Accessibility links

logo-print

2003 წელს საქართველოს სავაჭრო ბალანსი კიდევ უფრო გაუარესდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ბოლო პერიოდში საქართველოს სავაჭრო ბალანსი ყოველწლიურად უარესდება. ქვეყანა იმპორტირებულ საქონელსა და ნედლეულზეა დამოკიდებული

და მისი საექსპორტო პოტენციალი მცირეა. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა გასული 6 თვის განმავლობაში. დღეისათვის საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო 282 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 598 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან იმპორტზე 440 მილიონი დოლარი, ხოლო ექსპორტზე მხოლოდ 159 მილიონი მოდის. შესაბამისად, ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გასულ 6 თვეში 282 აშშ დოლარია.

მსოფლიოში ბევრ ქვეყანას სწორედ უარყოფითი სავაჭრო სალდო ახასიათებს და საქართველოს შემთხვევაში საგანგაშო თითქოს არაფერი უნდა იყოს, მაგრამ ის, რომ ქვეყანაში მსოფლიო ბაზრებისათვის კონკურენტუნარიანი პროდუქცია არ იწარმოება და იმ მინიმალურ ექსპორტშიც, რასაც ქვეყანა ჯერ კიდევ ახერხებს, ძირითადი წილი ნედლეულს უკავია, უკვე იძლევა შეშფოთების საფუძველს. უარყოფითი სალდო ნეგატიურად მოქმედებს მთლიანად ეკონომიკაზე. ამასთან, საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში კონტრაბანდას დიდი წილი უჭირავს, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ადგილობრივ წარმოებას, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტს კოლოსალურ თანხებს აკარგვინებს. გარდა ამისა, იმპორტის სიჭარბის პერიოდში ქვეყნიდან, როგორც წესი, მყარი ვალუტა გაედინება და ამით ჩვენ ირიბად სხვა სახელმწიფოების მწარმოებლებს ვაფინანსებთ.

განვლილი 6 თვის განმავლობაში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა 80 პარტნიორ ქვეყანასთან, მათთან სავაჭრო დეფიციტმა 302 მილიონი დოლარი შეადგინა. შედარებისათვის: გასული წლის განმავლობაში დეფიციტი პარტნიორებთან 219 მილიონის დონეზე იყო, ხოლო იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთა მიმართაც გვქონდა ამგვარი ბალანსი, 79-ს შეადგენდა. ამ ფონზე დადებითი სავაჭრო ბალანსი გამოვლინდა მხოლოდ 26 ქვეყანასთან და დადებითმა სალდომ სულ რაღაც 20 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2003 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ შეცვლილა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეული, რომელსაც, წინა პერიოდის მსგავსად, რუსეთი უდგას სათავეში. ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე სავაჭრო ურთიერთობების 17 პროცენტი მოდის. 13,5 პროცენტით მეორე ადგილზე გადაინაცვლა ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ, ხოლო ტრადიციული პარტნიორის, თურქეთის, წილად 12,5 პროცენტი მოდის. საქართველოს ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა ასევე აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, გერმანიასთან, სომხეთსა და საფრანგეთთან.

სულ ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი ბრუნვის 77,9 პროცენტი მოდის.

დიდი ცვლილება არ განუცდია იმპორტ-ექსპორტის სასაქონლო სტრუქტურას. ბაქო -თბილისი-ჯეიჰანის პროექტის რეალიზაციის გამო იმპორტში მკვეთრად გაიზარდა მილებისა და მილაკების ოდენობა და იგი სასაქონლო ჯგუფს სათავეში მოექცა. რაც შეეხება ექსპორტს, ამ პოზიციაზე კვლავინდებურად შავი ლითონის ჯართი ლიდერობს, რომლის მოცულობამ წელს კიდევ უფრო იმატა.
XS
SM
MD
LG