Accessibility links

მთავრობის სხდომაზე პენსიონერთა მიმდინარე და გაყინული დავალიანებების დაფარვის ახალი ვადები განისაზღვრა


30 ივნისის მთავრობის სხდომის ძირითადი საკითხი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაში შექმნილი პრობლემები იყო.

ობიექტური რეალობის გარდა, ამ საკითხის წინ წამოწევა სუბიექტურმა მიზეზებმაც განაპირობა, კერძოდ კი, ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულმა ხანგრძლივმა შიმშილობის აქციამ, რომელიც პრაქტიკული შედეგით დასრულდა: ქუთაისსა და სამტრედიაში უკვე დაიწყო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, ანუ ე.წ. გაყინული პენსიების დავალიანების დაფარვა. ქუთაისში სოცუზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის კუთვნილი ხარჯებიდან 245 000 ლარი გადაირიცხა, სამტრედიაში კი - 147 000. ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებას ზეიმობს, მთავრობა კი იძულებით კომპრომისს მაინც არ აღიარებს - მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ, მაგალითად, ბრძანა, რომ საპენსიო დავალიანებების გაცემა, უბრალოდ, დაემთხვა შიმშილობის აქციას. აქვე მან კიდევ ერთი უპრეცედენტო, წამგებიანი განცხადება გააკეთა და მოსამართლეებს გაყინულ პენსიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების გამოტანა აუკრძალა.

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივითა და აქტიური ხელშეწყობით, სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდს ერთდროულად 12 000 პენსიონერმა უჩივლა. მიმდინარე წლის 21 აპრილიდან მოყოლებული, სასამართლო პროცესები გაიმართა: სამტრედიაში, ქუთაისში, რუსთავში, საგარეჯოში, გურჯაანსა და გორში. სასამართლოებმა ყველგან დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვის გადაწყვეტილება გამოიტანეს, მაგრამ სოცუზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის შემგებებელი სარჩელების შემდეგ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერეს. ქუთაისის საქალაქო და საოლქო სასამართლოებმა სამტრედიასა და ქუთაისში აღსრულება გააუქმეს კიდეც, მაგრამ შიმშილობის აქციის ულტიმატუმმა ყველა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მათ შორის, მთავრობა და პრეზიდენტი - ხელისუფლება, ერთი მხრივ, აღნიშნული სასამართლოების კანონიერი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, ქუთაისსა და სამტრედიაში პენსიების დარიგებას იწყებს, მეორე მხრივ კი, აფრთხილებს სასამართლოებს, რომ პენსიების თემას ტაბუ დაადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მთავრობის სხდომაზე ითქვა, მოსამართლეებს პრეზიდენტი ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებში უჩივლებს. ეს უკიდურეს შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის პირადი ზარი არ გაჭრის. " იმის გამო, რომ მოსამართლეები ჩემი დანიშნულია, მორალური უფლება მაქვს, პენსიების საქმეებთან დაკავშირებით მათ პირადად დავუკავშირდე,"-განაცხადა მთავრობის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ. როგორც ჩანს, იგი ამ არაპირდაპირი მუქარით ცდილობს ქუთაისისა და სამტრედიის პრეცედენტების განმეორების თავიდან აცილებას. არადა, ნაციონალური მოძრაობა, დღევანდელი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. ეგრეთ წოდებული საპენსიო რევოლუცია, მათი ინიციატივით, შესაძლოა, სრულიად საქართველოს მოედოს. თუმცა ყურადღების ცენტრში, ალბათ, ახლა უკვე პრეზიდენტის მიერ დაშინებული სასამართლოები მოექცევიან. არადა, არათუ სხვაგან, თავად სოცუზრუნველყოფის სახლმწიფო ფონდშიც კი აღიარებენ, რომ პრეზიდენტს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევის არანაირი უფლება არა აქვს, მათ შორის, არც მორალური.
გაყინულ პენსიებად ცნობილი დავალიანების საერთო მოცულობა 89 მილიონ ლარს შეადგენს. მათგან მიმდინარე წლის ბიუჯეტში პენსიონერთა სპეციალური კატეგორიებისათვის 14 მილიონი ლარი ჩაიდო. დღემდე ფონდს ეს თანხა მიღებული არ ჰქონდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ქუთაისსა და სამტრედიაში შიმშილობის აქციის შემდეგ ნაღდი ფული სწორედ ამ სახსრებიდან გადაირიცხა. შესაბამისად, ზოგადად პენსიონერთათვის არცთუ ხელწამოსაკრავი თანხები მოაკლდა სწორედ აღნიშნულ 14 მილიონს, ანუ მოხდა ის, რასაც ყველაზე მეტად უფრთხოდნენ სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდში: დაიხარჯა ფონდის სახსრები და, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პენსიონერების ერთმა ნაწილმა მოიგო იმ პენსიონერთა დაზარალების ხარჯზე, რომლებიც შედარებით აპოლიტიკურნი აღმოჩნდნენ და არ იჩივლეს. ასეთ ფონზე კიდევ უფრო სათუო ხდება მიმდინარე და გაყინული პენსიების დასაფარად მთავრობის სხდომაზე გამოცხადებული ახალი გრაფიკის შესრულება. ამ გრაფიკით, მიმდინარე წლის საპენსიო ვალები 1 ოქტომბრისთვის უნდა დაიფაროს, გაყინული პენსიების გაცემა კი მხოლოდ 2004 წლის 1 იანვრიდან უნდა დაიწყოს. ამისათვის კი ფინანსთა სამინისტრომ სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტში ამ ხარჯებისათვის ყოველწლიურად 30 მილიონი ლარი უნდა გაითვალისწინოს.
XS
SM
MD
LG