Accessibility links

logo-print

რატომ უნდა პარლამენტს ცილისწამებაზე სასჯელის გამკაცრება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რადიო "თავისუფლების" მსმენელმა უკვე იცის, რომ პარლამენტმა მეორე წაკითხვით მოისმინა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტი,

რომელიც ცილისწამებისა და შეურაცხყოფისათვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. თუ აქამდე, ცილისწამების დადასტურების შემთხვევაში, მასმედიის წარმომადგენელი ჯარიმდებოდა, ამ ცვლილებების მიღების შემდეგ ჟურნალიტს დატუსაღების ან პატიმრობის სასჯელიც ელის. რატომ უნდა პარლამენტს ცილისწამებაზე სასჯელის გამკაცრება?

ჩვეულებრივ, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მედიის გულის მოგებას ცდილობს. აქამდე საქართველოშიც ასე ხდებოდა, მაგრამ არა ახლა, 2 ნოემბრის არჩევნების წინ, როცა პარლამენტმა პირველი წაკითხვით მიიღო და მეორე წაკითხვით მოისმინა პროექტი " საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ. ამ ცვლილებით, მკაცრდება სასჯელი ცილისწამებისთვის და შემოდის შეურაცხყოფის დეფინიცია, რაც ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით დასჯად დანაშაულად კანონდება.
საქართველოს მასმედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით ჯერ კიდევ ამ ერთი კვირის წინ მიმართეს. წერილში აღნიშნული პროექტი შეფასებულია სიტყვისა და პრესის თავისუფლებაზე იერიშის მიტანის მორიგ მცდელობად; წერილის ავტორთა აზრით, ის კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს პარლამენტში იმ რევანშისტული ძალების გააქტიურებაზე, რომლებიც უკვე რეალურ საფრთხეს უქმნიან ქართულ მედიას და, შესაბამისად, დემოკრატიულ პროცესებს. კანონპროექტს უარყოფითად აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტიც, რომლის დასკვნაში ნათქვამია, რომ "ცილისწამებისა და შეურაცხყოფის კრიმინალიზაცია სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის უფლების არაპირდაპირი აკრძალვაა, რაც დღევანდელ პირობებში გააძნელებს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას."
30 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარესთან მესამე სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლების შეხვედრისას კანონპროექტის ინიციატორი რევაზ არველაძე ამტკიცებდა, რომ პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მიმართული არ არის ჟურნალისტებისა და სიტყვის თვისუფლების წინააღმდეგ. მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები კი შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტმა მშვიდად მიიღო პროექტი პირველი წაკითხვით. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის განმარტებით, პროექტი კენჭისყრაზე მაშინ დადგა, როცა საპარლამენტო ოპოზიცია პროტესტის ნიშნად სხდომებს ბოიკოტს უცხადებდა. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტარებმა ისე დაუჭირეს მხარი პროექტს, რომ იგი წაკითხულიც არ ჰქონდათ.
საბოლოოდ, რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ თუმცა, მისი რწმენით, კანონპროექტი საფრთხეს არ უქმნის მედიას, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კენჭისყრაზე აღარ დააყენებს ამ პროექტს.
და მაინც, რატომ უნდოდა პარლამენტს სასჯელის გამკაცრება? - თავისუფლების ინსტიტუტის წევრის გიგა ბოკერიას აზრით:
[ გიგა ბოკერიას ხმა] " მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ გაუცხოებულია ამ ღირებულებებისგან. და ეს მხოლოდ სახელისუფლებო ფრაქციებს არ ეხება. უბრალოდ, განსხვავებით სახელისუფლებო ფრაქციებისგან, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი საშუალება მათთან "ვაჭრობის." მათ ჩვენ შეგვიძლია ძვირად დავუსვათ ეს გულგრილობა - უფრო ძვირად, ვიდრე სახელისუფლებო ფრაქციებს - და ეს უნდა გამოვიყენოთ."
ინტერვიუს თავისუფლების ინსტიტუტის წევრ გიგა ბოკერიასთან რადიო "თავისუფლების" ხუთშაბათის საღამოს პროგრამაში შემოგთავაზებთ.
XS
SM
MD
LG