Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ქალთა და ბავშვთა შორის ნარკომანია ვრცელდება


თუ შეიძლება დასახელდეს ქვეყანა, რომელსაც ყოველკვირეულ პროგრამაში "ქალი და მსოფლიო" ყველაზე ხშირად შეხებია საუბარი, ეს უთუოდ ავღანეთია.

მიზეზი არაერთხელ გვიხსენებია - ხანგრძლივმა სამოქალაქო ომმა და გასამხედროებულ ისლამურ მოძრაობა თალიბანის მმართველობამ ქალები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ხშირ შემთხვევაში, ქალებს უხდებოდათ ოჯახის შენახვა, მაშინ როცა "თალიბანი" მათ (ისლამის უკიდურესად მკაცრი ინტერპრეტაციიდან გამომდინარე) მუშაობას, ის კი არა, სახლიდან მარტო გასვლას უკრძალავდა. გოგონებს აღარ ჰქონდათ სკოლაში სიარულის, საერთოდ, განათლების მიღების უფლება. თავიდან ფეხებამდე ცისფერი მოსასხამით შემოსილი, პრაქტიკულად შენიღბული ავღანელი ქალი - ომით გაჩანაგებული ავღანეთის ჩამორჩენილობისა და თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. თუმცა დღეს ამ თემაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ - მართალია, ავღანელ ქალებზე გიამბობთ, მაგრამ თქვენს ყურადღებას სხვა პრობლემაზე გავამახვილებთ.

დღეს ავღანეთში ქალებს მამაკაცების მდგომარეობასთან მაინცდამაინც ისეთი ტენდენცია აახლოვებს, რომელიც საფრთხეს უქმნის თვით ქალების ჯანმრთელობას, მათ შვილებსა და მთელს საზოგადოებას. ეს ტენდენცია ნარკომანიის გავრცელება გახლავთ.

ავღანეთის ქალთა საკითხების სამინისტროს ინფორმაციით, ნარკომანი ქალების უმრავლესობას ავღანეთში 2001 წელს თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ ემიგრაციიდან დაბრუნებულები შეადგენენ. ისინი ჯერ კიდევ ირანში, ან პაკისტანში შეეჩვიენ ნარკოტიკებს.

ირანში იყო გახიზნული, მაგალითად "ნაფიზა" - ოთხი შვილის დედა, რომელმაც თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა. ის ქვრივია და ოჯახს ხალიჩების ქსოვით არჩენდა, მაგრამ, დეპრესიით გაწვალებულმა, გადაწყვიტა, ჰეროინი გაესინჯა. საქმე, როგორც მოსალოდნელიც იყო, გასინჯვით არ დამთავრებულა... [ნაფიზას ხმა] "ოთხი შვილი მყავს და ისინი მუშაობდნენ. მე კი მათი ფულის ნახევარს წამალში ვხარჯავდი. ფულს მეზობლებს ვაძლევდი, წამალი იმათ მოჰქონდათ. შვილებს ვაიძულებდი ემუშავათ, ან საოჯახო ნივთებს ვყიდდი. ზოგჯერ წამალში იმ ფულსაც კი ვხარჯავდი, ჩემს შვილებს საჭმლისათვის რომ ჰქონდათ შენახული." ქაბულში ერთი წლის წინ დაბრუნებულ "ნაფიზას", რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, ფარანგიზ ნაჯიბულა ესაუბრა, მუშაობის თავი არ ჰქონდა. მაშინ შეიტყო "ნაჯათის სარეაბილიტაციო ცენტრის" არსებობის შესახებ.

ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე წელია ავღანელ ლტოლვილებს შორის ნარკომანებს მკურნალობს პაკისტანის ფეშავარის რაიონში. შარშან მან ქაბულშიც გახსნა სარეაბილიტაციო ცენტრი და პირველმა მიუთითა ავღანეთის მთავრობას ქალებს შორის ნარკომანიის პრობლემისაკენ.
"ნაჯათის ცენტრის" ხელთ არსებული ინფორმაციით, ქაბულში ნარკომანი ქალების უმეტესობა შურბაზარში - ქალაქის ერთ-ერთ უძველეს და უღარიბეს უბანში ცხოვრობს. [მუჰამად აღა სტანაკზაის ხმა] "ჩვენი თანამშრომელი ქალები - ექიმები, ექთნები, სოციალური მუშაკები - პაციენტებთან შინ მიდიან და მათ ნარკომანიის შედეგებს განუმარტავენ", ამბობს ქაბულის ცენტრის დირექტორი, მუჰამად აღა სტანაკზაი.

"ნაჯათის" თანამშრომლების განმარტებებს, როგორც ჩანს დამაჯერებლობა არ აკლია, რახან გასული წლის მანძილზე მათ ორგანიზაციას ნარკომანიით დაავადებულმა 250-ზე მეტმა ქაბულელმა ქალმა მიაკითხა - ეს არის პირველი ჯგუფი, რომელიც ქაბულის ფსიქიატრულ საავადმოფოში გააგზავნეს და რომლის მკურნალობას მოგვიანებით თვით "ნაჯათის ცენტრში" გააგრძელებენ. ეს გზა რომ შეიძლება, წარმატებული იყოს, "ნაფიზას" მაგალითით დასტურდება - ოთხი შვილის დედა, რომლის შესახებ წეღან გიამბეთ, რამდენიმე თვეა, ნარკოტიკებს აღარ იღებს...

"ნაჯათის სარეაბილიტაციო ცენტრის" თანამშრომელთა გამოცდილებით, ნარკომანები, ჩვეულებრივ, მაშინ გამოთქვამენ ხოლმე მკურნალობის სურვილს, როცა ნარკოტიკებზე ხელი აღარ მიუწვდებათ. "ნაჯათის" ასეთ პაციენტებს შორის არის მაჰგული: [ნაფიზას ხმა] "წამლისათვის ფული აღარა მაქვს. არა ვმუშაობ. მკერავი ვიყავი, მაგრამ არაფრის თავი აღარა მაქვს. არც ქმარი მყავს. ამიტომ გადავწყვიტე ოპიუმზე უარის თქმა".

ავღანეთში ნარკომანიიდან მომდინარე საფრთხე კიდევ გაცილებით უფრო მწვავეა, ვიდრე აქამდე მონათხრობი აჩვენებს - ქაბულსა და ფეშავარში, ნაჯათის პაციენტებს შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, პატარა ბავშვებსაც იხილავთ, რომელთაგან ზოგი ერთი წლის თუა...

ერთი ასეთი ბავშვის დედა (მას ჩვენს გადაცემაში "შიკებას" ვუწოდებთ) პაკისტანში ცხოვრობს. ბევრი სხვა ავღანელი ლტოლვილი ქალისა არ იყოს, ისიც ქვრივია და ოჯახის სარჩენად ხალიჩებს ქსოვს. რაც შეეხება ნარკოტიკებს - "შიკება" არა მარტო თვითონ იღებდა ოპიუმს, არამედ მას საკუთარ შვილს (ჩვილ ბავშვს!!!) დასაძინებლად აძლევდა... არ იფიქროთ, "შიკება" განსაკუთრებით უპასუხისმგებლო, რომ იტყვიან, უგულო დედა იყოს! როცა ავღანეთში თავი ტკივათ, ან უძილობა აწუხებთ, არც თუ იშვიათად მიმართავენ ბუნებრივ ოპიუმს, მის მცირე დოზებს კი ბავშვების დასამშვიდებლადაც იმეტებენ. ასე იქცეოდა შიკებაც... დღეს მასაც და მის შვილსაც "ნაჯათის სარეაბილიტაციო ცენტრში" მკურნალობენ.

"ავღანეთის კონსერვატულ საზოგადოებაში უმეტეს შემთხვევაში თვალს ხუჭავენ ქალთა შორის ნარკომანიის პრობლემაზე, თავი ისე უჭირავთ, თითქოს ასეთი რამ არ არსებობდესო", აღნიშნავს ქალთა საკითხების მინისტრის მოადგილე ამინა ფაიზადი. თუმცა, მისივე თქმით, სამინისტროში გამართულ ბოლო შეხვედრაზე თითქმის ყველა პროვინციის წარმომადგენლებმა აღიარეს ქალთა და ბავშვთა შორის ნარკომანიის არსებობა: [ნაფიზას ხმა] "უნდა დავადგინოთ ნარკომანების რაოდენობა და მივაგნოთ ამ პრობლემის მოგვარების გზებს. პროვინციების წარმომადგენლები ჩვენთან თავიანთი საანგარიშო მოხსენებებით ჩამოდიან. ყველა უნდა შევისწავლოთ და დასკვნები გამოვიტანოთ. ამ საკითხზე მომავალ შეხვედრაზე, სექტემბერში ვიმსჯელებთ. გვინდა კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება".

ასეთი შინაარსის კომენტარით, ალბათ, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი შეიძლება გამოვიდეს - რომ საჭიროა პრობლემის შესწავლა და მისი მოგვარების გზების გამონახვა, საჭიროა მსჯელობის გაგრძელება და დასკვნების გამოტანა. არადა, ნარკოტიკების საკითხში ავღანეთი მსოფლიოს ყველა დანარჩენი ქვეყნისაგან განსხვავდება - მის ტერიტორიაზე მოჰყავთ მსოფლიოში ოპიუმის ყაყაჩოს 76 პროცენტი. ასე, რომ იქ ნარკოტიკები ადვილი საშოვნელიც არის და იაფიც. ასეთ პირობებში ნარკომანიასთან ბრძოლა, ძნელი დასაჯერებელია, წარმატებული გამოდგეს.
XS
SM
MD
LG