროექტი რეგლამენტის დარღვევით იყო მიღებული. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მიღებული პროექტი არ შეესაბამება ე.წ. ბეიკერის ვარიანტის პრინციპებს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციისა და სახელისუფლებო ძალების პოზიციების დაახლოება უშედეგოდ სცადა, როცა ბიუროს ოთახში შეკრებილ ფრაქციათა ხელმძღვანელებს დაპირისპირების შეწყვეტისკენ მოუწოდა. დაპირისპირება ამ მოწოდებამ ვერ გაანელა - სახელისუფლებო ფრაქციები ამტკიცებენ, რომ 23 ივლისს პარლამენტის თვმჯდომარემ პარლამენტარები შეცდომაში შეიყვანა და არა ბეიკერისეულ, არამედ სულ სხვა პროექტს უყარა კენჭი.
ფრაქცია “სოციალისტების” თავმჯდომარე ირაკლი მინდელი რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ პარლამენტის მიერ პირველი წაკითხვით მიღებულ პროექტში უგულებელყოფილია მთავარი პრინციპი - რომ გადაწყვეტილებებს ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს ხმების ორი მესამედით. ზოგადი პროტესტი კი ასე ჟღერს: პარლამენტში ისე ჩატარდა კენჭისყრა, რომ კანონის პროექტი პარლამენტარებისთვის დარიგებული არ ყოფილა. ამასვე ასაბუთებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გოჩა პაიჭაძე და მას მხარს უჭერს ფრაქცია ”აღორძინებაც”. “აღორძინების” წევრის სანდრო ბრეგაძის განცხადებით:
[ სანდრო ბრეგაძის ხმა] ” დღეს საზოგადოებამ დაინახა, რომ თქვენ ფალსიფიკაციით მიიღეთ კანონი. რას იზამთ არჩევნების დროს, ეს ცხადზე ცხადია.”
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, სახელისუფლებო ძალების გეგმა მარტივია: საარჩევნო კოდექსის პროექტის ჩაგდება, რის შემდეგაც 2 ნოემბრის არჩევნებს ისევ ძველი ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩაატარებს.
ფრაქცია”სოციალისტის” თავმჯდომარემ ირაკლი მინდელმა განმარტა ის საკითხები, რომლებიც პირველი წაკითხვით მიღებულ პროექტში არ ფიგურირებს და რომლებსაც პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ბეიკერის ვარიანტში. კანონპროექტი არ ითვალისწინებს, პირველი, რომ ეუთომ უნდა დანიშნოს არა მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არამედ საოლქო კომისიების თავმჯდომარეებიც და, მეორე, რომ გადაწყვეტილებებს კომისიები ხმების ორი მესამედით იღებენ. ამ განმარტებების მოსმენის შემდეგ ოპოზიციას დაახლოებით ასეთი რეაქცია ჰქონდა:

[ კობა დავითაშვილის ხმა] ”გიცხადებთ თნხმობას და სამართლიანად მივიჩნევთ თქვენს შენიშვნას, რომ არა მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არამედ საოლქოშიც, საუბნოშიც თავმჯდომარეები უნდა დაინიშნოს ეუთოს მიერ. ეს არის პრინციპი - გეთანხმებით. ჩვენი ხმების იმედი გქონდეთ ამ საკითხის კენჭისყრისას.”
სახელისუფლებო ფრაქციების მიერ წამოყენებულ შენიშვნებს სრულად იზიარებენ ფრაქციები - “ახლები” და “გაერთაინებული დემოკრატები”. “გაერთიანებული დემოკრატების” წევრის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით:
[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] ” არც ველოდი, სახელისუფლებო ბლოკს ასეთი დემოკრატიული აღტკინება თუ დაემართა...საოლქოში კი არა, საუბნოშიც...თუ გინდათ, თქვენი ბლოკის თავმჯდომარეც ეუთომ დანიშნოს. ორივე ხელით თქვენთან ვართ.”
ისინი, ვინც კვლავინდებურად აპროტესტებენ პირველი წაკითხვით მიღებულ პროექტს, ფრაქცია ”აღორძინების” წევრები არიან, რომლებიც ისევ მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.
XS
SM
MD
LG