Accessibility links

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირაში საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მთავარი


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირაში საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოვლენა პარლამენტის მუშაობას დაუკავშირდა:

როგორც 24 ივლისის გაზეთი “ხვალინდელი დღე” აღნიშნავს, “სამთვიანი კონსულტაციების, კამათის, ლამის ხელჩართული ბრძოლის შემდეგ პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესზე შეთანხმდა. საარჩევნო კოდექსის კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა. ცესკოს ფორმირების ბეიკერის დოკუმენტით გათვალისწინებულ წესს მხარი 123-მა დეპუტატმა დაუჭირა. პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ მრეწველებსა და ფრაქცია “აღორძინებას”.
შემდეგ გაზეთი წერს:

“პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესზე შეთანხმდა, მაგრამ ამ შეთანხმებას, შესაძლოა, აღორძინების ბოიკოტი მოჰყვეს. ჯემალ გოგიტიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი 23 ივლისს, ღამის პირველ საათზე, ამ სიტყვებით დატოვა: “თქვენ მაინც იმას გააკეთებთ, რასაც შევარდნაძე დაგავალებთ. გილოცავთ, ყველანი ერთად ხართ და ამას აღარც მალავთ!”
პარლამენტი ცესკოს ფორმირების იმ წესზე შეთანხმდა, რომლის მიხედვით, 5 წევრს პრეზიდენტი ნიშნავს, ერთს - ეუთოს მისია, ხოლო ოპოზიციის ცხრა ადგილს თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის მასშტაბით, 4%-იან ბარიერგადალახული და, მთელი საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტი ადგილის მქონე პარტიები გაინაწილებენ.”

ამავე თემას ეძღვნება 24 ივლისის გაზეთ “რეზონანსის” წერილი, რომლის მიხედვით, “...გუშინდელ სხდომაზე მაინც გამოჩნდა, რომ სახელისუფლებო ფრაქციებში ბეიკერის ვარიანტთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ იყო.”
გაზეთი წერს:

“სიტუაციის გადარჩენა ელგუჯა მეძმარიაშვილმა შეძლო. მან ხუთწუთიანი შესვენება მოითხოვა კენჭისყრამდე და სახელისუფლებო ძალები სათათბირო ოთახში განმარტოვდნენ. მოგვიანებით ნინო ბურჯანაძემ ისიც კი გაამხილა, რომ ის და მეძმარიაშვილი ტელეფონით ესაუბრნენ პრეზიდენტს. ეს მან ჯემალ გოგიტიძის რეპლიკის შემდეგ აღიარა. გოგიტიძე აცხადებდა, პრეზიდენტი ახლა ისვენებსო. ბურჯანაძემ კი გოგიტიძე დაამუნათა: კი არ ისვენებს, ჩვენს სხდომას უყურებსო. ასეა თუ ისე, საქართველო-ამერიკის ერთობლივი ოცნება ახდა. თუ სატელევიზიო გამოკითხვებს ვენდობით, დეპუტატები იმიტომ ჩხუბობდნენ, რომ უფრო მეტი გავლენა მოიპოვონ და მეტად მოატყუონ ხალხი, მაგრამ კენჭისყრის შედეგები იმ იმედს იძლევა, რომ პარლამენტი ისეთი ქმედუუნაროც არ ყოფილა, როგორიც კანცელარიაში ზოგიერთს ეგონა.”

შუა კვირაში არაერთი წერილი მიეძღვნა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის პრობლემას. 23 ივლისის გაზეთი “რეზონანსი” წერს, რომ “საქართველოს საჰაერო სივრცეში ამერიკული მზვერავი თვითმფრინავების გამოჩენამ უკიდურესად შეაშფოთა რუსეთი.”
გაზეთის თქმით,

“ამჟამად სქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი. მდინარე ფსოუსთან კი რუსებმა ს-300 ტიპის საზენიტო დანადგარები განალაგეს. ამის პარალელურად აღნიშნული სარაკეტო კომპლექსების აფხაზეთის ტერიტორიაზე გადმოსროლის გეგმაც მუშავდება. თუმცა რუსეთი ვერსად გაექცევა იმ ფაქტს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და აქ თავისი ს-300 ტიპის დანადგარების შეყვანა მხოლოდ თბილისის თანხმობით შეუძლია.”
“თუმცა უკვე დღეს რუსეთის არმიის მთავარი ოპერატიული სამმართველოს გენერალურმა შტაბმა, გენერალ-პოლკოვნიკ ალეკსანდრ რუკშინის ხელმძღვანელობით, შეიმუშავა რამდენიმე განსხვავებული პროექტი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ს-300-ის გადასროლა აფხაზეთის ტერიტორიაზე. შემუშავებულ დოკუმენტებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტულ შენიღბვას, დეზინფორმაციას და მოწინააღმდეგის სადაზვერვო ტექნიკური საშუალებებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მზვერავი თვითმფრინავი კვლავ გამოჩნდება აფხაზეთის თავზე, რუსები მას ჩამოაგდებენ.”

ამ საკითხის თაობაზე “რეზონანსი” დაუკავშირდა პარლამენტარ გიორგი ბარამიძეს, რომელმაც, კერძოდ, განაცხადა: “ერთი გაბედონ და “ავაქსს” რაიმე ესროლონ, რა დარჩება არძინბასა და იმ სეპარატისტების უბადრუკი ხელისუფლებისგან, ამას ყველა ვნახავთ.”

23 ივლისის “მთავარი გაზეთის” ინფორმაციით კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალეკსანდრ იაკოვენკომ წინა დღეს განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა უზრუნველყოს ქართველი და საერთაშორისო ინსპექტორების უსაფრთხოება გუდაუთის სამხედრო ბაზაზე მონიტორინგის ჩასატარებლად.”
გაზეთი წერს:

“იაკოვენკო ირწმუნება, რუსულმა მხარემ ჯერ კიდევ 2001 წელს შეასრულა აღებული ვალდებულებები და ამის შესახებ ეუთოს აცნობა კიდეც, რაც იმას ნიშნავს, რომ გუდაუთის სამხედრო ბაზა დახურულია და არ ხვდება ეუთოს მხრიდან ობიექტთა საერთაშორისო ინსპექციების სიაში.”
”აფხაზთა თავდაცვის მინისტრმა ვიაჩესლავ ეშბამ “მთავარ გაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ აფხაზური მხარე არ არის წინააღმდეგი გუდაუთის ბაზის იმ ობიექტებზე, რომლებსაც რუსი მშვიდობისმყოფელები იყენებენ, დაუშვან ქართველი და უცხოელი ინსპექტორები. რაც შეეხება დანარჩენ ობოექტებს, რომლებიც აფხაზური მხარის კონტროლქვეშაა, ეშბას თქმით, იქ ქართველ და უცხოელ ინსპექტორებს არაფერი ესაქმებათ, რადგან ეს ზიანს მიაყენებს აფხაზეთის უსაფრთხოებას.”
“თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი მისასალმებელია, მაგრამ რუსული მხარის წინადადება არასაკმარისია, ვინაიდან ბაზის მთლიანი მონიტორინგი უნდა ჩატარდეს, როგორც ამას ეუთოს ყველა ხელშეკრულება ითვალისწინებს.”
“მისი თქმით, იმ დრომდე კი, სანამ რუსეთი არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, ჭიანურდება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ადაპტირებული ხელშეკრულების რატიფიკაცია, რის გამოც რუსეთს პასუხის გაცემა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც მოუწევს.”

ბოლო დღეებში წინა პლანზე წამოიწია რუსეთის ენერგოექსპანსიის პრობლემამ. 25 ივლისის გაზეთ “ხვალინდელი დღის” თქმით, “სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ, ბოლოს და ბოლოს, აღიარა, რომ რუსულ კომპანია “გაზპრომთან” გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რასაც გუშინდელ დღემდე კატეგორიულად უარყოფდა.”
გაზეთი აღნიშნავს, რომ

“მინისტრის აღიარებამ იმ საინფორმაციო ბომბის როლი შეასრულა, რომლის “აფეთქების” შემდეგ პოლიტიკოსებმა ცესკოს დაკომპლექტება, აჭარის ბოიკოტი თუ წინასაარჩევნო კომბინაციები დროებით გვერდით გადადეს და მთელი ხმით დაიძახეს: “იყიდება საქართველო”. აბობოქრებულ პარტიებს “გამყიდველთაგან” ხელთ მხოლოდ მირცხულავა შერჩათ და მინისტრს გუშინ ჯოჯოხეთი მოუწყვეს. პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია. ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როდესაც დუმილი ოქრო სულაც არ არის.”

“ხვალინდელი დღე” წერს, რომ “პოლიტიკური პარტიების მიერ ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ მირცხულავამ პრესკონფერენცია მოიწვია, ხელშეკრულების ასლები ჟურნალისტებს დაურიგა და მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გარშემო გავრცელებული ინფორმაციის გაქარწყლებას შეეცადა.”
გაზეთის თქმით,

“მირცხულავა პოლიტიკოსების მიერ მისი მისამართით გაკეთებულ ბრალდებებს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს და აცხადებს, რომ “საკუთარი ქვეყნის ღალატს ვერავინ დააბრალებს”. იგი ირწმუნება, რომ “ენერგეტიკაში კორუფციული ინტერესები არასოდეს ჰქონია” და მის წინააღმდეგ ამხედრებულ პოლიტიკოსებს ამ ბრალდებას თავად წაუყენებდა.”
“იგი ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების პირობები საზოგადოებისთვის დამალული არასოდეს ყოფილა და მასში ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ერთი პუნქტიც არ მოიძებნება.”

26 ივლისის გაზეთი “24 საათი” კი წერს, რომ “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი განგაშს ტეხს იმ საფრთხის გამო, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს რეალურად დაემუქრება.”
გაზეთი წერს:

“ზურაბ ჟვანიას თქმით, დასკვნით ფაზაშია შესული მოლაპარაკებები “ეი-ი-ეს თელასსა” და “რაო-ეესს” შორის, რომლის დასრულების შემდეგაც ამერიკული კომპანიის აქციების 75% რუსული მხარის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება. პოლიტიკოსის განცხადებით, “თუ “ეი-ი-ეს თელასი” რუსეთის ხელში გადავა, მაშინ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საქართველოს ენერგომომარაგების სისტემაში აბსოლუტური მონოპოლისტი გახდება და ეს პრობლემა ათწლეულების განმავლობაში მძიმე ტვირთად დააწვება ქართულ სახელმწიფოს. გარიგების შემთხვევაში, საქართველო თავისი დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს დაკარგავს.”







სამწუხაროდ, საქართველოში ისევ აქტუალურია რუსეთის ენერგოექსპანსიის პრობლემატიკა. 25-31 ივლისის გაზეთ “ახალი ეპოქის” თქმით, “მართალია, რუსული “რაო-ეეს”-თვის
“ეი-ი-ეს”-ის მიერ “თელასის” აქციათა 75 პროცენტის გადაცემის ფაქტს ხელისუფლებაში ჯერ არ ადასტურებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ ამ კომპანიებს შორის მიმდინარე კონსულტაციებზე ინფორმაციას ფლობენ.”
გაზეთი წერს:

“ენერგოკრიზისის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩუბუნიშვილი ფარულ გარიგებაზე ალაპარაკდა და ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციაც გამოაქვეყნა. მისი საგამოძიებო მასალები აფხაზეთის გავლით რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტსა და შემდეგ საქართველოში რეექსპორტის სქემას ააშკარავებს.”
“მოძიებული მასალებით, სამინისტრო ენგურჰესის გამომუშავებულ ელექტროენერგიას, რომლის თითოეული კილოვატის ღირებულება 0,8 ცენტს არ აღემატება, აფხაზური “ჩერნომორენერგოს” ელქტროგადამცემი ხაზის, “სალხინოს”, და შუამავალი ფირმა “ვინგფილდ ინტერნეშნლ ლიმიტიდის” მეშვეობით რუსეთში ყიდის, ზამთრის დადგომისას კი “ვინგფილდის” მეშვეობით რუსეთისგან ყიდულობს სამჯერ ძვირად. კომისიის გათვლებით, ამ მაქინაციებით მიღებული წმინდა მოგება წელიწადში 10 მილიონ დოლარს აღწევს.”

“ახალი ეპოქა” აგრეთვე აღნიშნავს, რომ ამერიკული კომპანია
“ეი-ი-ესი” უკვე წელიწადზე მეტია, რაც ფიქრობს საქართველოში თავისი ქონების გაყიდვას.
გაზეთის თქმით,

“ეს პროცესი მაშინ დაიწყო, როდესაც “ეი-ი-ეს”-ის ოფისს სათავეში იგნასიო ირიბარენი ჩაუდგა. ექსპერტები ამის მიზეზად ამერიკელი ინვესტორისადმი ქვეყნის მთავრობის დამოკიდებულებას მიიჩნევენ. ამაში წინასაარჩევნო ქვეტექსტებიც კარგად იკითხება. სავარაუდოდ, შეიქმნება ერთობლივი რუსულ-ქართული კომპანია და რუსული მხარე მთლიანად დაეპატრონება ქართულ ენერგოსისტემას.
ოპოზიციური პარტიები “რაო-ეეს”-ის შემოსვლას უკავშირებენ ელექტროენერგიის ტარიფის მომატებასაც, რასაც ენგურჰესი მოითხოვდა სემეკისგან. მათ მიაჩნიათ, რომ “რაო-ეესი” მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეუფლება სამართავად “ენგურჰესს” 25 წლით, თუ ტარიფი გაიზრდება.”
“როგორც ხედავთ, ქვეყნის ენერგეტიკა რეალური საფრთხის წინაშეა. სავსებით მოსალოდნელია, რომ მომწოდებელი და შიდა ქსელების მეპატრონე ერთი და იგივე კომპანია გახდეს. ეს კი მთელი სისტემის მონოპოლიზაციას გამოიწვევს, რაც თავისთავდ გამორიცხავს კონკურენციას და არჩევანის შესაძლებლობას. რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების დათმობით ენერგეტიკული უსაფრთხოების იდეა ხელიდან გვეცლება და, სამწუხაროდ, სწორედ ჩვენი ხელისუფლების მონდომებით.”
XS
SM
MD
LG