Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკორუფციული საბჭო საგზაო პოლიციის წინააღმდეგ


საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია საგზაო პოლიციაში არსებულ დარღვევებსა და სისტემის რეფორმირების აუცილებლობას შეეხებოდა.

მას შემდეგ თითქმის 3 წელიწადი გავიდა და საგზაო პოლიციის საქმიანობა კვლავ გახდა ანტიკორუფციული საბჭოს მსჯელობის საგანი. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა დარღვევები იქნა აღმოჩენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ უწყებაში და რა რეკომენდაციები გასცა ანტიკორუფციულმა საბჭომ.

ანტიკორუფციული ბიურო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საგზაო პოლიციის საქმიანობის ხელახლა შესწავლით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კომპანია ”რუბიკონმა” ანტიკორუფციულ საბჭოს დახმარებისთვის მიმართა. ამ კომპანიამ საგზაო პოლიციისგან ავტოტრანსპორტის ეკოლოგიური დათვალიერების მომსახურების განხორციელებაზე ნებართვა 8 თვიანი ლოდინის შემდეგ მოიპოვა. 2 თვის თავზე კი საგზაო პოლიციამ “რუბიკონის” მიერ გაცემული ცნობების მიღება შეწყვიტა. როგორც 29 ივლისს გამართულ ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე გაირკვა, ამის საშუალებას საგზაო პოლიციას კანონმდებლობაში ჩადებული ბუნდოვანი ტერმინები აძლევს.

კერძოდ, კანონი ავტოტრანსპორტის ეკოლოგიური დათვალიერების უფლებას იმ კომპანიებს აძლევს, რომლებიც ამ საქმის განხორციელებას ”ცენტრალიზებულად” შეძლებენ. თუმცა კი არსადაა განმარტებული, რას ნიშნავს სიტყვა ”ცენტრალიზებული”. საგზაო პოლიციის ხელმძღვანელს დავით კობახიძეს ამ სიტყვის მნიშვნელობა თავისებურად ესმის:
[დავით კობახიძის ხმა] ”ჩვენ ვეუბნებოდით ყოველთვის, რომ თუ თქვენ განახორციელებთ, ისე როგორც ”ავტოეკოცენტრი”, მთელი ქვეყნის მაშტაბით ამ საქმიანობას, თქვენც დაშვებული იქნებით ჩვენ მიერ. ჩვენ საქმიანობის ნებართვას არ ვაძლევთ მათ. საქმიანობის ნებართვა მათ გააჩნიათ, შესაბამისი დოკუმენტაცია გააჩნიათ. მას შეუძლია ნებისმიერ მსურველს დღესაც შეუმოწმოს ის გამონაბოლქვი და უთხრას, რომ ეს შეესაბამება თუ არ შეესაბამება. მეორე საქმეა, რამდენად მიიღებს ამას ჩემი ინსპექტორი.”[სტილი დაცულია]

დავით კობახიძე თავის ინსპექტორს ”რუბიკონის” მიერ გაცემული ცნობების მიღების უფლებას მას შემდეგ მისცემს, რაც “რუბიკონი” ცენტრალიზებულად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებას შეძლებს. თუმცა, თუ როგორ მოახერხებს ამას, ძნელი სათქმელია, რადგან ტექდათვალიერების 5 სადგურში “რუბიკონის” გამოჩენას ძველი მონოპოლისტის ”ავტოეკოცენტრის” მწვავე რეაქცია მოჰყვა და ის საგზაო პოლიციას წამგებიან რეგიონებში შემოწმების განხორციელების შეწყვეტით დაემუქრა.სწორედ ამის შემდეგ დაიბლოკა “რუბიკონის” საქმიანობა. არადა, მონოპოლიურ საქმიანობას საქართველოს უამრავი საკანონმდებლო აქტი კრძალავს.

ანტიკორუფციულმა ბიურომ საგზაო პოლიციის საქმიანობაში უამრავი სხვა დარღვევაც აღმოაჩინა. მათ შორისაა განუბაჟებელი ავტომობილების ყალბი საბუთებით რეგისტრაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ საგზაო პოლიციელთა მიერ ყველასათვის ნაცნობ გამოძალვისა თუ მექრთამეობის ფაქტებზე. ბიუროს გათვლებით, კობახიძის უწყებამ ბიუჯეტი 1 წლის მანძილზე 20 მილიონი ლარით აზარალა ასეთი საქმიანობით.

დახურულ კარს მიღმა ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ანტიკორუფციულმა საბჭომ, ანტიკორუფციული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, შინაგან საქმეთა მინისტრს ურჩია საგზაო პოლიციის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
ანალოგიური რეკომენდაცია გაეგზავნა ფინანსთა მინისტრს საბაჟო სამსახურისა და ფინანსური ლეგიონის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ბიუროს მიერ მოკვლეული მასალები კი გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა.
XS
SM
MD
LG