Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი და საქართველოში არჩევნების ჩატარების ბეიკერისეული ვარიანტი. ვინ მოისურვა ამ ვარიანტის ჩავარდნა


ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით შეტანილი ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღებისთვის მსჯელობა დაიწყო ცვლილებების ყველაზე საინტერესო იმ ნაწილის განხილვით,

რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს უკავშირდება. ეგრეთ წოდებული ბეიკერის ვარიანტის მიხედვით, ეს არის 5 პლუს 9 პლუს 1 ვარიანტი, ოპოზიციისთვის განკუთვნილი 9 ადგილის პარიტეტის წესით განაწილების პრინციპით. ეს რომ ასეა, სიახლე არავისთვის არაა, თუმცა მეორე მოსმენისას ბევრმა დეპუტატმა ითხოვა ბეიკერის ვარიანტის განმარტება. იქვე წარმოდგენილ იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საქმეში ოპოზიციის კუთვნილი ადგილების გადანაწილების ალტერნატიული ვარიანტი, რომელმაც საარჩეევნო კანონმდებლობის დროულად მიღებისათვის მიღწეული შეთანხმება თავდაყირა დააყენა. ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტი ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდებას სწრაფად მიაღწიოს კონსენსუსს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.


30 ივლისს, მაშინ როცა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია
საარჩევნო კოდექსში ერთი კვირის წინ პირველი მოსმენით შეტანილი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვას შეუდგა, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მეგობარმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით დაინტერესება და საქართველოს პარლამენტს მოუწოდა მიაღწიოს კონსენსუსს არჩევნების ჩატარების ახალ წესთან დაკავშირებით. თითქოსდა, ამ მოწოდების გამოხმაურება იყო საპარლამენტო ფრაქციების შეთანხმება - 30 ივლისს მაქსიმუმი გაკეთებულიყო საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების მეორე მოსმენით მისაღებად, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს შეთანხმება სხდომის დაწყების შემდეგ მალევე დაივიწყეს. როცა საქმე პოლიტიკური ძალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ახალი წესისა და პრინციპების მეორე მოსმენით კენჭისყრაზე მიდგა, აშკარა გახდა, რომ პარლამენტში თავმოყრილი ძალების ნაწილისთვის მთავარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მისთვის სასურველი და მისაღები წესი იყო და არა ის პასუხისმგებლობა, რომელიც საქართველოს უმაღლესმა ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლების წინაშე აიღო. ამ ვალდებულებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა 2 აგვისტომდე უნდა ამოიწუროს. 30 ივლისს კი ისევე, როგორც 29 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო საქმის წინ წაწევა. დღის პირველი ნახევარი დაეთმო იმის გარკვევას, თუ რაში მდგომარეობს ცეტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ბეიკერისეული ვარიანტი, რომლის მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 5 წევრს ნიშნავს ხელისუფლება, 9-ს - ოპოზიცია პარიტეტის წესით, თავმჯდომარეს კი - ეუთო. დღის მეორე ნახევარში ვითარება პარლამენტში მეორე სადავო საკითხმა დაძაბა - ფრაქცია "21-ე საუკუნის" სახელით ბეიკერისეული ვარიანტის ალტერნატიული ვარიანტის შემოტანამ და კენჭისყრაზე მისი დაყენების მოთხოვნამ. ამ ვარიანტის მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციისთვის განკუთვნილი 9 ადგილი უნდა გადანაწილდეს ასე: 3 წევრი დანიშნოს 1999 წლის არჩევნებში მეორე ადგილზე გასულმა "აღორძინებამ", 2 - "მრეწველებმა", დანარჩენი 4 კი - 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიებმა. ამ ვარიანტის კენჭისყრაზე დაყენების მოთხოვნას, რასაც ოპოზიციური ფრაქციები უკანონო მოთხოვნად მიიჩნევდნენ იმის გამო, რომ ალტერნატიული ვარიანტი პირევლი მოსმენის დროს უნდა წარმოედგინათ, აქტიურად დაუჭირეს მხარი ცენტრისა და აჭარის სახელისუფლებო ფრაქციებმა და "მრეწველებმა". მათი ოპონენტების მხრიდან ბევრჯერ აღინიშნა, რომ ეს მხარდაჭერა რეალურად არა ფრაქცია "21-ე საუკუნის" ვარიანტის, არამედ ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარის ვიტალი ხაზარაძის მიერ დამუშავებული და ეგრეთ წოდებული ბეიკერის ვარიანტის წინააღმდეგ შემუშავებული მოდელის მხარდაჭერა იყო პრორუსული ძალების მხრიდან. დავა იმაზე, უნდა დამდგარიყო თუ არა კენჭისყრაზე ეს მოდელი, შორს წავიდა და ბეიკერის ვარიანტი ჩავარდნის სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა. ოპოზიციის სახელით, "გაერთიანებული დემოკრატების " ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ საქმეში პრეზიდენტის უშუალო ჩარევა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG