Accessibility links

მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგში ცვლილებებია


ყოველკვირეული "ეკონომისტის" ექსპერტებმა მოამზადეს ახალი მიმოხილვა მსოფლიოს 86 ქვეყნის 125 ქალაქში ცხოვრების ხარჯების შესახებ. როგორც წესი,

ასეთი ინფორმაცია განკუთვნილია კომპანიების ხელმძღვანელებისთვის, რომ მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი ბიზნესი და სამართლიანად გამოთვალონ თავიანთი მუშაკების ხელფასები და სხვა სახის ანაზღაურება. თუმცა, ალბათ ჩვენი მსმენელისთვისაც არ უნდა იყოს უინტერესო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ მსოფლიოს რომელი ქალაქია დღეს ყველაზე ძვირი. აქვე გეტყვით, რომ დასავლეთი ევროპის ლიდერმა სიძვირეში - ლონდონმა დაკარგა პირველობა რეგიონში.

მსოფლიოს უძვირესი ქალაქების რეიტინგის შედგენისას ცხოვრების ხარჯების შესადარებლად ადარებენ ფასებს 167 პროდუქტზე. ეს პროდუქტები თავის მხრივ დაყოფილია ცამეტ კატეგორიად, ესენია: სამომხმარებლო კალათა, ალკოჰოლური სასმელები, საოჯახო ნივთები, პირადი ჰიგიენის საგნები, თამბაქო, ტექნიკა, ტანსაცმელი, დახმარება საშინაო საქმეებში, გართობა, ტრანსპორტი, საცხოვრებელი ფართის ღირებულება, საერთაშორისო სკოლები, ჯანდაცვა და სპორტი და ბიზნეს-მოგზაურობის ხარჯები.

ევროს გაძლიერებამ ევროზონაში ცხოვრების ხარჯები შედარებით გაზარდა. "ეკონომისტის" ექსპერტთა გამოთვლით, ევროზონის ყველაზე ძვირი ქალაქი დღეს პარიზია, რომელმაც მართალია ჯერ კიდევ ევროზონის გარეთ მყოფ, მაგრამ სიძვირით სახელგანთქმულ ლონდონსაც გაუსწრო. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ბოლო წლების მანძილზე ევროკავშირის უძვირეს ქალაქად ითვლებოდა, თუმცა მან ეს პირველობა კოპენჰაგენს დაუთმო. მთლიანად ევროპაში დღეს ყველაზე ძვირი ქალაქი, როგორც გაირკვა, ოსლოა. მართალია მსოფლიოს ყველაზე ხარჯიანი ქალაქების პირველ ათეულში ევროპის შვიდი ქალაქი მოხვდა, პირველი ორი ადგილი კვლავ არაევროპულმა ქალაქებმა, კერძოდ ტოკიომ და ოსაკამ დაიკავა. ეს ორი ქალაქი სიძვირეში მსოფლიო პირველობას 1991 წლიდან არ თმობს.

ევროს გაძლიერების ეფექტის, ანუ ცხოვრების ხარჯის მომატების მხრივ აღსანიშნავია დუბლინის წინსვლა, ის მსოფლიოს ქალაქების სიძვირის სიაში 34 ადგილით დაწინაურდა.

შეერთებული შტატების ქალაქები ბოლო ერთი წლის მანძილზე შედარებით გაიაფდა. ნიუ-იორკი სიძვირის მიხედვით დღეს მსოფლიოში მეცამეტე ადგილზეა, ამერიკის ქალაქებიდან მას მეთექსვმეტე ადგილზე ჩიკაგო მოსდევს, მეცხრამეტეზე კი - ლოს ანჯელესი.

ეკონომიკური პრობლემების გამო კიდევ უფრო გაიაფდა ცხოვრება ლათინური ამერიკის ქალაქებში. მაგალითად, მეხიკომ ბოლო ერთი წლის მანძილზე 41 ადგილით ქვევით გადაინაცვლა, ასევე მნიშვნელოვნად დაიწია კარაკასისა და მონტევიდეოს სიძვირის რეიტინგმაც.

"ეკონომისტის" ექსპერტთა მიმოხილვის თანახმად აღმოსავლეთი ევროპის ქალაქებიდან ყველაზე იაფი ბუქარესტია, ყველაზე ძვირი კი მოსკოვი.

აზიის უაიფეს ქალაქად მუმბაი დასახელდა. შედარებით დაეცა ცხოვრების ხარჯები ახლო აღმოსავლეთში, რაც იქ უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით არის გამოწვეული. მსოფლიოს უიაფესი ქალაქის სტატუსს წელსაც თეირანი ინარჩუნებს.

მსოფლიოში ცხოვრების ხარჯების მიმოხილვისას 125 ქალაქის სიაში მოხვდა სამხრეთი კავკასიის ერთი ქალაქი - ბაქო, რომელიც სიძვირით 93-ე ადგილზეა. რეგიონიდან აზერბაიჯანის დედაქალაქის შერჩევის საფუძველი ალბათ ისევ და ისევ ის იყო, რომ "ეკონომისტის" მიმოხილვა უპრიველესად საქმიანი ადამიანებისთვის არის გათვალისწინებული და გასაკვირი არ არის, რომ სამხრეთი კავკასიის რეგიონში ყველაზე საინტერესოდ ბაქო გამოიყურებოდეს.
XS
SM
MD
LG