Accessibility links

logo-print

საქართველოს პოლიცია სათამაშო ბიზნესს დაერია


საქართველოს ხელისუფლება ბიუჯეტში წარმოქმნილი დეფიციტის აღმოფხვრას ე.წ. სათამაშო ბიზნესის სფეროში დამალული შემოსავლების გამოვლენით იწყებს.

სამშაბათს გვიან ღამით, დიდი რაოდენობის თანხების გადაუხდელობისა და სამეწარმეო კანონის დარღვევის ბრალდებით, პოლიციის თანამშრომლებმა ტოტალიზატორების უმსხვილესი ქსელის, "კროკოს", გენერალური დირექტორი დიმიტრი აბესაძე დააკავეს. ამ ცნობამ თბილისში განლაგებულ ბუკმეკერულ ორგანიზაციებში დიდი აურზაური გამოიწვია.


საქართველოს ხელისუფლებამ 140 მილიონი ლარით გარღვეული ბიუჯეტის შესავსებად ორი კვირის წინ სამართალდამცველი უწყებების სრული მობილიზაცია გამოაცხადა.
"ნავთობპროდუქტების იმპორტ-ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზების სფეროში კანონიერების განმტკიცების, კონტრაბანდისა და ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო იწყებს საგანგებო ოპერატიული გეგმის(სკოგ) განხორციელებას,"-იუწყება უშიშროების სამინისტროს ვებ-გვერდი. თუმცა ჯერჯერობით "სკოგის" მახეში არც ერთი მსხვილი კონტაბანდისტი არ გაბმულა.
უშიშროებელი კოლეგებისგან განსხვავებით, დასწრებაზე იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და 30 ივლისს საზოგადოებას მრავალკვირიანი საგამოძიებო მუშაობის შედეგი წარუდგინა. თბილისის პოლიციის კორუფციასა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის პოლკოვნიკ მერაბ მელუას ინფორმაციით, მათ დააკავეს ტოტალიზატორების უმსხვილესი ქსელის "კროკოს" დირექტორი, როგორც ეჭვმიტანილი.
[მერაბ მელუას ხმა] "გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის მიმოქცევის წესების დარღვევა და, ასევე, აღმოჩნდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ნიშნები."
ხოლო საბუღალტრო რევიზიის შედეგად, ტოტალიზატორ "კროკოს" ბიუჯეტის სასარგებლოდ 450 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, საურავების დანარიცხებითურთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს სათამაშო ბიზნესში აღმოჩენილი ყველაზე დიდი ფინანსური დანაშაულია და ამით იწყება ფართომასშტაბიანი ბრძოლა სამეწარმეო საქმიანობის ამ სფეროში ფეხმოკიდებული კორუფციის წინაააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციამ თავდაპირველად დიდად შეაშფოთა ქართველი ე.წ. ბუკმეკერები და ისინი მთელი დღის განმავლობაში ემოციურად ლაპარაკობდნენ ამ ფაქტზე, თუმცა ყველაზე მეტად საკუთარი ფსონების ბედი აინტერესებდათ.
[ერთ-ერთი ბუკმეკერის ხმა] "პირველი ჩემი აღშფოთება, რომ მივალ და პრობლემები მექნება ფულის აღების პროცესში. მაგრამ ძმაკაცი გავიდა "კროკოში"; დამირეკა, ღია არისო; მივედი და ავიღე ფული."[სტილი დაცულია]

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წაყენებულ ბრალდებებს დაუსაბუთებელს უწოდებს "კროკოს" ადვოკატი გიორგი გვარამაძე და დამოუკიდებელი ექპსერტიზის ჩატარებას ითხოვს.
[გიორგი გვარამაძის ხმა] "ალბათ, ამ ფაქტზე განმეორებით ექსპერტიზას მოვითხოვთ. მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით ბრალდების წარდგენას. ანუ, როცა იქნება გამოტანილი დადგენილება დიმიტრი აბესაძის, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიცემის შესახებ."
აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი "კროკოს" სკანდალთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ოთხშაბათს არაერთხელ გაიმეორეს, ასეთი გაქანების კორუფციული დანაშაული არ ხდება ე.წ. "კრიშების" გარეშეო. მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგა, გავლენიან მფარველთა გვარის დასახელებისგან პოლიციის მაღალჩინოსნებმა, "გარკვეული მოსაზრებების გამო", კვლავ თავი შეიკავეს.
XS
SM
MD
LG