Accessibility links

logo-print

არის თუ არა უთანხმოებები ბლოკში “ახალი საქართველოსთვის”


საარჩევნო კამპანია საქართველოში გადამწყვეტ ფაზაში ჯერ არ შესულა. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მათ მიერ ოფიციალური წინასაარჩევნო

კამპანიის დაწყება ჯერ წინ არის და განწყობილება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე პოლიტიკოსებთან საუბრისას იგრძნობა, ცხადყოფს, რომ საქართველოში ძალიან ცხელი პოლიტიკური ამინდი დგება.
ასეთი ამინდის შექმნაში, ალბათ, ყველა საარჩევნო სუბიექტი შეიტანს თავის წვლილს, რადგან აშკარაა - ბრძოლა ხელისუფლებისთვის უკომპრომისო, დაუნდობელი უნდა იყოს. პოლიტიკოსებს უკვე ემჩნევათ ძლიერი ემოციური მუხტი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ ბანაკში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სთხოვენ განმარტებებს. მე ვცადე გამერკვია, რა პროცესები მიმდინარეობს სახელისუფლებო ბლოკში, რომელსაც “ახალი საქართველოსთვის” ჰქვია.

ლიდერები ბლოკისა “ახალი საქართველოსთვის”, ვახტანგ რჩეულიშვილის გამოკლებით ( ის სანკტ-პეტერბურგში იმყოფება), 28 ივლისს სახელმწიფო კანცელარიაში შეიკრიბნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შეკრებაზე სცადეს შეთანხმებულიყვნენ ბლოკის საარჩევნო სიის პირველი ათეულის დაკომპლექტებისა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკის კუთვნილი კვოტის გადანაწილების პრინციპებზე. ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტის, “მწვანეთა პარტიის “, თავმჯდომრემ, გია გაჩეჩილაძემ, ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ 28 ივლისის შეკრებაზე მართლაც წამოიჭრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სახელისუფლებო ბლოკის კუთვნილი კვოტის გადანაწილების პრინციპებზე შესათანხმებლად მსჯელობის დაწყების მოთხოვნა, თუმცა, როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ეს იყო მხოლოდ მოთხოვნა და ბლოკის სუბიექტებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა.

[გია გაჩეჩილაძის ხმა] “ პირველი შემთხვევა იყო გუშინ, როცა ჩვენ დავაყენეთ საკითხი იმაზე, ხომ არ არის დრო დავიწყოთ მსჯელობა კვოტების გადანაწილების პრინციპებზე და, ალბათ, იმ კვირიდან, როცა საარჩევნო კოდექსი იქნება მიღებული, დაიწყება კიდეც ეს პროცესი. “


რაც შეეხება საარჩევნო სიას, პირველი ათეულის სავარაუდო დასახელებით, “სახელისუფლებო ბლოკში ასეთი სია ჯერ არავის წარმოუდგენია, ყოველ შემთხვევაში, სიის პირველი ათეულის დაკომპლექტებაზე მსჯელობას ბლოკის ლიდერთა შეკრებაზე ადგილი ჯერ არ ჰქონიაო,” - გვითხრა სახელისუფლებო ბლოკში გაერთიანებულმა “მწვანეთა პარტიის” თავმჯდომარემ და ნათქვამს დასძინა, რომ 28 ივლისის შეკრებასთან დაკავშირებით ქართულ პრესაში არასწორად გავრცელა ინფორმაცია, თითქოს სახელისუფლებო ბლოკის საარჩევნო სიის სავარაუდო პირველი ათეულის დასახელებას ბლოკის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
გია გაჩეჩილაძე ერთადერთი იყო სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებს შორის, რომელიც ბლოკში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ უყოყმანოდ დაგვთანხმდა.

არის თუ არა ამ ბლოკის სუბიექტებს შორის რაიმე საკითხზე უთანხმოება, ცალკე თემაა და ცალკე აღსანიშნავია ის, რომ ბლოკში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარეს ვიტალი ხაზარაძეს ერთთვიანი დუმილი აქვს გამოცხადებული, ირაკლი გოგავას კი, თავმჯდომარეს ფრაქციისა “ალიანსი ახალი საქართველოსთვის”, თავდაცვისათვის თავდასხმის ტაქტიკა აქვს არჩეული. ჩვენს შეკითხვას, ადასტურებს თუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ბლოკში არსებულ უთანხმოებებთან დაკავშირებით, მან გაღიზიანებული ტონით უპასუხა: “ თქვენ, რა, დაგავალეს ამ საკითხზე წერა? თქვენ, რა, დაკვეთებზე მუშაობთ?”- და პასუხი აქ დაასრულა.
როგორც ჩანს, ირაკლი გოგავასთვის დაკვეთები იმდენად მიღებულია, ფიქრობს, რომ არჩევნების წინ საქართველოში ყველა დაკვეთებზე უნდა მუშაობდეს. კანცელარიის კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, 28 ივლისის შეკრების დასრულების შემდეგ გოგავასა და მისი ხელმძღვანელის, ქვემო ქართლის ამომრჩეველთა ხმების მაკონტროლებლის ლევან მამალაძის, დუეტი შევარდნაძის კაბინეტს კიდევ კარგა ხანს შემორჩენია, ალბათ, ან საარჩევნო კვოტების სქემის დეტალების შესათანხმებლად, ან სოფლის მეურნეობის მინისტრის წინააღმდეგ მათ ხელთ არსებული მასალების უტყუარობაში პრეზიდენტის დასარწმუნებლად, ანდაც ახალი საარჩევნო დაკვეთების მოსაფიქრებლად.
XS
SM
MD
LG