Accessibility links

ეროვნული მემკვიდრეობის დაცვა წინასაარჩევნოდ


თურქეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვიზიტის პროგრამაში შევიდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების მონახულება.

არჩევნების წინ ჩვენი პოლიტიკოსები ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლებით დაინტერესდნენ. ამ ძეგლების გადარჩენის ფული სახელმწიფოს კვლავაც არა აქვს. არსებობს უფრო სერიოზული პრობლემაც, რომლის გადაწყვეტა ახლო მომავალში ნამდვილად ვერ მოხერხდება.

გასულ კვირას თბილისის ოპერის თეატრში თურქეთის მოქალაქეებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს. თუმცა თავად მომღერლები ამ სიმღერებს "ლაზურს" და არა "ქართულს" უწოდებენ... თურქეთ-საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობის მიუხედავად, თურქეთში კვლავაც ერიდებიან ლაზური კულტურის გააზრებას ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად... დელიკატურ თემადაა მიჩნეული თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ქართულ ტაძრებზე მსჯელობაც კი. ამიტომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ტაო-კლარჯეთში, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე კახა ტრაპაიძესთან ერთად, ჯერჯერობით მხოლოდ ფრთხილი ნაბიჯია, ეროვნული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების გადასარჩენად გადადგმული. გადაუწყვეტელი რჩება კიდევ ერთი პრობლემა - დავით გარეჯის მონასტერი. აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარი ამ რაიონში, ფაქტობრივად, დაუდგენელია. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე პრობლემის გამწვავებისგან თავს იკავებს...თუმცა დღემდე სავალალო მდგომარეობაში იყო მონასტრის ის მხარეც, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. აღდგენითი სამუშაოები აქ სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდმა - გადაიხურა სენაკები, განახლდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, საგუშაგო, კარიბჭე. ამჟამად დაიწყო რესტავრაციის მეორე ეტაპი, რომელიც შიდა სამუშაოებს ითვალისწინებს.

გასულ კვირას ახლად დაარსებული ორგანიზაციის, "ქართული ინსტიტუტის", ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ, საზოგადოებას უბისის სახელგანთქმული ფრესკების განადგურების საშიშროება აცნობა. "ქართულმა ინსტიტუტმა" სტუდენტთა 50-კაციანი ჯგუფი გაიყვანა სამცხე-ჯავახეთში, რათა ახალგაზრდები თავად დარწმუნებულიყვნენ ქართული ძეგლების უმძიმეს მდგომარეობაში. ეს აქცია "ახალმა მემარჯვენეებმა" დააფინანსეს.

სკეპტიკოსები ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების, მასთან დაახლოებული ბიზნესმენებისა თუ პოლიტიკური პარტიების დაინტერესება ქართული კულტურის მატერიალური ძეგლებით - "წინასაარჩევნო ტრიუკია", რომელიც არჩევნების შემდეგ აღარ განმეორდება თუნდაც იმიტომ, რომ ეროვნული მემკვიდრეობის გადარჩენას არც პატარკაციშვილის ფული ეყოფა და არც შეძლებული პოლიტიკური პარტიების თანხები. მაგრამ არჩევნებამდე კიდევ 3 თვე რჩება... თუ ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ძეგლის გადარჩენა მაინც მოხერხდა, დაე ამ აქციებს "ტრიუკი" ეწოდოს... ბოლოს და ბოლოს, "კარგი ტრიუკიც" ხომ არსებობს.
XS
SM
MD
LG