Accessibility links

logo-print

რა ფაქტორები განსაზღვრავს ევროკავშირის დამოკიდებულებას სამხრეთი კავკასიის რეგიონის მიმართ


დღეს დაზუსტებით ვერავინ იტყვის

როგორია ევროკავშირის პოლიტიკა სამხრეთი კავკასიის რეგიონის მიმართ. არის ერთი საინტერესო მიდგომა, რომელიც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც სურს გაიგოს რა განაპირობებს ევროკავშირის ინტერესს - იქნება ის სუსტი, თუ ძლიერი - სამხრეთი კავკასიის მიმართ. ეს მიდგომა ევროკავშირის ინტერესთა დიფერენციაციაში მდგომარეობს.

იქნებ, ბევრისთვის მისაღები არც იყოს ევროკავშირის ინტერესის კრებითად - სამხრეთი კავკასიის რეგიონის მიმართ განხილვა და სურდეს საქართველოს კოკრეტული პერსპექტივა დაინახოს, მაგრამ, ფაქტია, რომ რაიმე ინდივიდუალურ მიდგომაზე საუბარი, როცა საქმე სამხრეთი კავკასიის რომელიმე ქვეყნის ევროსტრუქტურებში, კერძოდ კი ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება, შეიძლება ხელოვნურიც იყოს.

თავად ინტეგრაციის პროცესიც ჯერჯერობით ილუზორულ ხასიათს ატარებს. ჩვენს კონრეტულ შემთხვევას თუ განვიხილავთ: მართალია საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ილტვის, თავად ევროკავშირს ჯერჯერობით არათუ საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, ევროკავშირის გაფართოების 2007 წლის შემდგომი ტალღის დეტალებიც არ აქვს დაზუსტებული. ამაზე მეტყველებს გაფართოების საკითხებზე ევროკომისიის წევრის გიუნტერ ფერჰოიგენის პასუხი შეკითხვაზე - სად არის ევროპის საზღვრები. კერძოდ, ფერჰოიგენი აცხადებს: "ევროპის ახალ საზღვრებზე საუბრისას უმთავრეს საკითხს წარმოადგენს სტაბილურობა და კეთილდღეობა ევროკავშირის ახალი საზღვრის მიღმა ქვეყნებში. ევროკომისია ახალი ტიპის პარტნიორობას სთავაზობს ქვეყნებს, რომლებიც "მეგობართა რკალის" სახელით არის უკვე ცნობილი. ახალ მეზობლებს შეეძლებათ იხეირონ ევროკავშირის შიდა ბაზარზე მონაწილეობით, თუკი საპასუხოდ გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური რეფორმების გასატარებლად". ადრეც მოგახსენებდით, საქართველო ევროკავშირის მომავალ უშუალო მეზობელთა რიგშიც კი არ განიხილება. ჩვენთვის უფრო საგულისხმო შეიძლება აღმოჩნდეს ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტების ქსელის კოორდინატორის კირსტი ჰიუზის მოსაზრება ევროკავშირის პერსპექტიულ საზღვრებზე. კერძოდ ჰიუზი ამბობს: "ევროპას მკაფიო გეოგრაფიული საზღვრები არ გააჩნია, განსაკუთრებით აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. მომავალ წლებსა და ათწლეულებში ისეთი ქვეყნები, როგორიც უკრაინა, მოლდავეთი და ბელორუსიაა, შეიძლება პოლიტიკურად და ეკონომიკურად ისე განვითარდნენ, რომ მათი ევროკავშირში გაწევრიანება ვეღარ გამოირიცხოს დღის წესრიგიდან. ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობაც გადამწყვეტი სტრატეგიული პრობლემების წინაშე დგას. მაგრამ ევროკავშირი არ არის უბრალო გეოგრაფიული ერთობა. ის უფრო ფუნდამენტური პოლიტიკური ფასეულობებისა და ეკონომიკური სტრუქტურების ერთობაა. თუკი გეოგრაფიულად ასე ახლოს მდებარე ჩრდილოეთი აფრიკის ქვეყნები მომავალში ევროკავშირის ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს უპასუხებენ, ვერ ვხედავ საფუძველს, რატომ უნდა გამოირიცხოს მათი გაწევრიანება გეოგრაფიული ნიშნით", - აცხადებს კირსტი ჰიუზი.

ეს რაც შეეხებოდა მოსაზრებებს ევროკავშირის მომავალი გაფართოების შესაძლებლობაზე. ახლა კი დღევანდელ თემას - სამხრეთი კავკასიის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელ ფაქტორებს მივუბრუნდეთ. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო და აქტუალურია დღეს ევროპელი პოლიტოლოგის დამიენ ჰელის ნაშრომის გახსენება. დამიენ ჰელი სამხრეთი კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის შვიდგვარ დამოკიდებულებას ასახელებს, რომლებიც მისი აზრით, შეადგენენ დამოკიდებულებათა კომპლექსს. პირველი სახის დამოკიდებულებას ჰელი უწოდებს "ევროპული კავკასიისადმი დამოკიდებულებას" - აქ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ევროკავშირის ინტერესი უზრუნველყოს ევროპული ფასეულობების დაცვა რეგიონში, რომელიც გაფართოების მერე ძალიან დაუახლოვდება ევროკავშირს. მეორე სახის მიდგომას ჰელი "ბალკანურ-კავკასიურ მიდგომას უწოდებს" - თავად სახელიც მიანიშნებს, რომ ამ შემთხვევაში მიდგომის განმსაზღვრელ ფაქტორს ევროკავშირისთვის მის საზღვრებზე უსაფრთხოების პრობლემა წარმოადგენს. მესამე სახის მიდგომას ევროპელი პოლიტოლოგი "კასპიურ-კავკასიურს" უწოდებს, როცა სამხრეთი კავკასიის რეგიონი უფრო ფართო - კასპიის ენერგეტიკული რეგიონის ჩარჩოებში განიხილება. ევროკავშირისთვის, რომელიც ცდილობს გააძლიეროს საკუთარი ენერგოუზრუნველყოფა, როგორც პროდუქციის მრავალფეროვნების, ისე გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, სამხრეთი კავკასია უდაოდ მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენს. მიდგომის მეოთხე სახეს ჰელი "ამიერკავკასიულს" უწოდებს - ამოსავალ წერტილს ამ სექტორში სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა წარმოადგენს. ევროკავშირის ზოგიერთ წევრი სახელმწიფო რუსეთის გავლენა რეგიონში საფრთხედ აღიქვამს, ზოგიერთი კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, - სტაბილურობის შესაძლო ფაქტორად. სამხრეთი კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის მიდგომის მეხუთე ტიპს დამიენ ჰელი "პოსტ-საბჭოთა კავკასიურ მიდგომად" განიხილავს, როცა წამყვან ფაქტორს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა და მათში ევროპის მონაწილეობა წარმოადგენს. სწორედ ამ ტიპის დამოკიდებულების ხორცშესხმად უნდა მივიჩნიოთ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა. დამოკიდებულების მეექვსე სახე გახლავთ "ახლო აღმოსავლურ-კავკასიური მიდგომა", რომელიც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესსა და ევროპა-ხმელთაშუაზღვისპირეთი თანამშრომლობის პოლიტიკას უკავშირდება. გაფართოების გამო ევროკავშირს კიდევ მეტი ენერგომოთხოვნილება უჩნდება. მას სჭირდება ახლო აღმოსავლეთის ენერგორესურსები. დამიენ ჰელის მიერ დასახელებულ მიდგომათაგან ბოლო, ეს არის ევროკავშირის მიდგომა სამხრეთი კავკასიის, როგორც მესამე მსოფლიოს ნაწილის მიმართ - ამგვარი მიდგომის პრაქტიკული გამოხატულება ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებია. ევროპელი პოლიტოლოგის დამიე ჰელის აზრით, ჩამოთვლილი შვიდი კომპონენტის ერთობა განაპირობებს ევროკავშირის დამოკიდებულებასა და ინტერესს სამხრეთი კავკასიის რეგიონის მიმართ. ჰელის იდეის რეალურობას (ვგულისხმობ იმას, რომ დღემდე ევროკავშირს არ გააჩნდა ერთიანი, შეთანხმებული პოლიტიკა სამხრეთი კავკასიის მიმართ) ადასტურებს ის, რომ ევროკავშირის მთავარმა გადაწყვეტილების მიმღებმა უწყებამ - ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ მხოლოდ ახლა გადაწყვიტა უშუალოდ, საკუთარი წარმომადგენლის დახმარებით და არა სხვა ინსტიტუტების გზით, ითანამშრომლოს სამხრეთი კავკასიის ქვეყნებთან.
XS
SM
MD
LG