Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა გასული კვირის ბოლოს არსებობის ორმოცდაათი წელი შეუსრულდა დიქტატორულ რეჟიმებს ჩრდილოეთ კორეასა და კუბაში.

1953 წლის 26 ივლისს, ახალგაზრდა ფიდელ კასტროს მიერ წამოწყებული ამბოხება კომუნისტურ რევოლუციაში გადაიზარდა, რამაც მონობისათვის გაწირა კუბაში ორი თაობა.

ხოლო კვირას 27 ივლისს, 50 წელი შეუსრულდა დაზავებას, რითაც დასრულდა ომი კორეის ნახევარკუნძულზე, და მილიონობით ჩრდილოეთ კორეელს ჯერ კიმ ირ სენის, ხოლო დღეს მისი ვაჟის, კიმ ჩონ ირის ავტოკრატული რეჟიმის პირობებში უხდება ცხოვრება. აი რას წერს სარედაქციო სტატიაში გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალი":

"ერთი საწყენი ყოველივე ზემოხსენებულიდან ისაა, რომ დესპოტი ლიდერები შესაძლოა დიდხანს შემორჩნენ ხელისუფლების სათავეში მაშინაც კი, როცა მათს უუნარობაში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი. ფიდელ კასტროს ლიდერობის ყველაზე დიდი სტაჟი აქვს დღეს მთელს მსოფლიოში. მოყოლებული 1953 წლიდან, ჩრდილოეთ კორეას მამა-შვილის დიქტატურა მართავს, მაშინ როცა ამავე პერიოდში ამერიკელებმა ათი პრეზიდენტი აირჩიეს. და მაინც, განვლილი ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის გაანალიზებისას იმედისმომცემი ისაა, რომ კომუნისტური დიქტატურა,
როგორც დავინახეთ, კრახისთვისაა განწირული და ადრე თუ გვიან მაინც დაინგრევა".

"ცნობისმოყვარე ბებიების დაბრუნება", - ასეთი კომენტარით გამოეხმაურა გაზეთი "ქრისჩიენ საიანს მონიტორი" ცნობას იმის შესახებ, რომ მოსკოვის მესვეურებს განზრახული აქვთ მოსახლეობაში პოლიციის დამსმენთა ფართო ქსელის შექმნა, რაც თურმე, ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობითაა ნაკარნახევი. გაზეთი, ამასთან დაკავშირებით წერს:

"საბჭოთა პერიოდში სახლმმართველობის საზოგადოებრივი საბჭოს წინაშე ანგარიშგება იყო ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო პერსპექტივა ყოველი ადამიანის ცხოვრებაში. საზოგადოებრივი ზნეობის სადარაჯოზე მდგომ ამ აქტივისტებს საჯაროდ შეეძლოთ ადამიანის დამცირება იმისთვის, რომ ცოტათი "წაიზარმაცა" ქუჩის დასასუფთავებლად მოწყობილი "შაბათობის" დროს. არ იყო გამორიცხული მილიციაში დასმენაც. სტალინის დროს ხომ ეპიდემიური ხასიათი მიიღო ანონიმურმა დასმენამ მეზობლებზე, რის შედეგადაც ათეული ათასობით უდანაშაულო ადამიანმა შორეული ციმბირის გულაგში დალია სული. საზოგადოებრივი საბჭოები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა. და აი, მოსკოვის ხელისუფლებას დღეს, მათი აღდგენა სურს. ზოგიერთი მოსკოველი, მაგალითად პენსიონერი ვლადიმირ მოისეევი მიესალმება ხელისუფალთა გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ კანონმორჩილ ადამიანს სულაც არ უნდა აშინებდეს ეს, და რომ არავინ დაიჯერებს, თუკი მას, ვლადიმირ მოისეევს, მაგალითად, ვინმე ლოთს ან ხულიგანს უწოდებს. სხვები, მაგალითად წარმოშობით აზერბაიჯანელი მაჰმუდ ნანიზადე ამბობს, რომ ხელისუფალთა გადაწყვეტილებას ბევრი ბოროტად გამოიყენებს. "გლასნოსტის" ფონდის ხელმძღვანელის სერგეი გრიგორიანცის აზრით, იქმნება მექანიზმი, რომელიც მწვანე შუქს მისცემს თანამშრომლობას კორუმპირებულ მილიციელებსა და იმ წვრილმან დამნაშავეებს შორის, რომლებიც შანტაჟს მოუწყობენ პატიოსან, უადანაშაულო მოქალაქეებს".

საფრანგეთის გაზეთი "ფიგარო" რამდენიმე სტატიით გამოეხმაურა რუსეთში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა საქმიანობას. გაზეთის აზრით, რუსეთმა ფაქტობრივად, ელცინის ეპოქაში მოპოვებული ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა - მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელი საშუალებები დაკარგა. გაზეთი დასძენს:

"პროფესიონალი პოლიტიკური მიმომხილველები, როგორიც მაგალითად ჟურნალისტი სერგეი პარხომენკოა, ყოველკვირეული "იტოგის" მთავარი რედაქტორი რომ იყო ადრე, უმუშევრები დარჩნენ. პარხომენკოს მცდელობა "ყოველკვირეული ჟურნალი" გამოეშვა უშედეგოდ დამთავრდა, ვინაიდან ხელისუფალთა მიერ დაშინებულმა ბიზნესმენებმა აღარ მოისურვეს პარხომენკოს ჟურნალში თავიანთი რეკლამების გამოქვეყნება. რაც შეეხება ჩეჩნეთს, იქ მიმდინარე ბარბაროსობის შესახებ ფაქტობრივად არავინ იუწყება, და ერთადერთი გამონაკლისია ამ მხრივ "ნოვაია გაზეტა", რომლის კორესპონდენტმა ანნა პოლიტკოვსკაიამ 50-ჯერ იმოგზაურა ჩეჩნეთში განვლილი ოთხი წლის მანძილზე, მაგრამ პოლიტკოვსკაიას ნათქვამს დღეს რუსეთში არავინ უმენს".
XS
SM
MD
LG